პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, მმართველი გუნდის წევრები აშშ-ის სენატორის ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე გაემგზავრებიან.

"მაკკეინი ჩვენი ქვეყნისთვის გახლავთ, მართლაც რომ, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი, რომელსაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის. განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ერი ამას არასდროს დაივიწყებს".

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 25 აგვისტოს გარდაიცვალა. 2017 წელს მაკკეინის აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მისმა ოჯახმა განცხადა, რომ სენატორი მკურნალობას წყვეტდა.

მაკკეინი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ინტერესებს იცავდა. 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორი მაკკეინი წმინდა გიორგის ორდენით, 2010 წლის იანვარში კი ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა, იმ თანადგომისთვის, რომელიც მან საქართველოს რუსეთთან ომის დროს აღმოუჩინა.

ამავე თემაზე: