სამყაროს გაფართოება სულ უფრო ჩქარდება და ფიზიკოსებისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, რომელზეც ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს. დღეს არსებული თეორიები სრულად ვერ ხსნის ამ ფენომენს. სამყაროს დღევანდელი სტანდარტული სურათი აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიასა და ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელზეა აგებული. ამ ჩარჩოში მეცნიერები, როგორც წესი, ვარაუდობენ, რომ სივრცის სწრაფი გაფართოების ასახსნელად არსებობს იდუმალი ძალა, რომელიც ცნობილია როგორც "ბნელი ენერგია". კოსმოლოგიაში მისი ფართოდ გამოყენების მიუხედავად, ბნელი ენერგიის ნამდვილი ბუნება და წარმოშობა ჯერ კიდევ უცნობია.

ასევე: რა არის ბნელი მატერია და ბნელი ენერგია?

და, აი, ახლა ბრემენის უნივერსიტეტის გამოყენებითი კოსმოსური ტექნოლოგიებისა და მიკროგრავიტაციის ცენტრის (ZARM) მკვლევრები პრობლემის სხვაგვარად გადაჭრას გვთავაზობენ. მათი ნაშრომი მიუთითებს, რომ სამყაროს გაფართოება, შესაძლოა, ბნელი ენერგიის გარეშე აიხსნას.

რატომ დაემატა ბნელი ენერგია თავიდანვე

კოსმოლოგები აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიას ფრიდმანის განტოლებებთან ერთად იყენებენ იმის აღსაწერად, თუ როგორ იცვლება სამყარო დროთა განმავლობაში. მეორე მხრივ, როდესაც ეს განტოლებები რეალურ ასტრონომიულ დაკვირვებებზე გამოიყენება, ისინი არასაკმარისია. იმისათვის, რომ ტელესკოპებით დანახულ მონაცემებს შეესაბამებოდეს, მეცნიერებმა განტოლებებში ბნელი ენერგია უნდა დაამატონ. ეს დამატება თავისთავად თეორიიდან ბუნებრივად არ არის მიღებული, ამიტომ ბევრისთვის ის დამაკმაყოფილებელი არაა.

ახალი მიდგომა გაფართოებული გრავიტაციით

ამ შეზღუდვის გამო, ZARM-ის გუნდმა და მათმა რუმინელმა კოლეგებმა ალტერნატიული იდეა შეისწავლეს. მათი შედეგები ჟურნალ Cosmology and Astroparticle Physics-ში გამოქვეყნდა და ზოგადი ფარდობითობის გაფართოებას ეყრდნობა, რომელიც ცნობილია როგორც ფინსლერის გრავიტაცია. ეს მიდგომა ბოლო წლებში შემუშავდა და იყენებს სივრცე-დროის გეომეტრიის უფრო ფართო აღწერას.

GRT-ის სტანდარტული ფორმულირებისგან განსხვავებით, ფინსლერის გრავიტაციას შეუძლია გაზების გრავიტაციული ქცევის უფრო ზუსტად აღწერა. ეს განსხვავება გადამწყვეტი შეიძლება იყოს სამყაროს მასშტაბური ქცევის მოდელირებისას.

დაჩქარებული გაფართოება ბნელი ენერგიის გარეშე

როდესაც მკვლევრებმა ფინსლერის გრავიტაცია ფრიდმანის განტოლებებზე გამოიყენეს, მათ გასაოცარი შედეგი მიიღეს. მოდიფიცირებული განტოლებები, რომლებიც ფინსლერ-ფრიდმანის განტოლებების სახელითაა ცნობილი, ბუნებრივად პროგნოზირებს სამყაროს გაფართოების აჩქარებას ცარიელ სივრცეშიც კი. ამ გადმოსახედიდან დამატებითი მოცემულობა არ არის საჭირო, შესაბამისად აღარც ბნელი ენერგიაა აუცილებელი.

"ეს საინტერესო მანიშნებელია იმისა, რომ შესაძლოა, სამყაროს აჩქარებული გაფართოების ახსნა, სულ მცირე ნაწილ-ნაწილ, ბნელი ენერგიის გარეშე, განზოგადებული სივრცე-დროის გეომეტრიის საფუძველზე შევძლოთ. ამით კოსმოსში ბუნების კანონების გასაგებად ახალი შესაძლებლობები გვიჩნდება", — ამბობს კრისტიან პფაიფერი, ZARM-ის ფიზიკოსი და კვლევითი ჯგუფის წევრი.

მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას აპირებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.