დიდი ბრიტანეთის მორიგი მეგაპროექტი: ტყე სანაპიროდან-სანაპირომდე
გეგმა ქვეყნის ყველაზე ნაკლებტყიან ნაწილში 50 მილიონი ხის დარგვას გულისხმობს, რაც ჩრდილოეთის დიდი ქალაქების გარშემო სარეკრეაციო სივრცეებს შექმნის.
გადაწყდა, რომ ჩრდილოეთ ინგლისი ბევრად უფრო გამწვანდება. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, გაასასაჯაროვა ახალი, უზარმაზარი ტყის შექმნის გეგმა, რომელიც კუნძულს სანაპიროდან-სანაპირომდე დაფარავს. ახალი ტყე აღმოსავლეთ-დასავლეთის M62 მაგისტრალის გასწვრივ გაშენდება და ინგლისს ლივერპულიდან აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქ ჰალიმდე დაფარავს.
პროექტის სრულად განხორციელების შემთხვევაში, ტყეში 50 მილიონამდე ახალი
ხე დაირგვება, რაც საერთო ჯამში, 190 კმ სიგრძის ზოლზე 250 კმ2 ფართობს დაფარავს. გარდა იმისა, რომ ტყე, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად გამწვანებულ ნაწილში, ადგილობრივი ჯიშის ხეებით გაშენდება, იგი რეგიონის დიდი ქალაქების გარშემო ახალ რეკრეაციულ ტერიტორიებსაც შექმნის.
რა თქმა უნდა, აღნიშნული მწვანე სარტყელის შექმნამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი. ამ ეტაპზე, პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი 500 მილიონი გირვანქა სტერლინგიდან, მთავრობამ, საწყისი სამუშაოებისთვის, მხოლოდ 5,7 მილიონი გამოყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა, უკვე დაწყებულ ტრანსფორმაციის პროცესს აძლიერებს, რადგან უკანასკნელ წლებში, ინგლისის ლანდშაფტების გამწვანების უკვე მეორე მცდელობას წარმოადგენს.
ტყის განახლების პირველი პროექტი სამხრეთით, 150 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე, ეროვნულ ტყეში (National Forest) განხორციელდა, სადაც დაახლოებით 500 კილომეტრიანი ზოლი დაიფარა ტყით. ხეები, რომლებიც პირველად აქ 28 წლის წინ დარგეს და ახლა აღწევენ ზრდასრულ ასაკს, უკვე გვიჩვენებენ თუ როგორი მნიშვნელოვანი ცვლილების მომტანია ლანდშაფტის მსგავსი გადააზრება. ახალი ჩრდილოეთის ტყის (Northen Forest) მსგავსად, პროექტი დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგის გადამუშავებისა და სარეკრეაციო დანიშნულების გარდა, ინდუსტრიული და სასოფლო სამეურნეო ექსპლუატაციით განადგურებული ლანდშაფტის გარდაქმნის ნათელი მაგალითია.
ეს ყველაფერი შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ ვნახოთ როგორია რეალობა. ბრიტანეთი ტყეებს იმიტომ აშენებს, რომ ეს კუნძულს ძალიან ჭირება. მთლიანობაში, დიდი ბრიტანეთში ტერიტორიის მხოლოდ 13%-ია ტყით დაფარული, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. რა თქმა უნდა, ისეთი მჭიდროდ დასახლებული და ძლიერად განვითარებული ქვეყნისგან, როგორიც დიდი ბრიტანეთია, არავინ მოელის ფინეთის მსგავს შეფარდებას, სადაც ტერიტორიის 73%-ია ტყით დაფარული. თუმცა, დიდი ბრიტანეთი საკმაოდ ჩამორჩება მსგავსი კატეგორიის მეზობელ ქვეყნებსაც - ბელგიას (22.6% ტყის საფარი) და საფრანგეთს (31%), რომლებთან შედარებისას დიდი ბრიტანეთის ჩამორჩენა ნათელი ხდება.
ჩამორჩენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ინგლისის შემთხვევაში, სადაც ტყეებს მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 10% უკავიათ, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი უელსში 15% ხოლო შოტლანდიაში 18%-ია; თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ორი ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში, პასტორალური მეურნეობა მეტყევეობამ ჩაანაცვლა, შედეგად კი, ეს მცირე მაჩვენებელიც საფრთხის წინაშეა. მიმდინარე საფრთხეები კი ბევრია, რომელთა შორის არის ინგლისის ახალი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის 35 ტყის უძველეს მასივს მხოლოდ იმიტომ უქმნის, რომ გვირაბების გაყვანა ან მარშრუტის შეცვლა ძვირადღირებულად და მოუხერხებლად მიიჩნიეს.
კრიტიკოსების აზრით, ჩრდილოეთის ტყის პროექტი, საკმაოდ დიდი, მაგრამ მაინც "ლეღვის ფოთოლია", რომელსაც ქვეყანაში ტყეების დაუდევრად და ბოროტად გამოყენების დასაფარად იყენებენ. ასევე, სავსებით შესაძლებელია გარკვეული პოლიტიკურ მაქინაციის არსებობაც (თუმცა, სად არ ხდება ასე?), დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან, რომელიც დიდი პროექტის ძებნაშია, რათა დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ევროკავშირის დატოვებას მწვანე პოლიტიკისა და სახელმწიფო ხელშეწყობის შეწყვეტა არ მოჰყვება.
მიუხედავად ყველაფრისა, არსებული ეროვნული ტყე, კარგად უჩვენებს მსგავსი პროექტების მიმზიდველობასა და მდგრადობას, თუკი მათი განხორციელება სხვა ტერიტორიების კონსერვაციისა და დაცვის გარეშე არ მოხდება. ტყეში პირველი ნერგები 1995 წელს, უზარმაზარ ტერიტორიაზე დაირგო, რომელიც დაბებს, ძველ ქვანახშირის აუზებსა და სასოფლო სავარგულებს მოიცავდა. არა ადგილობრივი ფიჭვის ნაცვლად, რომელსაც მთელი 20-ე საუკუნის განმავლობაში, მწყობრ რიგებად აშენებდა ბრიტანული მეტყევეობა, ძირითადად ნელა მზარდი, ადგილობრივი რეგიონებიდან მიღებული ფართოფოთლოვანი ხეები დაირგო და დღეისათვის, ტყე ნელ-ნელა იღებს მის საბოლოო ფორმას.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ეროვნული ტყე ექსპრესიონისტულ მოზაიკასავით მოედო არეალს. ადგილობრივი მიწათმფლობელებისთვის შეთავაზებულმა ფინანსურმა წახალისებამ, არსებული მცირე ტყიანი ტერიტორიების გაერთიანება გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში ერთ მთლიან ტყედ გადაიქცევა. 2016 წლის გაზაფხულის მონაცემებით, უკვე 8.5 მილიონი ხეა დარგული, თუმცა პროექტი დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს არის. ამჟამად აღნიშნული ტერიტორიის მხოლოდ 20%-ია ტყით დაფარული, ფაზლის მიზანი კი, მთლიანი ტერიტორიის ერთი მესამედის დაფარვაა.
ამჟამად ტყის 80% ღიაა საზოგადოებისთვის, რაც ახლომდებარე ქალაქების მაცხოვრებლებს უადვილებს სარგებლობას. მართლაც, ორივე გეგმა (ეროვნული და ჩრდილოეთის ტყე) მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ შორის მოქცეულ დიდ ქალაქებთან - ქმნიან რა ახალ, მშვიდ გარემოს ინგლისის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, სავსე ქალაქების გარშემო.
სარგებელი კი მართლაც უამრავია. როგორც ქალაქის ხეები წმენდენ და აგრილებენ ჰაერს, ქალაქების განაპირა ტყეებიც ამცირებენ სამანქანო მაგისტრალებიდან წარმოქმნილ დაბიძნურებასა და ხმაურს - იცავენ რა მაცხოვრებლებსა და სტუმრებს მისი ზემოქმედებისგან. მხოლოდ აშშ-ში, ვარაუდობენ რომ ხეების მიერ დაბინძურების შემცირება, ჯანდაცვისთვის განკუთვნილ ყოველწლიურ ხარჯს 7 მილიარდი დოლარით ამცირებს. ინგლისის გადატვირთული მაგისტრალების გარშემო ტყის გაშენება კი, გარდა იმისა რომ გარეუბნებს ახალ დასასვენებელ და სათამაშო სივრცეეებს შეუქმნის, ასევე უზრუნველყოფს სუფთა და ზომიერი ტემპერატურის ჰაერის წარმოქმნას - როგორც გარეუბნებისთვის, ისე შესაძლოა დანარჩენი ქალაქისთვისაც.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ტყე ჯერ კიდევ ახალგაზრდა და დაუსრულებელია, მთელ სიგრძეზე, იქ სადაც ტყეა გაშენებული, შედეგები უკვე შთამბეჭდავია. მცირე ზომის ნარგავებიც კი უღრანი ტყის ბუნებრივ ნაწილად ჩანს, ხოლო გაზაფხულობით, ტყის ზედაპირი ცისფრად იღებება ახლადამოსული მაჩიტებით (ყვავილი, იგივე ცისთვალა).
250 კილომეტრის დაშორებით, ჩრდილოეთის ტყის ფართო ტერიტორიებზე, მსგავსი მწვანე მოზაიკების შექმნა ნამდვილად მისასალმებელია. მათ შორის მოქცეული არეალი, ყველაზე ნაკლებად არის ხეებით დაფარული და ისეთი დიდი ქალაქების გარეუბნებს ესაზღვრება, როგორებიცაა მანჩესტერი, ლივერპული და ლიდსი. მიუხედავად ამისა, რეგიონი ხშირად ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით როდესაც პენინის მთების ძირს მიუყვება და ბუჩქნარითა და ბალახით დაფარულ მინდვრებს კვეთს. ამ დერეფნის გამწვანება, გარდა იმისა, რომ ახლომდებარე ქალაქების შემოგარენს უფრო მიმზიდველს გახდის, ასევე გააერთიანებს და გააფართოებს საარსებო გარემოს იშვიათი ცხოველებისათვის. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ რამდენიმე ათწლეულში, ციყვს აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთ სანაპირომდე მისვლა, მიწაზე ჩამოუსვლელად, ხის ტოტებზე გადახტომით შეეძლება.
კომენტარები