NASA-ს მავალმა Perseverance მარსის ეზეროს კრატერში, ვიჩ ჰეიზელის ბორცვის მიმდებარედ, მტვრის ქარბორბალა დააფიქსირა. ამ დროს აპარატი წითელი პლანეტის ატმოსფეროს აკვირდებოდა, მაგრამ მოულოდნელად რამდენიმე მოძრავი ობიექტი გამოჩნდა, რომლებიც მტვრის ნაწილაკების მბრუნავი ნაკადები აღმოჩნდა.

წინა ფონზე არსებული ქარბორბალა დაახლოებით 65 მეტრი სიგანის იყო და მან უკან მდებარე 5-მეტრიანი ქარბობალა მიიერთა. აირის ასეთი ნაკადები მარსის ზედაპირზე გადაადგილდება და გზად მტვერს მაღლა იტაცებს, ეს კი იმ არეალში ხილვადობას ამცირებს. როცა ორი ასეთი სტრუქტურა ერთმანეთს უახლოვდება, ისინი ან ერთიანდება, ან საერთოდ ქრება.

ფოტო: NASA/JPL-Caltech

მსგავსი ფენომენი დედამიწაზეც გვხვდება. ის მაშინ წარმოიქმნება, როცა, ხმელეთთან ახლოს არსებული აირის ტემპერატურა იმატებს და ნელ-ნელა მაღლა ადის. მის ადგილს აირის სხვა მასები იკავებს და ბრუნვას იწყებს, სიჩქარე კი უფრო და უფრო იზრდება.

ასეთ ნაკადში მტვრის ნაწილაკების მომწყვდევისას უკვე მტვრის ქარბორბალა ფორმირდება და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ნარჩუნდება. ის მარსის ამინდის განსაზღვრაში დიდ როლს ასრულებს. მეცნიერები ამბობენ, რომ მისი შესწავლა წითელი პლანეტის ატმოსფერული პირობების გაგებაში გვეხმარება. მაგალითად, შეგვიძლია დავადგინოთ, როგორია ქარის მიმართულება და სიჩქარე.

მტვრის ქარიშხლები მარსზე აქამდეც დაფიქსირებულა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა აპარატმა ორი ასეთი ნაკადის შერწყმა აღბეჭდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.