ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობა - ომბუდსმენის ანგარიში
"ლგბტ თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციას თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან", - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ომბუდსმენის განცხადებით, საზოგადოებაში მყარადაა ფესვგადგმული ნეგატიური სტერეოტიპული განწყობები ლგბტ თემის მიმართ. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ რეალობიდან გამომდინარე, თემის წარმომადგენლები ვერ სარგებლობენ საკუთარი უფელებებით და ეს აქეზებს მათ მიმართ ძალადობას.
ამის მაგალითად ომბუდსმენმა 2017 წლის 25 აგვისტოს ბათუმში მომხდარი ფაქტი მოიყვანა. ბათუმის ბულვარში პოლიციამ თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი, თორნიკე კუსიანი დააკავა. დაკავებულები ამბობდნენ, რომ მათ პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.
სახალხო დამცველის პრაქტიკის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ლგბტ თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციას მომსახურების მიღებისას და ფართის დაქირავებისას აწყდებიან.
"ზოგიერთ შემთხვევაში, განმცხადებლები დისკრიმინაციას ექვემდებარებიან, იმის მიუხედავად, მიეკუთვნებიან თუ არა ლგბტ თემს, რაც, ძირითადად, განპირობებულია მათი გარეგნობით თუ ჩაცმის სტილით", - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებითი სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციული ფაქტების შესახებ რეაგირება ერიდებიან.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, მონაწილეები დროსა და სივრცეში იყვნენ შეზღუდულები: "მათ არ მიეცათ აქციის ჩატარების ადგილისა და ფორმატის თავისუფალი არჩევის საშუალება".
ლგბტ პირთა მიმართ ძალადობა
სახალხო დამცველის განცხადებით, მაღალია ლგბტ პირთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, როგორც ოჯახში, ისე საჯარო სივრცეში:
"სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს".
ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატში შესული არაერთი განცხადება შეეხება ლგბტ თემის წევრების მიმართ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობას, ჰომოფობიურ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.
ომბუდსმენის ცნობით, რიგ საქმეებში თავად განმცხადებლები ამბობენ უარს საქმის წარმოების გაგრძელებაზე და არ თანამშრომლობენ შსს გენერალურ ინსპექციასთან და პროკურატურასთან:
"არ აქვთ განცდა, რომ საქმეს დროულად და სამართლიანად გამოიძიებენ. რიგ საქმეებში კი რთულია მტკიცებულების მოპოვება".
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წელს, სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 86 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. აქედან 12 საქმეზე შეუწყნარებლობის სავარაუდო ნიშანი იყო სექსუალური ორიენტაცია, ხოლო 37 საქმეზე - გენდერული იდენტობა.
სახალხო დამცველის შეფასებით, სამართალდამცავ უწყებას არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ეფექტიანი რეგულირების სტრატეგია და მხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე რეაგირებით შემოიფარგლება.
ლგბტ პირთა სოციალური და ეკონომიკური უფლებები
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით რთულია ლგბტ თემის უფლებრივი მდგომარეობა განათლების უფლებით სარგებლობის კუთხით:
"განათლების უფლება ეზღუდებათ იმ არასრულწლოვან პირებს, რომელთაც არაკონფორმული გენდერული იდენტობა აქვთ".
სახალხო დამცველის დასკვნით, საჯარო სკოლებსა და საუნივერსიტეტო სივრცეებში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების აღმოფხვრა.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრები ლგბტ პირებისთვის დღის წესრიგში დგას განათლების, დასაქმების, შრომის, სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების საკითხები:
"სამწუხაროდ, პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული, ხშირად არ ითვალისწინებს ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას".
ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, რეგულირებას:
"მსგავსი ჩანაწერი ხელს შეუწყობს ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას".
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში უნდა აღიარონ ერთი და იმავე სქესის წყვილთა სამართლებრივი მდგომარეობის სხვა ფორმები, მაგალითად, სამოქალაქო პარტნიორობა.
ლგბტ პირთა ჯანმრთელობა და უფლებები
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ლგბტ პირთა ხელმისაწვდომობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებზე შესაძლებელია შეიზღუდოს პირის არაკონფორმული სექსუალური ქცევის, გამოხატვისა და იდენტობის გამო:
"თემის წევრები ხშირად მიუთითებენ სამედიცინო პერსონალის მხრიდან ჰომოფობიურ დამოკიდებულებაზე".
ეროვნული კანონმდებლობა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუკი პირს ჩატარებული აქვს სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია.
ომბუდსმენი განცხადებით, ტრანსგენდერი პირები მათი გენდერული იდენტობის ზუსტად ამსახველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე რჩებიან, რაც მათ სოციალურ გარიყვასა და მათი უფლებების დარღვევას იწვევს.
ამავე თემაზე:
- "მე ვარ ქალი - აღიარე!" - აქცია ტრანსგენდერი ქალების უფლებებისთვის
- ტრანსგენდერი ქალის, მირანდა ფაღავას ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- ტრანსგენდერი ქალის ცემის გამო დაკავებულს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- ქართული მარშის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ლგბტ დროშა დაწვეს და დახიეს
- გაქცევა გადარჩენისთვის
კომენტარები