რისთვის სჭირდება საქართველოს დიდი ჰესები
გაიგეთ, რატომ მიიჩნევს სპეციალისტთა ნაწილი საქართველოს ეკონომიკისთვის აუცილებლად დიდი ჰესების აშენებას. ინტერვიუ ინჟინერიის დოქტორთან, ლეონტინა გალდავასთან, რომელიც საპარტნიორო ფონდში უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე მუშაობს.
რატომ აქვს საქართველოს ენერგეტიკას განახლებადი რესურსებიდან ძირითად მიმართულებად ჰიდროელექტროსადგურების აშენება არჩეული მაშინ, როდესაც დასავლეთის უამრავი ქვეყანა უკვე წლებია ცდილობს, მთლიანად ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროების გამოყენებაზე გადასვლას? თუნდაც, გერმანიის მაგალითიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ.
ქვეყნები განსხვავდება არა მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარების წყაროებით, არამედ ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობით, გეოგრაფიული განლაგებით, ბუნებრივი რესურსებით და სხვა ფაქტორებით.
ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების განვითარების პერსპექტივა საკმაოდ რეალურია. თუმცა, ქარის ელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების შედარება არარაციონალურად მიმაჩნია.
ქვეყნის მასშტაბით წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა უნდა აკმაყოფილებდეს ელექტროენერგიის მოხმარებას და ხელს უწყობდეს ეკონომიკურ ზრდას. როგორც თქვენთვის ცნობილია, მშპ-სა და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ურთიერთდაკავშირებულია. კვლევების თანახმად, მშპ-ს და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ურთიერთდამოკიდებულება შენარჩუნდება, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში დროთა განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მაჩვენებელი ნელ-ნელა კლების ტენდენციისკენ იხრება.
განვიხილოთ აშშ-ს მაგალითი: 1950, 1960 და 1970-იან წლებში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდებოდა 5 და მეტი პროცენტით. შემდგომ 1980 და 1990 წლებში შემცირდა 2-3%-მდე, ხოლო ბოლო ათწლეულში შემცირდა 1%-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე. შემდეგი 3 ათწლეულის განმავლობაში მოსალოდნელია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, თუმცა ზრდის მაჩვენებელი აღარ იქნება მაღალი რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის: შემცირდება მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, გაუმჯობესდება დანადგარების ეფექტიანობა, მოხდება ძირითადი ბაზრის დაკმაყოფილება, ასევე სტანდარტების და ტექნოლოგიების ცვლილება.
მოდით, შევადაროთ საქართველო ევროპას და სხვა ქვეყნებს ელექტროენერგიის ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების და მშპ-ის მიხედვით. გერმანიასთან შედარებამ უკვე ტენდენციური სახე მიიღო. მაგრამ ვინაიდან კითხვა კონკრეტულად გერმანიაზე აკეთებს აქცენტს, პირველი ორი განვიხილოთ - საქართველო და გერმანია. მოცემულ ცხრილში გამოყენებულია მსოფლიო ბანკის მონაცემები, 2000-2013 წლების გასაშუალოებული ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლები (განზომილება კვტ.სთ).
2013 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 2459,75 კვტ.სთ, გერმანიაში ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა 1968 წელს და ინფორმაციისთვის, იმავე დროს შვეიცარიაში ამ მაჩვენებელმა მიაღწია - 3852,19, დიდ ბრიტანეთში - 3762,59 და ისლანდიაში - 2992,73. დღეს კი გერმანიის ანალოგიური მაჩვენებელი თითქმის 3-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს საქართველოში. საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვებია და აშკარად მიგვანიშნებს, რომ საქართველოში ენერგოობიექტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
ამასთან, თბოელექტროსადგურს, ატომურ ელექტროსადგურს და წყალსაცავიან ჰესს შეუძლია ელექტროენერგიის გამომუშავება დაგეგმილ რეჟიმში. მოცემული ტიპების სადგურის სიმძლავრე ექვემდებარება რეგულირებას და შესაძლებელია მათი მიბმა ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკზე მაშინ, როდესაც ქარის და მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაგეგმვა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მზის ბატარეების ინდივიდუალურ მოხმარებას და ა.შ.
ზოგადად, ქვეყნის ენერგობალანსი არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ქვეყნის ენერგობალანსში ძირითადი გენერირების ობიექტები არის თბოელექტროსადგურები, ატომური ელექტროსადგურები და დიდი ჰესები, რადგან სწორედ ისინი უწყობენ ხელს ქვეყნის ენერგეტიკულ მდგრადობას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება თბოელექტროსადგურებს, ჰესებს, ქარზე და მზეზე მომუშავე სადგურებს შორის.
ენერგოსისტემაში საბაზისო ელექტროენერგია შეიქმნება იმ სიმძლავრეებით, რომლებიც სისტემაში შესვლა/სისტემიდან გამოსვლა და გამომუშავება შეიძლება დაიგეგმოს.
ცნობილი ფაქტია, რომ ქარის ენერგია ცვალებადია და არ არის მისაღები საბაზისო სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ქარის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა მიბმული ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები ანუ კვლავაც ჰესი.
დამატებით ალბათ მომავალში სხვა ტიპის ელექტრობატარეების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ტექნოლოგიების განვითარების იმედი, რომ განვითარდება ტექნოლოგიები და შევძლებთ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის შენახვას.
მაგალითისთვის, ავსტრალიაში არის გარკვეული წინააღმდეგობა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ, რადგან არასტაბილური გამომუშავება იწვევს ელექტროენერგიის გათიშვებს.
ზემოთ მოყვანილი ფაქტები არ ეწინააღმდეგება იმ იდეას, რომ ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა საქართველოში მიზანშეწონილია და ისინი თავის ადგილს დაიკავებენ ენერგოსისტემაში.
გერმანიაში, კერძოდ შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეს, ელექტროენერგიის 40% და დანიაში 49% წარმოებულია ქარის ელექტროსადგურებით. თუმცა, ყველასთვის ცნობილია ამ ორი ადგილის გეოგრაფიული განლაგება. შესაბამისად, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ მეტეოროლოგიური პირობები იქ ძალიან განსხვავდება საქართველოსგან. ჩრდილოეთის ზღვა და შავი ზღვაც განსხვავება განსხვავდება ერთმანეთისგან. მარტივად რომ ვთქვათ, „ქარიც სხვანაირი იქნება“, მისი ინტენსივობა და სხვა პარამეტრებიც. თითოეულმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ის რესურსი, რაც გააჩნია.
მსოფლიოში დღესდღეობით პროცენტულად კვლავაც ძალიან მცირეა ქარზე და მზეზე მომუშავე ელექტროსადგურები. განვითარებული ქვეყნები ცდილობენ ნელ-ნელა ჩაანაცვლონ ენერგოობიექტები განახლებადი ენერგიის წყაროებით. საქართველოსთვის კი დღეს ენერგოობიექტების მაქსიმალური განვითარებაა აუცილებელი.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოში არის ძველი ჰესები, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ საჭიროა არა ახალი ჰესების აშენება, არამედ ძველების გაწმენდა იმისთვის, რათა მათი სრულფასოვნად ამუშავება მოხერხდეს. რამდენად რეალურია აღნიშნული ჰესებიდან იმავე რაოდენობის ენერგიის წარმოება, რამდენსაც საქართველო ახალი, დიდი ჰესებით გეგმავს?
2015 წლის მონაცემებით საქართველოს წლიურმა გამომუშავებამ შეადგინა 10833 მილიონი კვტ.სთ, ხოლო ელექტროენერგიის მოხმარებამ - 11292 მილიონი კვტ.სთ. რაზე მიგვანიშნებს ეს ფაქტი?! იმაზე, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, გვჭირდება ახალი ენერგოობიექტები. გარდა ამისა, მოსალოდნელია ელექტროენერგიის მოხმარების 3%-ანი ზრდა მომავალი წლების განმავლობაში. მოცემული ზრდა უნდა დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკურ განვითარებას რეალური დაბრკოლებები შეექმნება.
ცხრილში მოცემულია ბოლო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება-გამომუშავების გრაფიკი, საიდანაც ჩანს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტია.
ყველაზე მწვავე დეფიციტი ზამთრის თვეებშია, შესაბამისად, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაკმაყოფილება იმპორტით ხდება. ზაფხულის თვეებში წყალდიდობების დროს ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა არის დიდი, ხოლო ზამთარში წყალმცირობის შედეგად გამომუშავებაც იკლებს. ნახევარზე მეტი ელექტროენერგია საქართველოში იწარმოება ჰიდროელექტროსადგურებიდან.
მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის პირობებში, მხოლოდ ძველი ჰესების რეაბილიტაციით ვერ მოხერხდება ელექტროენერგიის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ეს არ იქნება საკმარისი, მომავლის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ნებისმიერი ენერგოობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაჩერება ავტომატურად ქმნის იმპორტის საჭიროებას.
მომავალი 15-20 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების და შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პირობებში, დაგვჭირდება დაახლოებით 2-ჯერ მეტი ელექტროენერგიის წარმოება, ვიდრე დღეს გაგვაჩნია და ამ შემთხვევაში ძველი ჰესების რეაბილიტაცია არ იქნება საკმარისი. ძველი ჰესების პერიოდული რეაბილიტაცია აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მათი რეაბილიტაცია არასაკმარისია.
რა ჯდება დაახლოებით ერთი ისეთი დიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, როგორიც ხუდონია და შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული წყაროებიდან იმავე რაოდენობის ენერგიის (ქარი, მზე) იმავე თანხებით წარმოება?
ხუდონის შედარება სხვა ალტერნატიულ პროექტებთან შეუძლებელია. ხუდონჰესის პროექტში გათვალისწინებულია წყალსაცავი, რომელიც ორიენტირებულია ზამთრის დეფიციტის შევსებაზე. წყალსაცავი ექვემდებარება რეგულირებას.
მისი სიმძლავრე შეადგენს 700 მგვტ-ს, მსოფლიოში უმსხვილესი მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე კი დაახლოებით 400-ს (Ivanpah Solar Power Facility). ხუდონჰესის ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 1,2 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო Ivanpah Solar Power Facility-ის სამშენებლო ღირებულება - 2,2 მილიარდ დოლარს. ხუდონის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი შეადგენს 5,2 კმ2, Ivanpah Solar Power Facility-ის მიერ დაკავებული ტერიტორია კი - 14 კმ2-ს.. მგონი, ყველაფერი ნათელია.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი - საქართველოს და მოჰავეს უდაბნოს (პროექტის განლაგების ადგილი) კლიმატური პირობები არის ძალიან განსხვავებული.
ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე, რომ ახალი ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგია მოსახლეობამდე არარეალურ ფასად მივა, რადგან თუ ამ ეტაპზე ენგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 1კვტ.სთ-ში 17 თეთრს ვიხდით, ხუდონჰესის მიერ წარმოებული იმავე რაოდენობის ენერგია ადგილზე 10,5 ცენტი, დაახლოებით 27 თეთრი ეღირება, მოსახლეობამდე მისული ფასი კი ამ რიცხვს საგრძნობლად აღემატება. რეალურად გაიზრდება თუ არა დიდი ჰესებიდან წარმოებული ენერგიის ფასი?
ტარიფის მიბმა მხოლოდ ენგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე არასწორია. ტარიფი განპირობებულია და მომავალშიც იქნება დამოკიდებული ახალ სიმძლავრეებზე, რომლებიც შემოვა სისტემაში. ტარიფი დამოკიდებულია გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე და, შესაბამისად, ტარიფი ხელს უნდა უწყობდეს ელექტროენერგიის ბაზრის არსებობას და შემდგომ განვითარებას. ტარიფი განპირობებულია ამ ბაზრის მდგომარეობით.
ხუდონის აშენების შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის თქვენს მიერ ხსენებული გაძვირების გათვლის მეთოდი ჩემთვის უცნობია.
გარდა ამისა, საუბრობენ შესაძლო რისკებზე, რომლებსაც დიდი ჰესების მშენებლობა იწვევს. კლიმატისა და ეკოსისტემის ცვლილება, ტერიტორიის დატბორვა, სვანეთის შემთხვევაში, უამრავი ოჯახის გადასახლება. ამ რისკებისა და შედეგების გათვალისწინებით, რამდენად სწორია აღნიშნული ჰესების აშენება?
ჩემთვის ცნობილი მონაცემების მიხედვით ხდება 190-მდე ოჯახის გადასახლება. ნებისმიერი ობიექტის მშენებლობა იწვევს გარემოზე ზეგავლენას. აქ უკვე არჩევანი დგება ქვეყნის განვითარებასა და არ განვითარებას შორის. თითოეული ობიექტის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა მოხდეს სათანადო კვლევების ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ჰესების მსგავსად, ქარის ელექტროსადგურებიც ხასიათდება დადებითი და უარყოფითი თვისებებით. დადებითი: წარმოადგენს განახლებად რესურსს, საქართველოში არსებობს რეალური პოტენციალი, ოპერირების დროს ხასიათდება დაბალი საექსპლუატაციო ხარჯებით.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს: 1. ქარის ენერგია ცვალებადია და არ არის მისაღები საბაზისო სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად. 2. ქარის ელექტროსადგურების უარყოფითი ზეგავლენა ძალზე საგრძნობია არამარტო ცხოველებზე და ფრინველებზე, არამედ მოსახლეობაზეც კი. ქარის ელექტროსადგურები გამოსცემს დაბალი სიხშირის ინფრაბგერებს, რაც ადამიანის ყურისთვის არააღქმადია, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იღუპება ძალიან ბევრი ფრინველი, განსაკუთრებით მიგრაციის პერიოდებში. პრობლემურია დაბალ სიმაღლეებზე მფრინავი აპარატებისთვის.
შეძლებს თუ არა საქართველო თავისი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ალტერნატიული წყაროებიდან იმდენი ენერგიის წარმოებას, რამდენსაც ჰესებიდან შეძლებდა?
ალტერნატიული ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების დადებით და უარყოფით მხარეებზე უკვე ვისაუბრეთ. შესაბამისად, მომავალში ახალი ენერგოობიექტების მშენებლობის დროს გარკვეულ ნაწილს დაიკავებს ალტერნატიული წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგია. თუმცა, მარეგულირებელი სადგურების ჩანაცვლება ვერ მოხდება.
ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე, რომ ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკა ცენტრალიზებულია და ბაზარზე რამდენიმე მონოპოლისტი კომპანიაა, ჩვენს ქვეყნაში ალტერნატიული წყაროებიდან ენერგიის წარმოება სწორედ იმიტომ არ ხდება, რომ ენერგეტიკის წარმოება აქ წმინდა ბიზნესად განიხილება. რამდენად გამართლებულია მათი ეს არგუმენტი?
ბევრ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო და კერძო ენერგოობიექტები. ამჟამად ვითარდება ის სექტორი, რომელიც კომერციულად უფრო მიმზიდველია. ქარის ან მზის ელექტროსადგურების მშენებლობა რომ იყოს ჰესების ან სხვა ტიპის ელექტროსადგურებზე უფრო იაფი და მიზანშეწონილი, მაშინ აშენდებოდა „ქარი და მზე“.
იმ პირობებში, როდესაც დღესდღეობით რიგი ქვეყნებისა აქცენტს არა იმდენად წარმოებულ ენერგიის რაოდენობაზე აკეთებენ, არამედ უფრო მეტად ენერგოეფექტურობაზე, რატომ ანიჭებს საქარველოს ენერგეტიკა ჰესების მშენებლობასა და მეტი ენერგიის წარმოებას უპირატესობას, როდესაც შეუძლია აქცენტი სწორედ ენერგოეფექტურობაზე გააკეთოს?
ეს აქცენტები ეხება რიგ განვითარებულ ქვეყნებს და ეს მნიშვნელოვანია. საქართველოს დღესდღეობით ეკონომიკური განვითარების სხვა ეტაპზეა.
კომენტარები