ილონ მასკის რაკეტით კოსმოსში ზონდი "პანდორა" გაუშვეს — ის ეგზოპლანეტებს შეისწავლის
ფოტო: NASA
NASA-მ კოსმოსში ეგზოპლანეტების შემსწავლელი ახალი ზონდი გაუშვა, რომელსაც "პანდორა" ეწოდება. ის ორბიტაზე ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიტანა.
აპარატი კალიფორნიაში მდებარე ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან 11 იანვარს, ადგილობრივი დროით 8:44-ზე, აფრინდა. კომპანია მისიას "ბინდის" სახელით მოიხსენიებს, რადგან ზონდი მზის მიმართ სინქრონულ ორბიტაზე განლაგდა, რომელიც დედამიწის დღისა და ღამის გამყოფ ხაზს მიუყვება.
NASA-ს ეს მისია ერთ წელს გაგრძელდება; 325-კილოგრამიანი ზონდი აქამდე აღმოჩენილ მინიმუმ 20 ეგზოპლანეტას გამოიკვლევს, რისთვისაც 45 სანტიმეტრი სიგანის ტელესკოპს გამოიყენებს. ამ ობიექტებს ის მაშინ დააკვირდება, როცა თითოეული მათგანი თავისი ვარსკვლავის ფონზე ჩაივლის, რასაც ტრანზიტი ეწოდება. ეს მნათობის სიკაშკაშის ცვლილებებს იწვევს და ციური სხეულის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
აქამდე ნაპოვნი 6000-ზე მეტი ეგზოპლანეტა სწორედ ტრანზიტის მეთოდით დააფიქსირეს. ეს ტექნიკა მათი ატმოსფეროების გაანალიზებაშიც გვეხმარება — იქ არსებული მოლეკულები ვარსკვლავის სინათლის არეკვლისას სპეციფიკური სიგრძის ტალღებს წარმოქმნის და ქიმიურ შედგენილობას ავლენს.
ამის მიუხედავად, ეს გამოწვევებსაც უკავშირდება, რადგან ვარკვლავების ზედაპირი ერთგვაროვანი არაა და სხვადასხვა რეგიონში სიკაშკაშის მაჩვენებელიც განსხვავდება. "პანდორა" ამ სირთულეებს ითვალისწინებს — ის მნათობისა და ეგზოპლანეტის სპექტრებს განაცალკევებს; ობიექტებს იგი ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება.
ზონდი ისეთ ეგზოპლანეტებზე იქნება კონცენტრირებული, რომელთა ატმოსფეროებშიც წყალი ან წყალბადი სჭარბობს.
კომენტარები