პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატ შოთა შალელაშვილის წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილებისა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის მისთვის მიუღებელი ფორმაა.

"საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთ სენსიტიურ საკითხზე ასეთი მოსაზრებების ღია წერილით დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ფეისბუკზე პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა და აშშ-ს მსგავსად იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა.

გუშინ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აღიარებს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად.

თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მან ეს ქმედება დაუკავშირა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებს, ასევე, ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარებას.