ჩინეთმა "ჰიპერგრავიტაციული მანქანა" შექმნა, რომელსაც დედამიწის მიზიდულობაზე თითქმის ორიათასჯერ მეტი ძალის წარმოქმნა შეუძლია.

ფუტურისტული შესახედაობის მანქანას CHIEF1900 დაარქვეს. იგი ჩინეთის ცენტრიფუგული ჰიპერგრავიტაციისა და ინტერდისციპლინური ექსპერიმენტების დაწესებულებაში (CHIEF) შექმნეს, რომელიც ჭეძიანგის უნივერსიტეტში მდებარეობს. აქ მეცნიერები იკვლევენ, როგორ ზემოქმედებს ექსტრემალური ძალები სხვადასხვა მასალაზე, მცენარეებზე, უჯრედებსა თუ სხვა სტრუქტურებზე.

CHIEF1900 მცირემასშტაბიან მოდელებში გრძელვადიან ფიზიკურ პროცესებს აჩქარებს. ეს მეცნიერებს კატასტროფული მოვლენების (მაგ., კაშხლის დაზიანება ან მიწისძვრა) გარემოს სიმულირებაში ეხმარება. მანქანას ბევრი სხვა პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს — მაგალითად, იგი შეიძლება მაღალი სიჩქარის ლიანდაგების რეზონანსულ სიხშირეთა შესასწავლადაც გამოიყენონ.

მანქანა თავისი წინამორბედის, CHIEF1300-ის, გაუმჯობესებული ვერსიაა. CHIEF1300 ოთხი თვის წინ მსოფლიოს ყველაზე მძლავრ ცენტრიფუგად დასახელდა.

CHIEF1900 ცენტრიფუგაში ტვირთს ატრიალებს. ეს დიდი რაოდენობით ძალას წარმოქმნის, უფრო კონკრეტულად კი, შეიძლება ითქვას, დედამიწის მიზიდულობაზე 1 900-ჯერ მეტ ძალას.

მანქანისთვის ამ ძალის მინიჭება მარტივი არ ყოფილა. ინჟინრებს ამ გზაზე ბევრი წინაღობა შეხვდათ. მაგალითად, ამდენად მაღალ სიჩქარეზე ბრუნვა დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფს; მის გასაქრობად ინჟინრებმა ტემპერატურის კონტროლის სისტემა შექმნეს, რომელიც ვაკუუმს ეფუძნება. სისტემა მაცივებელ აგენტსა და საჰაერო ვენტილაციას იყენებს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალი მანქანა მათ უამრავი ახალი ფენომენის აღმოჩენაში შეიძლება დაეხმაროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.