პარიზის ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილ სალაჰ აბდესლამს ბელგიის სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აბდესლამი მკვლელობის მცდელობისთვისაა ბრალდებული ბელგიაში, კიდევ ერთ დაკავებულ, სოფიენ აიარისთან ერთად, რომელსაც ასევე 20 წელი მიუსაჯეს. მათ 2016 წელს, დაკავების სპეცოპერაციისას, ბელგიელ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიების ინფორმაციით, სალაჰ აბდესლამი ერთადერთი გადარჩენილი პირია იმ ისლამისტური დაჯგუფებიდან, რომელთა ტერორისტულმა აქტმა 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში 130 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ნოემბერში, პარიზის ტერაქტის დროს ბარებზე, რესტორნებსა და საკონცერტო დარბაზზე თავდასხმისას, 130 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

სალაჰ აბდესლამი ტერაქტიდან რამდენიმე თვეში ბრიუსელში დააკავეს და მისი საფრანგეთში ექსტრადირებიდან დღემდე, დუმილის უფლებით სარგებლობს. ის არც სასამართლო სხდომებს ესწრებოდა.

ის ახლა საფრანგეთშია დაპატიმრებული, სადაც პარიზის თავდასხმებთან დაკავშირებით გაასამართლებენ.

რა კავშირია ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებს შორის