სად გადის ზღვარი ბიზნესის ინტერესსა და შრომით უფლებებს შორის
როგორი უნდა იყოს ბალანსი ბიზნესის ინტერესებსა და ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას შორის? - კანონი, რომლის მიღებასაც აღნიშნული საკითხი უნდა დაერეგულირებინა, ჯერ კიდევ არ არის მიღებული.
საქართველოში ეფექტიანი შრომის ინსპექციის არარსებობასა და დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე ისევ მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები. სოციალური დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს შრომის საერთაშორისო ორგანიზიაცია (ILO), რაც შრომითი ურთიერთობების მონაწილე მხარეების ინტერესებისთვის მოლაპარაკების დაწყებასა და შეთანხმებას გულისხმობს.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექციასთან მიმართებით ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სამუშაო პირობების შემოწმება სავალდებულო არ არის. დეპარტამენტს რაიმე გავლენის მოხდენა შრომითი უფლებების დაცვისა თუ მისი აღსრულების კუთხით, არ შეუძლია. მათი დღევანდელი მანდატი მხოლოდ რეკომენდაციის გაცემაა.
გასული წლის პირველ ივნისს ინიცირებულ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ცვლილებით, ინსპექციის უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს და შესაბამისად ქმედითი უნდა გახდეს. პროექტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც მაისში, ტყიბულის შახტაში ლიფტი ჩაწყდა და ოთხი მუშა დაიღუპა.
მაშველებმა ტყიბულში, შახტში ჩავარდნილი ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს
შრომის უსაფრთხოება ეფექტიანი კონტროლის გარეშე - რას გეგმავს ხელისუფლება
რატომ იღუპებიან და სახიჩრდებიან ადამიანები სამუშაო ადგილებზე საქართველოში
რას გულისხმობს კანონპროექტი
შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთის, საკანონმდებლო ცვლილებით, უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობის ფორმები დამსაქმებლის მიმართ. კანონპროექტის ამჟამინდელი რედაქციით, მისი მოქმედება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება, ჩამონათვალს კი კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, განხილვები სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდა. უწყებებს შორის მიმდინარე 5-თვიანი სამუშაო პროცესი, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის შეთანხმების ეტაპზეა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი, ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტრომ არსებითი შენიშვნები წამოაყენა:
"ჩვენ მოვისმინეთ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რომ მათ აქვთ არსებითი შენიშნვნები კანონპროექტზე, რომ ის არ არის მზად მეორე მოსმენისთვის. დავინახეთ, რომ კანონპროექტს ეკონომიკური გუნდი დაუპირისპირდა. შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ეს არ იყო ცხადად ვალიდური და დასაბუთებული არგუმენტი. მთავარი მიზანი ამ არგუმენტებისა იყო ის, რომ კანონპროექტი დეკემბრისთვის არ განხილულიყო".
ლინა ღვინიანიძე, რომელიც პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა სამუშაო შეხვედრას, ამბობს, რომ მათი ერთ-ერთი შენიშვნა სწორედ კანონის მოქმედების შეზღუდული სფეროა. ინიციატორებს შესთავაზეს, რომ კანონი ყველა კომპანიას შეხებოდა, მიუხედავად იმისა საშიშპირობებიანია თუ არა:
"წინააღმდეგობა წამოვიდა მთავრობისა და ბიზნეს ორგანიზაციების მხრიდან. არც გადამუშავებულ ვერსიაში ჩაიწერა გარდამავალი დებულების სახით კონკრეტული ვადა, რა პერიოდიდანაც ამოქმედდება კანონი ყველაზე თანაბრად. პრობლემა არის ასევე ის, რომ გადამუშავებული ვერსია ახლოსაც კი არ არის იმ მთავარ პრინციპულ საკითხებთან, რომელსაც EMC აყენებდა ამ პროცესში, პროფესიული კავშირები და მათ შორის ILO".
მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი მარინე კურტანიძე ამბობს, რომ ბიზნეს ჯგუფები არიან დაინტერესებულები, ნაკლები ხარჯით მიიღონ დიდი მოგება:
"[ისინი] დანაზოგს აკეთებენ ადამიანის სიცოცხლეზე".
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელზა ჯგერენაია On.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობდნენ ამ დრომდე და უკვე იპოვეს გამოსავალი, იმ კუთხითით, რაც ეხება დაჯარიმების მუხლს:
"გამოსავალი მოიძებნა ისე, რომ ყოფილიყო უფრო ეფექტიანი და პროპორციული. ფაქტობრივად, დასრულებულია მუშაობა, აისახა კანონპროექტში და მეორე მოსმენაზე განიხილება პარლამენტში".
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ პარლამენტმა ისეთი მუხლები უნდა შეიმუშავოს, რომლებიც შექმნის მოთხოვნების სტანდარტს:
"დიდ ბიზნესს მეტი ჯარიმა და პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს, რადგან თუ მცირე ჯარიმაა, უზარმაზარი შემოსავლის მქონე ბიზნესისთვის მომგებიანი იქნება ჯარიმის გადახდა, ვიდრე სტანდარტის დაცვა".
დეპუტატის თქმით, ორ ინტერესს შორის ბალანსის დაცვაა მთავარი და იქვე განმარტავს, რომ ერთის მხრივ, ბიზნესს არ უნდა გაუჭირდეს სამუშაო ადგილის შექმნა და მეორეს მხრივ, ის უნდა იყოს უსაფრთხო:
"მოგვაქვს ხოლმე მაგალითები ევროპიდან და ამერიკიდან, ხშირ შემთხვევაში ეს რეალიები განსხვავდება ჩვენი რეალობისაგან. ეს უნდა იყოს მორგებული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობაზე. მაგალითად, რა დონის და როგორი სტანდარტი უნდა იყოს, რა უნდა ღირდეს ამ სტანდარტის დაცვა. თუ ერთი სამუშაო ადგილის შექმნას დასჭირდა იმავე თანხა, რა ხელფასიც აქვს დასაქმებულს, მაშინ ასეთი სამუშაო ადგილი ხომ არ შეიქმნება?"
რას გულისხმობს ბალანსი დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის?
EMC-ის იურისტი, ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ქვეყანას რადიკალური ნაბიჯები სჭირდება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესებს შორის ბალანსის მისაღწევად:
"ბოლოდროინდელ დისკუსიებში მთავრობა გამოდის იმ არგუმენტებით, რომ უნდა მოვძებნოთ ხაზი ბიზნესისა და დასაქმებულთა ინტერესებს შორის. თუკი ჩვენ ვდავობთ ბალანსის მიღწევაზე, ჩვენ ამ ბალანსს ვერ მივაღწევთ იმიჯორული და სუსტი ნაბიჯებით. ამისთვის, ერთის მხრივ, გვჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც იტყვის რომ ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობენ დასაქმებულები. ისინი ქმნიან რეალურ პროდუქტს".
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ჯეფ ჯონსონი On.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მსოფლიოში, ბიზნესი წნეხის ქვეშაა, რათა მომგებიანი იყოს. მისივე თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოება და შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ბიზნესი გრძელვადიან წარმატებაზე იფიქრებს და არა მხოლოდ დღევანდელზე, ან შემდეგ კვარტალზე:
"როდესაც უსაფრთხოებასა და პროდუქტიულ გარემოს უზრუნველყოფ, დასაქმებულები აუცილებლად მეტსა და მეტს გამოიმუშავებენ. გარემოში, სადაც შენს დასაქმებულებს რისკის ქვეშ აგდებ, ყოველთვის უნდა ელოდო დაბალ პროდუქტიულობას. მუშებს სჭირდებათ ბიზნესი სამუშაო ადგილისთვის, ბიზნესს სჭირდება მომხმარებელი, რათა საქონელი და მომსახურეობა შეიძინოს. ეს წრეა და ყველა ერთმანეთთანაა დაკავშირებული".
ჯეფ ჯონსონი ხაზს უსვამს სოციალური დიალოგის მნიშვნელობას, რაც მისივე აზრით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს: "ჩვენ თავიდან ვირიდებთ უბედურ შემთხვევებს და ბიზნესს უფრო მომგებიანს ვხდით, ამით კი, კიდევ უფრო პროდუქტიულები ხდებიან მუშები და უკეთესი ანაზღაურება და სამუშაო პირობები აქვთ".
ლინა ღვინიანიძე საქართველოს მაგალითზე განმარტავს, რომ მექანიზმების ამოქმედება შექმნის პოზიციტურ გამოცდილებას და დაანახებს ბიზნეს ორგანიზაციებს, რომ ამგვარი პოლიტიკა არ არის გამართლებული არც ეკონომიკური განვითარებისთვის და არც მათი მოგებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში:
"არაერთი კვლევა აჩვენებს ამას, რომ პროდუქტიურილი, დაცული მუშახელი არის არამხოლოდ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, არამედ, კომპანიის მოგების ზრდისთვის".
გაერთიანებული პროფკავშირების სტატისტიკით, 2017 წელს, 41 ადამიანი დაიღუპა და 66 მძიმედ დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს. მათგან, მშენებლობაზე მუშაობისას 17 გარდაიცვალა და 22 მძიმედ დაშავდა. მათივე ცნობით, გაცილებით დიდია სიკვდილიანობის შედეგები ტრამვის შემდეგ, რასაც ოფიციალური უწყებები აღარ აღრიცხავენ.
Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად.
ორგანიზაცია ეყრდნობა სახალხო დამცველის ინფორმაციას და წერს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა.
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე ბოლო სამუშაო შეხვედრა პარლამენტში პირველ თებერვალს არის დაგეგმილი. დეპუტატ აკაკი ზოიძის თქმით, 7 თებერვლამდე პროექტს მეორე მოსმენით კომიტეტზე განიხილავენ.
კომენტარები