სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია Mattel-მა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირველი ბარბი გამოუშვა. ეს თოჯინა კიდევ ერთი ნაბიჯია კომპანიის მიზნისკენ — სათამაშოების სამყარო უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური გახდეს.

6 თვის წინ კომპანიამ დიაბეტის მქონე პირველი ბარბის გაყიდვა დაიწყო, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბარბის გამოშვებით კი სურთ, რომ მეტმა ბავშვმა შეძლოს ბარბის თოჯინებში საკუთარი თავის დანახვა. ამ გზით ბავშვებს საშუალება ეძლევათ, ითამაშონ თოჯინებით, რომლებიც მათ გარშემო არსებულ რეალურ სამყაროს ასახავს.

აუტიზმი ნეიროგანსხვავებულობის ფორმაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის მახასიათებლები ინდივიდუალურია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის დარღვევა ყოველი ასიდან ერთზე მეტ ბავშვს აღენიშნება.

ფოტო: Mattel

სათამაშო აუტიზმის საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნა. თოჯინას მზერა ოდნავ გვერდითაა მიმართული, რაც იმას გამოხატავს, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ზოგიერთი ადამიანი თვალებით პირდაპირ კონტაქტს თავის არიდებს. მას სრულად მოძრავი იდაყვები და მაჯები აქვს, ეს კი საშუალებას აძლევს შეასრულოს განმეორებადი ფიზიკური მოძრაობები, რაც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბევრ ადამიანს სენსორული ინფორმაციის გადამუშავებასა თუ ემოციების გამოხატვაში ეხმარება.

სათამაშოს თითზე ვარდისფერი სპინერი უკეთია, რომელიც სტრესის შემცირებაში ეხმარება, ხმაურის დამხშობი ყურსასმენები კი სენსორული გადატვირთვისგან იცავს. თოჯინას ხელში ვარდისფერ პლანშეტს ვხედავთ, ეკრანზე კი ალტერნატიული კომუნიკაციის ღილაკებია გამოსახული. ღილაკები ბარბის ყოველდღიურ კომუნიკაციაში ეხმარება. სათამაშოს თავისუფალი სტილის კაბა აცვია, რათა ქსოვილი კანს ნაკლებად ეხებოდეს.

იმის მიუხედავად, რომ ბარბის თოჯინები 1959 წლიდან იქმნება, ფიზიკური შეზღუდვების მქონე ბარბების გაყიდვა მხოლოდ 2019 წელს დაიწყო. დღეს ხელმისაწვდომია როგორც უსინათლო თოჯინები, ასევე დაუნის სინდრომის მქონე ბარბები. ამასთან ერთად კომპანიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კენის თოჯინებიც დაამზადა.

ბარბის მიზანი მუდამ იყო იმ სამყაროს ასახვა, რომელშიც ბავშვები ცხოვრობენ და იმ უსაზღვრო შესაძლებლობების ჩვენება, რომლებზეც ისინი ოცნებობენ

თოჯინას შექმნისას კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანებთან, რათა მათი გამოცდილება სწორად გადმოეცა. თუმცა იმასაც ითვალისწინებენ, რომ აუტიზმს ყველა ინდივიდი განსხვავებულად გამოცდის.

ბარბი ერთადერთი ბრენდი არაა, რომელიც მსგავს კამპანიას აწარმოებს. აუტიზმი Lottie-ს თოჯინებშიცაა ასახული, Lego კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სათამაშოებს ყიდის.

ფოტო: Lottie

ფოტო: Lego

ნეიროგანსხვავებულ ადამიანთა ონლაინ საზოგადოების დამფუძნებლის, ელი მიდლტონის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ეს ბარბი აუტიზმთან დაკავშირებულ ზოგიერთ მცდარ წარმოდგენას შეცვლის.

"არც მე და არც ჩემს გარშემომყოფებს არასდროს გვიფიქრია, რომ შეიძლება აუტისტური სპექტრის დარღვევა მქონოდა, რადგან არასდროს გვინახავს ჩემნაირი ადამიანი — ვინც ჩემსავით გამოიყურებოდა, იქცეოდა ან რაიმე საერთო ჰქონდა ჩემთან — რომელსაც ეს დიაგნოზი ჰქონდა".

ელის აზრით, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბარბის გამოჩენა ამ რეალობას შეცვლის:

ის პატარა გოგოებს უჩვენებს, რომ სრულიად ნორმალურია გქონდეს აუტისტური სპექტრის დარღვევა, სრულიად ნორმალურია იყო განსხვავებული და ეს განსხვავებულობა სიამაყით უნდა ატარო