ლეილა აბაშიძე - როგორ ჩაქრა ქართული კინოს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი
ლეილა აბაშიძეს უცხოური პრესა ჰოლივუდის მსახიობ მერი პიკფორდს ადარებდა. წერდნენ, რომ საბჭოთა კინოსამყაროს საკუთარი, აქამდე ჯერ არნახული ვარსკვლავი ჰყავდა. სილაღითა და ნიჭიერებით ის ნამდვილად ჰგავდა მერი პიკფორდს და რა უცნაური დამთხვევაა, რომ ლეილა 8 აპრილს, ზუსტად პიკფორდის დაბადების დღეს გარდაიცვალა.
სხვა ქართველი ქალი მსახიობებისგან განსხვავებით, ის წლები, რაც ლეილამ კინოში გაატარა ძალიან ნაყოფიერი იყო. ლეგენდარულმა მსახიობმა მოასწრო და გარდაისახა ბიჭად, ეკრანზე პირველად მოირგო შარვალი და მიუჯდა მანქანის საჭეს. ობოლმა გოგომ, მხოლოდ ბუნებით დაჯილდოებული მსახიობური ნიჭით გაიკვლია გზა, შექმნა განუმეორებელი როლები და კინემატოგრაფში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა.
ლეილა აბაშიძის მიერ განსახიერებული ქალები იყვნენ მიზანდასახულები, მებრძოლები და თავდაჯერებულები, რაც ერთგვარი ამოვარდნა იყო ცხოვრებისგან გატეხილი ქართველი ქალის სახიდან, რომელსაც ქართულ კინოში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. მას არ ეშინოდა კამერის წინ გამოჩენილიყო უშნო, თუმცა მეორე წამს შეეძლო ყოფილიყო ქალური და დახვეწილი.
გარდა ნიჭისა, ლეილა უზომოდ განათლებული და ჭკვიანი ქალი იყო, წერდა არაჩვეულებრივ სცენარებს და იმასაც კი ამბობდნენ, რომ მისგან შეუდარებელი მწერალი დადგებოდა, თუ ამ გზას აირჩევდა.
ხშირად სახელგანთქმული მსახიობები ერიდებიან როლის გამო ექსპერიმენტების ჩატარებას, თუმცა ლეილა არც ამას უშინდებოდა - გლეხი ქალის როლის უკეთ გასათავისებლად ფეხშიშველი მიდიოდა ყანაში სამუშაოდ, აბეზარას როლისთვის კი გადაღებებების დაწყებამდე ბენზინს იპკურებდა - ამბობდა, ასე თავი ნამდვილი მძღოლი მგონიაო.
თუმცა სამწუხაროდ, დიდი მსახიობების ცხოვრება ბევრი ტრაგიკული ამბით არის სავსე და არაპროგნოზირებადია. 1960-იანი წლების ბოლოს, როცა ლეილა აბაშიძე კარიერის ზენიტში იყო და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით იმ მსახიობების ხუთეულში შედიოდა, რომელთა ფილმებსაც 20 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა კინოთეატრში, ლეილა აბაშიძის კარიერა დასრულდა. აი, ასე, გადაწყვიტეს, რომ მისთვის როლები აღარ მიეცათ. მიზეზებზე ბევრი ვარაუდი გამოითქვა, იყო ბევრი ჭორიც. ლეილა აბაშიძის ეკრანიდან გაქრობას ზოგი ეპოქას უკავშირებს, სწორედ ამ პერიოდში "ვარსკვლავობაზე" აღარ იყო მოთხოვნა, გაჩნდა სხვა ტიპის კინო, რომელიც არა გამორჩეულზე, არამედ "ჩვეულებრივზე" ამახვილებდა ყურადღებას. თუმცა იყო ლეილას კინოდან გაუჩინარების სხვა ვერსიებიც, რომლებიც მსახიობის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლეილა ეკრანზე 1976 წელს, ნანა მჭედლიძის ფილმით “გასეირნება თბილისში” დაბრუნდა, რომლის შემდეგაც მხოლოდ რამდენიმე კინოსურათში მიიღო მონაწილეობა. მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა 1986 წელს ლანა ღოღობერიძის ფილმში “ორომტრიალი", რომლითაც ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზეც მოხვდა, თუმცა ამით მისი კინოკარიერა დასრულდა.
უნდა ითქვას ისიც, რომ ლეილას ეკრანიდან გაქრობა ძალიან განიცადა მიშა თუმანიშვილმა, რომელმაც სპეციალურად მისთვის სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა. ლეილა დადიოდა რეპეტიციებზე, ემზადებოდა, მაგრამ ეშინოდა, რომ მაყურებლის უწინდელ სიყვარულს ვეღარ იგრძნობდა. სამწუხაროდ, ამ შიშმა ლეილას, შეიძლება ითქვას, რომ მეორე შანსი გააშვებინა ხელიდან და სპექტაკლი ვერ შედგა. როგორც ჩანს, ხანგრძლივმა გაუჩინარებამ მსახიობს თვითრწმენაც შეურყია და დაავიწყა, რომ ერთ დროს თბილისში მეწაღიდან დაწყებული აფთიაქით დამთავრებული, ყველგან მისი ფოტოები იყო გამოფენილი.
“მქონდა ბედნიერება, გამეხმოვანებინა ფილმი მასთან ერთად. საოცარი ქალი იყო, ჩაცმა ისე, როგორც შენ გინდოდა, მაშინ შეუძლებელი იყო და ლეილა ამას მაინც ახერხებდა, თანაც დროს უსწრებდა, გარდა ამისა, საკუთარი ხელით აკეთებდა ყველაფერს. ხანდახან მის ასეთ სტილს ირონიულად უყურებდნენ, მაგრამ ლეილამ თავისი ხატი შექმნა, დაუჯერებლად ნიჭიერი და საინტერესო, სიკეთით სავსე ქალის ხატი. არასდროს დამავიწყდება, ერთხელ, ხმის ჩამწერ სტუდიაში, თავისი ლამაზი თვალებით შემომხედა და მითხრა, გადაღებაზე ყოფნა მენატრებაო”, - იხსენებს მსახიობი ბაია დვალიშვილი.
სამწუხაროდ, გადაღებაზე ყოფნა ლეილა აბაშიძის აუსრულებელ ოცნებად დარჩა, მით უმეტეს, რომ უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. მსახიობს სურდა ეთამაშა ისეთი როლი, რომელიც მის ტკივილს ბოლომდე გადმოსცემდა, ტკივილი და უსამართლობა კი მის ცხოვრებაში მრავლად იყო.
უკვე სახლში გამოკეტილს, ყველა ეკითხებოდა რატომ აღარ ჩანდა ეკრანზე და როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ეს კითხვა მისთვის ყველაზე რთული მოსასმენი იყო.
ფოტო: GHN
დიახ, ვარსკვლავობა არ არის წოდება, ეს - თვისებაა, რომელიც გნუსხავს არამარტო ნიჭით, არამარტო გარეგნობით, არამედ რაღაცა სხვა სხივით, რომელიც განასხვავებს ერთ ლამაზ ქალს მეორესაგან, ერთ ნიჭიერ მსახიობს მეორესგან, ეს არის ნაპერწკალი, რომელიც ანთებს ვარსკვლავს და რომელიც ლეილასგან ცვიოდა.
ლეილა აბაშიძემ უამრავი არასასიამოვნო თუ ტრაგიკული ისტორიის ფონზე, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა, 35 წელზე მეტი გაატარა გადასაღები მოედნის გარეშე და იცხოვრა მოლოდინით, რომ ერთ დღეს ეკრანზე დაბრუნდებოდა, თუმცა ქართული კინოს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ამ ოცნების ფონზე ჩაქრა.
კომენტარები