ParaShoot - პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის მოკლე ფილმების მარათონი იწყება
საქართველოს მასშტაბით მოკლე ფილმების მარათონი იწყება. მარათონი ParaShoot მიზნად ისახავს ორიგინალური ვიდეო კონტენტის შექმნის გზით აქტუალური სოციალური თემების გარშემო დისკუსიის გააქტიურებას, ასევე, კინო და ვიდეო ინდუსტრიაში ახალი სახეების აღმოჩენას. მონაწილეებს 72 საათი ექნებათ სოციალურ თემაზე მოკლე ფილმის გადასაღებად. მარათონის ინიციატორი და მხარდამჭერია აშშ-ს საელჩო.
რა არის ParaShoot?
"გონება პარაშუტივითაა, არ მუშაობს, თუ არ გახსენი" - ამ ცნობილ გამოთქმას ზოგი Frank Zappa-ს მიაწერს, ზოგი კი დალაი ლამას. თუმცა, ვინც უნდა იყოს ავტორი, მარათონის ორგანიზატორების ინსპირირება ნამდვილად მოახერხა. ParaShoot-ის მიზანი რაც შეიძლება მეტი გონების გახსნაა. მასში ჩართვა შეუძლიათ როგორც მოყვარულებს, ისე პროფესიონალებს, რომლებსაც აინტერესებთ კინო, ვიდეო, ვიზუალური თხრობა (Visual storytelling) და აქვთ ამბიცია, რომ მათი ნამუშევრის შედეგად სულ ცოტა ერთი პარაშუტი მაინც გაიხსნება.
"ფილმი ეს არის მედიუმი, რომელიც გაძლევს საშუალებას დაინახო, გაიგონო და იგრძნო ის, რასაც სხვა ხედავს, ესმის და გრძნობს. ParaShoot საშუალებას მისცემს ნებისმიერი გამოცდილებისა და უნარის მქონე კინემატოგრაფისტებს საქართველო უკეთეს ადგილად აქციონ. ეს იქნება ახალი ტალანტების აღმოჩენის შესაძლებლობაც", - ამბობს აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე, დემიან უემპლერი.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ მარათონში ჩაერთო?
მარათონში შეგიძლია ჩაერთო, თუ ხარ სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, VJ, ან უბრალოდ გაინტერესებს და მოგწონს ვიზუალური თხრობა. შეგიძლია შეკრა 2 ან 3 კაციანი გუნდი, ან, თუ შესაბამისი უნარები გაქვს, იმუშაო მარტომ. საკონკურსო ნამუშევრების გადაღება შესაძლებელია, როგორც პროფესიონალური აპარატურით, ისე მობილურით. გადაღებისთვის აუცილებელი აპარატურა (კამერა, შტატივი, განათება და სხვა) თავად უნდა გქონდეს. საჭიროების შემთხვევაში სამონტაჟოს უზრუნველყოფს ორგანიზატორი. მარათონი MEC | Multimedia Education Center -ში 31 მაისიდან 3 ივნისამდე ჩატარდება.
როგორ უნდა დარეგისტრირდე?
მარათონში ჩართვისთვის აუცილებელია, გაიარო რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - www.demlab.ge/Parashoot შეავსო ყველა ველი და ატვირთო შენი პორტფოლიო, რომელიც უნდა შეიცავდეს შენი და გუნდის წევრების ბიოგრაფიას, გამოცდილებას და მინიმუმ ორი ნამუშევრის ბმულს. რეგისტრაცია უკვე დაწყებული და მისი ბოლო ვადაა 18 მაისი, ღამის 12 საათი. შენს პორტფოლიოს შეაფასებს პროფესიონალების ჯგუფი. ფინალისთვის შეირჩევიან გუნდები როგორც მოყვარულებს, ისე პროფესიონალებს შორის.
როგორია მარათონის პროცესი?
შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში 31 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისში, მარათონის ფინალში მიიღებ მონაწილეობას. შენ, ან შენს გუნდს გექნებათ სრული 72 საათი იმისთვის, რომ დაგეგმოთ, გადაიღოთ და დაამონტაჟოთ მოკლე ფილმი წინასწარ განსაზღვრულ თემაზე. ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 7 წუთს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ფილმის თემას გაიგებთ მარათონის დაწყებამდე 24 საათით ადრე, ასევე, გექნებათ ერთი ან რამდენიმე შესასრულებლად აუცილებელი პირობა. თემაში უკეთ გარკვევასა და პირობების შესრულებაში კონსულტანტები და ასისტენტები დაგეხმარებიან.
თუ გაიმარჯვებ, შენ, ან შენი გუნდი პრიზის სახით მიიღებთ ფულად პრემიას, 3 000 ლარის ოდენობით, ასევე, გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად გადაეცემა MacBook pro ან Ipad Pro.
ვინ იქნება სპეციალური სტუმარი?
ParaShoot-ის ფარგლებში მარათონის მონაწილეთათვის მასტერკლასს გამართავს სოციალური აქტივისტი და კინემატოგრაფი ლინა სრივასტავა. ლინამ სოციალური ინოვაციის სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა მრავალი დოკუმენტური ფილმისთვის. მათ შორისაა ოსკარის მფლობელი Born into Brothels, ემიზე ნომინირებული The Devil Came on Horseback, ასევე ოსკარის მფლობელი Inocente და სანდენსის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი Who Is Dayani Cristal?
ParaShoot ამერიკის საელჩოს პროექტია და მას არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს. მარათონის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა, პროექტის პარტნიორები არიან: თიბისი ბანკი, ბაკურიანი, რედბული, On.ge, ლიბერალი, ჟურნალი Hello.
კომენტარები