შრომის უსაფრთხოება ეფექტიანი კონტროლის გარეშე - რას გეგმავს ხელისუფლება
270 დაღუპული და 776 დაშავებული - ეს არის სამუშაო ადგილებზე 2011-2016 წლებში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შედეგი. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები ამ ფაქტებს პირდაპირ ან ირიბად უკავშირებენ საქართველოში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტიან საქმიანობას. ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას აღიარებს და ამბობს, რომ ამჟამად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს, შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტის სამუშაო ვერსია. სამინისტროს თქმით, აღნიშნული კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, უპასუხებს საერთაშორისო დირექტივებს, შრომის ინსპექციის მუშაობას უფრო ეფექტიანსაც გახდის, რაც საბოლოოდ, გააუმჯობესებს დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და უფლებრივ მდგომარეობას სამუშაო ადგილებზე.
შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტი ჯანდაცვის სამინისტროში თითქმის ორი წელია რაც შეიქმნა და ის ორი მიმართულებით მუშაობს:
- ტრეფიკინგი სამუშაო ადგილზე, რომლის შემოწმება სავალდებულოა;
- შრომის უსაფრთხოება.
რაც შეეხება ისეთ შრომით უფლებებს, როგორიცაა ხელფასი, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება, შვებულების გაცემა და ა.შ. ასეთ საკითხებს იგი ჯერჯერობით არ აკონტროლებს.
არაეფექტიანი ინსპექტირება
ძირითადი პრეტენზია შრომის პირობების ინსპექციასთან მიმართებით ეხება იმას, რომ სამუშაო პირობების შემოწმება სავალდებულო არ არის, თუ საქმე ტრეფიკინგს არ ეხება.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი, ლინა ღვინიანიძე განმარტავს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს რაიმე გავლენის მოხდენა შრომითი უფლებების დაცვისა თუ მისი აღსრულების კუთხით, არ შეუძლია. გარდა ამისა, ლინა ღვინიანიძე ამატებს, რომ ინსპექტირების დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესრულება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო არ არის.
იგივე პოზიცია აქვს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელს, თამაზ დოლაბერიძეს, რომელიც აცხადებს, რომ ინსპექტირების ჯგუფის მუშაობა აბსოლუტურად არაეფექტიანია:
"მათ არ აქვთ უფლება, საწარმოში შევიდნენ ხელმძღვანელობის მიწვევის გარეშე, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ არ აქვს უფლება სანქციები დაუწესონ კომპანიას, შეამოწმონ და გააკონტროლონ შრომითი-სამართლებრივი მხარე, ანუ შრომის კონტრაქტი ხომ არ არის კაბალური და არაკანონიერი, ხომ არ ხდება ადამიანთა ექსპლუატაცია".
აღნიშნულთან დაკავშირებით შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელზა ჯგერენაია განმარტავს, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს გარდამავალი პერიოდი აქვს და უკვე მომზადებულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გააძლიერებს და ეფექტიანს გახდის მას:
"ცვლილებების შედეგად დეპარტამენტს ქმედუნარიანი მექანიზმები ექნება, რომელსაც გარდა რეკომენდაციებისა, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი რეაგირება შეეძლება".
EMC-ის იურისტის თქმით, შრომის ინსპექცია მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნაწილში მუშაობს და მისი მანდატი არ ვრცელდება შრომის უფლებების ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა ხელშეკრულების პირობები, ანაზღაურება და ა.შ.
ელზა ჯგერენაიას თქმით, ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების რიცხვის ზრდამ განაპირობა სწორედ ის, რომ ინსპექტირების დეპარტამენტს უსაფრთხოების კუთხით ემუშავა.
გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი, თამაზ დოლაბერიძე, გასულ წელს, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რიცხვის ზრდაზე მიუთითებს:
"2015 წელს, რაც ეს ორგანო შეიქმნა, 2016 წლისთვის, მისმა მუშაობამ შედეგად ვერ მოიტანა სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების შემცირება. ეს მაჩვენებელი იგივე დარჩა და ზოგიერთ დარგებში მოიმატა კიდეც."
2016 წელს, საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობის ზრდაზე მიუთითებს EMC-ის მიერ გაკეთებული ინფოგრაფიკაც:
ელზა ჯგერენაიას თქმით, იგი EMC-ის სტატისტიკას არ იცნობს, თუმცა, ეთანხმება იმ აზრს, რომ მხოლოდ რეკომენდაციების გაცემაზე მუშაობა არაეფექტიანია და შესაბამისი ჯარიმები უნდა არსებობდეს, რისი განხორციელებაც უწყებას წლის ბოლოსთვის აქვს დაგეგმილი:
"ეს ნაბიჯები გადადგმული აქვს სახელმწიფოს, რომ ეტაპობრივად მოხდეს იმ საერთაშორისო სტანდარტების მინიმალურ მოთხოვნებთან დაახლოება. მე ვფიქრობ, ძალიან მალე, წლის ბოლოს, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი იქნება მიღებული და დამტკიცებული პარლამენტის მიერ. იგი გახდის ინსპექციას ქმედუნარიანსა და ეფექტიანს, ამით კი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ფატალური შემთხვევების რიცხვი."
საერთაშორისო ვალდებულებები
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმით შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს ევალებოდა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებით ემუშავა.
EMC-ის იურისტი, ლინა ღვინიანიძე, On.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამჟამად ევროკავშირთან ასოცირების ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესია და ძველი, 2016 წლამდე შესასრულებელი გეგმა საქართველომ ვერ შეასრულა.
ევროკომისიის 2016 წლის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების დღის
წესრიგის განხორციელების შესახებ ვკითხულობთ:
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას თქმით, ევროკავშირის თითოეულ დირექტივას, განხორციელების დრო აქვს და ამის პროცესი უკვე დაიწყო. მისივე განცხადებით, სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი, გაგზავნილია სოციალურ პარტნიორებთან და სახელმწიფო უწყებებში, მოგვიანებით კი მთავრობის სხდომაზეც გაიტანენ:
"ორი დირექტივის საფუძველზე მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, ანუ მიმდინარე წლიდან დაიწყო ამ დირექტივების ძალაში შესვლა".
რა წერია ახალ კანონპროექტში?
ჯანდაცვის სამინისტროს იურისტის ლიკა კლიმიაშვილის განმარტებით, ამ პროექტით შეიცვლება ის, რომ ინსპექტირების დეპარტამენტს გაფრთხილების გარეშე შეეძლება საწარმოში შესვლა, თუკი მოქალაქისგან იქნება საჩივარი, ზარი ცხელ ხაზზე ან დაექვემდებარება გეგმიურ შემოწმებას:
"ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ წუთს ვინემ სადმე შევა დაუკითხავად. სავარაუდოდ, მომავალში ამისათვის გაიწერება გეგმა ისევე, როგორც შემოსავლების სამსახურს აქვს. გარდა ამისა, გაიწერება წელიწადში რამდენი შემოწმება უნდა გააკეთონ და ა.შ. ყველაფერი შეთანხმების საგანია, რადგან ჯერ კანონპროექტის პირველადი ვერსიაა მზად".
იურისტის თქმით, სანქციის დაწესების ფორმა ამ ეტაპზე განხილვის საგანია: "შეიძლება რეკომენდაციით დაიწყოს და რაღაც ვადაში თუ არ შეასრულებს, ამ შემთხევაში გადავიდეთ დაჯარიმებაზე, ან იქ სადაც არის აშკარა დარღვევები შეიძლება პირდაპირ დაჯარიმება იყოს".
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსიით, სხვა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, ცვლილება შეეხება სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონს, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შრომის კოდექსს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მისი მიღებით, ახლებურად განისაზღვრება სამუშაო ადგილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლები შესაბამისი დარღვევისთვის, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.
ცვლილების მიხედვით, შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის − 600 ლარის ოდენობით.
ხოლო, დამსაქმებლის მიერ არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 2000 ლარის ოდენობით.
მოქმედ შრომის კოდექსში არ არის მითითებული, თუ ვინ არის კოდექსის შესრულებაზე ზედამხედველი, ჯანდაცვის სამინისტროს პროექტით კი, როგორც შრომის უფლებებზე, ისე შრომის პირობების უსაფრთხოებაზე, პასუხისმგებელი იქნება შრომის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
პროექტით, შრომის კოდექსს დაემატება XII2 თავი, რომელიც ეხება შრომის კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობას.
ცვლილების მიხედვით, შრომის კანონმდებლობისა და შრომის პირობების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ხოლო, შრომის კანონმდებლობისა და შრომის პირობების დაცვის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ორწლიანი საქმიანობა
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წელს, დამსაქმებლის მიმართვით ან/და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წინასწარი შეტყობინებით, სულ 78 კომპანია შეამოწმეს, ხოლო 2016 წელს 96-მა დამსაქმებელმა განაცხადა თანხმობა მათ კუთვნილ კომპანიებში შრომის პირობების ინსპექტირებასთან დაკავშირებით. მონიტორინგის ჯგუფის არსებობის პერიოდში, 2015-2016 წლებში, სულ 330 რეკომენდაცია გასცეს.
2016 წელს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენის მიზნით 98 კომპანია შეამოწმეს, მათ შორის შვიდში არაგეგმიურად, ხოლო შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების არსებობის ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი საქმე გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
კომენტარები