12 მაისს კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციიდან თითქმის 20 საათი გავიდა. არც ქალაქის მერს და არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.

თბილისის მერიაში On.ge-ს უთხრეს რომ არ აქვთ ინფორმაცია ისაუბრებს თუ არა კახა კალაძე 12 მაისის ღამის მოვლენებზე. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ როგორც კი რაიმე დაიგეგმება, გაასაჯაროვებენ.

12 მაისის პარლამენტთან დაგეგმილი აქცია 15 საათზე დაიწყო და ამ წუთამდე გრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას გეგმავენ.

აქციის ორგანიზატორები 12 მაისს თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნებია:

  • დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა;
  • გადადგეს შს მინისტრი;
  • დაისაჯოს 12 მაისის "შავი პარასკევის" ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი;
  • "მმართველ ძალაში ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს".

12 მაისს, შუაღამისას, სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში დილის 01:00-ზე შევიდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოიყვანეს და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს. შსს-ს განმარტებით, მათ კლუბის ტერიტორიაზე რვა ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დაპირისპირება იყო პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის კლუბ ბასიანთან და პარლამენტის წინ. ადმინისტრაციული წესით სამართალდამცავებმა 50-მდე ადამიანი დააკავეს. გამთენიისას კლუბებიდან გამოყვანილი ხალხი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა.