თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე დღის წინ პატიმრობა მიუსაჯა, მოსამართლეობის კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა. როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამბობენ, მოსამართლემ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადი კენჭისყრის წინა დღეს, გუშინ, 10 იანვარს, შეიტანა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი კანდიდატურის მოხსნის მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებასთან შესაძლო კავშირზე საუბრობს. მისი თქმით, არევაძესთან გასაუბრებაზე მას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ კონკურსში მონაწილეობა აღარ სურდა.

"მისი არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვიცი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს, ვინაიდან კონკურსი და ამ საქმეზე გადაწყვეტილება ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ არ მაქვს ეს ინფორმაცია და ვარაუდებისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

გიორგი არევაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშვნას ითხოვდა.