80 ათასი წლის წინ ქვიშაზე ნაკვალევი დარჩა — რას ამბობს იგი ნეანდერტალელთა ყოფაზე

ფოტო: Neto de Carvalho et al., Scientific Reports, 2025 (CC BY-NC-ND 4.0)
ევროპის სამხრეთ-დასავლეთში ფეხის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელიც 80 ათასი წლის წინაა დატოვებული. ანაბეჭდები მიანიშნებს, როგორ ნადირობდნენ სანაპიროზე ნეანდერტალელთა ოჯახები. ნაკვალევი პორტუგალიაში, ალგარვეს რეგიონში, აღმოაჩინეს ორ სხვადასხვა სანაპიროზე.
პირველად მეცნიერებმა ტელეიროს სანაპიროზე, ქვიშის დიუნზე, იპოვეს ფეხის ერთი ანაბეჭდი, რომელიც 82 ათასი წლით დათარიღდა. ამასთან ახლოს, მონტე კლერიგოში, შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო რამ იპოვეს — ფეხის 10 ანაბეჭდი, რომლებიც სამ ადამიანს ეკუთვნოდა. ეს ნაკვალევი 78 ათასი წლის წინ დაუტოვებიათ ნეანდერტალელებს ქვიშის დიუნზე.
ნაკვალევების ანალიზით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამეულში იყვნენ: 1.69-1.73 მეტრამდე სიმაღლის ზრდასრული კაცი, 7-9 წლამდე ბავშვი და 2 წლამდე ბავშვი. ნეანდერტალელისა და თანამედროვე ადამიანის ნაკვალევების გამიჯვნა თითქმის შეუძლებელია, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ანაბეჭდები ნეანდერტალელებს ეკუთვნით — სხვაგვარად ვერ იქნება, რადგან ისინი იმ პერიოდშია დატოვებული, როდესაც "ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არცერთი სხვა ჰომინინი არ იყო".
ქვიშის დიუნზე, როგორც ჩანს, ოჯახის ნაკვალევია. ამის გამო კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს არეალი ნეანდერტალელთა დაბანაკების ადგილთან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო. ფიქრობენ იმასაც, რომ ანაბეჭდები შეიძლება ჯგუფურ ნადირობას ასახავდეს, სავარაუდოდ წითელ ირემზე.
იმავე ქვიშის დიუნზე წითელი ირმის ფეხის ნაკვალევიც აღმოაჩინეს. ავტორების განმარტებით, როცა უსაფრდებიან, ეს ცხოველი ხშირად ზღვაში ხტება და იხრჩობა; ქვიშიანი ტერიტორია, სავარაუდოდ, ირემს ისრებისგან გაქცევას გაურთულებდა. შესაბამისად, სანაპირო ხელსაყრელი გარემო იქნებოდა ჩასაფრებით მონადირებისთვის — იმისთვის, რაც ნეანდერტალელებს ძალიან კარგად გამოსდიოდათ.
ახალი აღმოჩენები მიანიშნებს, რომ ნადირობაში შეიძლება მთლიანი ოჯახები ყოფილიყვნენ ჩართული — მათ შორის ის წევრებიც კი, რომელთაც სულ ახლახან ისწავლეს სიარული.
"ფაქტი, რომ მონტე კლერიგოში ზრდასრულთა ფეხის ანაბეჭდებთან ერთად ჩვილის ნაკვალევიც იპოვეს, იმაზე მეტყველებს, რომ ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას ზრდასრულებს ბავშვებიც ახლდნენ... ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ბავშვებს ამ უნარების ათვისება ძალიან ადრეული ასაკიდან უწევდათ", — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები