მკვდარი ვარსკვლავის გარშემო "ცისარტყელა" დააფიქსირეს
ფოტო: ESO/K. Ilkiewicz and S. Scaringi et al.
ჩვენგან 731 სინათლის წლის მოშორებით მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენია, იგივე თეთრი ჯუჯა, რომელსაც RXJ0528+2838 ეწოდება. ასტრონომებმა მის გარშემო ისეთი რამ დააფიქსირეს, რამაც ისინი საგონებელში ჩააგდო — კაშკაშა დარტყმითი ტალღა, რომელიც ფერადოვნებით გამოირჩევა.
ბევრი კოსმოსური ობიექტის შემთხვევაში ეს უჩვეულო არ იქნებოდა, მაგრამ თეთრი ჯუჯის ამ მახასიათებელს ვერანაირი დაკვირვებადი მექანიზმი ვერ ხსნის. მეცნიერები ამბობენ, რომ აქამდე ასეთი რამ არ უნახავთ.
"ის სიურპრიზი, რომ დისკოს არმქონე, მშვიდ სისტემას ასეთი გასაოცარი ნისლეულის ფორმირება შეუძლია, იშვიათ 'ვაუ' მომენტებს შორისაა", — ამბობენ კვლევის ავტორები.
თეთრი ჯუჯა ისაა, რაც მზის მსგავსი ვარსკვლავების სიკვდილის შემდეგ რჩება, როცა მათი ბირთვი კოლაფსს განიცდის და მნათობი გარე შრეებს კარგავს. ეს მკვრივი ობიექტები დაახლოებით დედამიწის ზომისაა, მაგრამ მზეზე 1.4-ჯერ მასიური შეიძლება იყოს. ასევე, ისინი ხშირად კომპანიონ ვარსკვლავთან ერთად გვხვდება და მატერიის მიზიდვისას განმეორებითი თერმობირთვული ამოფრქვევები ახასიათებს.
ვინაიდან თეთრ ჯუჯებში ატომების სინთეზი ვეღარ მიმდინარეობს, ვარსკვლავური ქარიც ვერ ყალიბდება. ამის მიუხედავად, კომპანიონთან ურთიერთქმედებამ შეიძლება მათ გარშემო მატერიის მბრუნავი დისკო წარმოქმნას. ვარსკვლავთაშორის აირებთან ამგვარი ნაკადების შეჯახებები ზოგჯერ რკალის ფორმის დარტყმითი ტალღების ფორმირებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება RXJ0528+2838-ს, მის მახლობლად კომპანიონი მნათობი არის, მაგრამ მატერიის დისკო — არა. საინტერესოა ისიც, რომ სტრუქტურაში წყალბადის, ჟანგბადისა და აზოტის კვალია, რაც მიუთითებს, რომ ტალღის წარმომქმნელი პროცესი დაახლოებით 1000 წელია, მიმდინარეობს. აქედან ასკვნიან, რომ ეს თერმობირთვულ აფეთქებებს არ უნდა უკავშირდებოდეს.
ავტორთა თქმით, შეიძლება თეთრი ჯუჯის ძლიერი მაგნიტური ველი დისკოს გაჩენისთვის საჭირო "არხებს" ახშობდეს და მატერია მაგნიტური ხაზების გავლით პირდაპირ RXJ0528+2838-ში ჩაედინებოდეს. ამის შედეგად ნაკადების წარმოქმნა დისკოს გარეშეა შესაძლებელი.
ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები