ახალი კალედონიის ტყეებში კუნძულის მაცხოვრებლების მიერ "ტყის მოჩვენებად" წოდებული ფრინველი, სახელად კაგუ, ბინადრობს. ის არქიპელაგის სიმბოლოა და აღენიშნება ერთ უჩვეულო მახასიათებელი, რომელიც ჩვენთვის ცნობილ ფრინველთა არცერთ სხვა სახეობაში გხვდება.

ეს განსაკუთრებული ნიშან-თვისება მათ ნისკარტზე ამოზრდილი ერთგვარი რქაა — კანისგან წარმოქმნილი სტრუქტურა, რომელიც კაგუს ნესტოებს ფარავს. მათი ეს უნიკალური ნიშანი სახეობის სამეცნიერო სახელშიც კია ინტეგრირებული — Rhynochetos jubatus. ფრინველთა გვარი Rhynochetos ბერძნული სიტყვებიდან მომდინარეობს და ნიშნავს "ცხვირსა" და "რქას".

მეცნიერების აზრით, კაგუებს ეს წანაზარდები იმისთვის აქვთ, რომ ფოთლოვან ტყეებში საკვებად მწერების, ლოკოკინებისა თუ ხვლიკების ძიებისას ნისკარტი მტვრისა და სხვა ნაწილაკებისგან დაიცვან.

ეს უჩვეულო, მაგრამ ძალიან საინტერესო ნიშანი, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს. მიზეზი არა რაიმე ევოლუციური მოვლენა, არამედ ის ფაქტია, რომ კაგუ გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და ამ მდგომარეობამდე ის ადამიანის საქმიანობამ მიიყვანა.

წარსულში კაგუს ბედი კიდევ უფრო დამთრგუნველად გამოიყურებოდა. 1800-იანი წლების ბოლოს, როცა ევროპელებმა ახალ კალედონიაში დასახლება დაიწყეს, კაგუები თითქმის გადაშენდნენ. ეს იმან განაპირობა, რომ მათი ბუმბულები მოდური ქუდების პოპულარული დეკორატიული ელემენტი გახდა, შესაბამისად ამ ფრინველებს ხშირად იჭერდნენ.

საბედნიეროდ, ეს მოდის ტენდენცია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ კაგუები კვლავაც მრავალი საფრთხის წინაშე დგანან. მაგალითად, კუნძულზე შემოყვანილი ცხოველების მიერ კაგუებზე ხშირი ნადირობა და ჰაბიტატის დაკარგვა მათ რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ამჟამად არქიპელაგზე საშუალოდ ათასამდე კაგუა დარჩენილი.

კონსერვაციის სპეციალისტები უკვე ათწლეულებია, ამ სახეობის გადარჩენაზე მუშაობენ. მაგალითად, გამრავლების პროგრამებს ახორციელებენ და მტაცებლების წინააღმდეგაც იბრძვიან. მართალია, კაგუ ჯერ კიდევ საფრთხის წინაშე დგას, მაგრამ ეს ძალისხმევა აშკარა შედეგს იძლევა. ჟან-მარკ მერიო, რომელიც ბლუ რივერის პარკს ხელმძღვანელობს, The Guardian-თან საუბარში ამბობს, რომ 1984 წელს პარკში დაახლოებით 60 კაგუ ცხოვრობდა, ხოლო 2024 წლისთვის ამ რიცხვმა ათასს გადააჭარბა.

"კაგუს პოპულაცია საფრთხეში აღარაა. ის უწყვეტად იზრდება და ყველაფერი საუკეთესო გზით ვითარდება", — ამბობს მერიო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.