Apple თავის ვირტუალურ ასისტენტში ხელოვნურ ინტელექტ Gemini-ს ჩააშენებს
ფოტო: Apple/Google
ორმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ძალები გააერთიანა — გადაწყდა, რომ Apple-ის ვირტუალურ ასისტენტს Google-ის ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა ექნება. კერძოდ, Siri-ს ფუნქციონალი Gemini-ს მოდელების დახმარებით გაფართოვდება, რაც ამ წელსაა მოსალოდნელი. კომპანიების ახალი თანამშრომლობის შესახებ საერთო განცხადება 12 იანვარს გავრცელდა.
"ფრთხილი მსჯელობების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ Google-ის ტექნოლოგია Apple-ის საბაზისო მოდელებისთვის ყველაზე გამოსადეგი საფუძველია. მოხარულნი ვართ იმ ახალი ინოვაციური გამოცდილებების გამო, რომლებსაც ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობილია, რომ მოდელები Apple-ის მოწყობილობებსა და Cloud-ის სისტემაში ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს; Apple მომხმარებლებს იმასაც ჰპირდება, რომ პირადი უსაფრთხოების სტანდარტები დაცული იქნება.
ამ ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებების შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოში გავიგეთ. Bloomberg-ის პირვანდელი ინფორმაციით, Apple თავისი ვირტუალური ასისტენტის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გასაზრდელად Google-ისთვის ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი დოლარის გადახდას გეგმავდა. ეს მიანიშნებს, რომ Google-ის სისტემების მიმართ ნდობა იზრდება, რაც OpenAI-სთან მის კონკურენციას კიდევ უფრო მეტად აღრმავებს.
უნდა აღინიშნოს, რომ Google ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს იხდის, რათა iPhone-ების სტანდარტულ საძიებო სისტემად დარჩეს. მას შემდეგ, რაც ახალი თანამშრომლობის შესახებ გახდა ცნობილი, Google-ის მფლობელ კომპანია Alphabet-ის აქციების ფასი დროებით გაიზარდა — მისმა საბაზრო ღირებულებამ 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება Siri-ს ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებას, ეს შარშან სწორედ 2026 წლისთვის გადაიდო. შესაბამისად, ცვლილებებს წელს ვიხილავთ. ჯერჯერობით უცნობია, რას ნიშნავს ეს პარტნიორობა იმავე პროდუქტში ChatGPT-ის ინტეგრაციის სამომავლო გეგმებისთვის. Apple-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე OpenAI-სთან მოლაპარაკებებში ცვლილებები არაა.
კომენტარები