ჩინელმა მეცნიერებმა სწრაფი, იაფი და ეკომეგობრული მეთოდი შეიმუშავეს, რომლითაც ძველი ელექტრონული მოწყობილობებიდან ოქროს მოპოვება შეიძლება. ახალი ტექნიკა სულ რაღაც 20 წუთს მოითხოვს. იგი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიისა და სამხრეთი ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს.

გუნდმა აღნიშნა, რომ ახალი პროცესის განხორციელება იმის მესამედი ჯდება, რამდენიც ოქროს მოპოვების ამჟამინდელი საბაზრო ღირებულებაა. გარდა ამისა, ახალი მეთოდით ძველი ტელეფონების ცენტრალური პროცესორებიდან და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაბეჭდი სქემებიდან ოქროს 98,2% მიიღება.

ელექტრონული ნარჩენების გადამუშავება დღესდღეობით მსოფლიოში მწვავე პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წლიურად ელექტრონული ნარჩენების წარმოქმნა 2,6 მილიონი ტონით იზრდება. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 82 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

ელექტრონულ ნარჩენებს ძირითადად კომპიუტერები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მობილური ტელეფონები და სამედიცინო აღჭურვილობა წარმოქმნის. ეს საგნები მცირე რაოდენობით ძვირფას ლითონებს შეიცავს, მათ შორის ოქროსა და პალადიუმს. ისინი ხშირად გამტარობის, სტაბილურობისა და კოროზიისადმი წინაღობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება.

ტრადიციული მეთოდებით გადამუშავებისას ხშირად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება, მაგალითად ციანიდი. ეს როგორც გარემოს, ასევე ჩვენს ჯანმრთელობასაც აზიანებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად გუნდმა ახალი პროცესი შეიმუშავა.

ამ მეთოდის ფარგლებში კოროზიული რეაგენტების ან გარე კატალიზატორების გამოყენება აუცილებელი აღარაა. ამის ნაცვლად კალიუმის პეროქსიმონოსულფატისა (PMS) და კალიუმის ქლორიდის (KCl) მარტივ ხსნარს იყენებს. როცა ეს ხსნარი ოქროს ან პალადიუმის შემცველ ზედაპირებს ეხება, კატალიზატორის როლს თავად მეტალები ასრულებს: მეტალის ზედაპირზე PMS და ქლორიდის იონები (Cl⁻) აქტიურდება, რაც მაღალი რეაქტიულობის მქონე მჟანგავებს წარმოქმნის, მაგალითად ჰიპოქლორის მჟავას.

ამის შემდეგ ეს მჟანგავები მეტალის ატომებს შლის, რაც აწ უკვე მეტალის იონებს ქლორიდის იონებთან შეკავშირებაში ეხმარება. ამის შედეგად მეტალები ხსნარში გადადის, ეს კი ოქროს აღდგენას ამარტივებს.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ამ მეთოდით ცენტრალური პროცესორებიდან ოქროს 98,2%-ზე მეტი მიიღება, ხოლო ნაბეჭდი სქემებიდან — პალადიუმის 93,4%-ზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც 10 კგ. ნაბეჭდი სქემებიდან შეგვიძლია 1,4 გ. ოქრო ამოვიღოთ, რაც დაახლოებით 72 აშშ დოლარი დაგვიჯდება. ეს დღევანდელ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია.

ამ ყველაფერთან ერთად ახალი პროცესი დაახლოებით 62,5%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ტრადიციული ტექნიკები. ამასთანავე, მეთოდის ფარგლებში რეაგენტებზე დახარჯული თანხაც მინიმუმ 93%-ით მცირდება.

კვლევა გამოცემაში Angewandte Chemie International Edition გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.