გრენლანდია, დედამიწის უდიდესი კუნძული, ბუნებრივი რესურსებით უმდიდრესია. ამაში იგულისხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული — რესურსები, როგორიცაა ლითიუმი და მიწის იშვიათი ელემენტები (REEs), რომლებიც აუცილებელია მწვანე ტექნოლოგიებისთვის. მეორე მხრივ, მათი წარმოება და მდგრადობა ძალიან რთულია. გრენლანდიაშია ასევე სხვა ძვირფასი მინერალები და ლითონები. აქ არის ნავთობი და გაზიც.

გრენლანდიის ყინულის ქვეშ ღრმად მდებარე, იშვიათი საბადოები სულ უფრო დიდ ინტერესს აჩენს. ამ საბადოების ათვისებას ბატარეებისა და ელექტრო კომპონენტების წარმოების გამარტივება შეუძლია.

გრენლანდიის ნახშირწყალბადების პოტენციალისა და მინერალური სიმდიდრის მასშტაბებმა დანიასა და აშშ-ს ახალი კვლევების ჩატარებისკენ უბიძგა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლი (ყინულით დაფარული ტერიტორიების ჩათვლით) შეიცავს დაახლოებით 31 მილიარდ ბარელ ნავთობს — რაც აშშ-ის ნედლი ნავთობის დადასტურებული მარაგების მთლიანი მოცულობაა.

გრენლანდიის არაყინულოვანი ტერიტორია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ფართობს თითქმის ორჯერ აღემატება, კუნძულის მთლიანი ზედაპირის მეხუთედზე ნაკლებია. ეს ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ყინულის ქვეშ შეუსწავლელი ბუნებრივი რესურსების უზარმაზარი მარაგი იმალება.

ფოტო: Canva

გრენლანდიის ბუნებრივი სიმდიდრე დაკავშირებულია მის მრავალფეროვან გეოლოგიურ ისტორიასთან, რომელიც 4 მილიარდ წელს მოიცავს. აქ არის დედამიწის ყველაზე ძველი ქანები და უზარმაზარი ნატურალური რკინის ნატეხები. 1970-იან წლებში აქ აღმოაჩინეს ვულკანური წარმოშობის ქანები, რომლებიც ალმასს შეიცავს. მოპოვების სირთულეების გამო ისინი ბოლომდე ათვისებული ჯერ არ არის.

გეოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან უჩვეულოა ერთ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების ასეთი ფართო არჩევანი. ეს პროცესები დაკავშირებულია მთის ფორმირებასთან და ვულკანურ აქტივობასთან.

გრენლანდიის ფორმირება ხანგრძლივი მთათწარმოქმნის პერიოდებმა განაპირობა. ამ პროცესებმა ქერქი დაანაწევრა, რის შედეგადაც ნაპრალებში ოქრო და გრაფიტი დაილექა.

გრაფიტი ლითიუმის ბატარეების წარმოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა დანიისა გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ის კვლავ არასაკმარისადაა შესწავლილი.

ფოტო: CC BY-NC-SA

გამოწვევები

გრენლანდია ვულკანური აქტივობის მხრივ ისლანდიას ვერ შეედრება, მაგრამ მისი უმეტესი ბუნებრივი რესურსები სწორედ ვულკანურ ისტორიასთან არის დაკავშირებული. ეს რესურსები უმნიშვნელოვანესია დღეს, მაგრამ მათი მოპოვება ძალიან რთულია.

ამ მხრივ ხელის შემშლელი ფაქტორი სქელი ყინულია, რომელიც ზედაპირს ფარავს, მაგრამ გლობალური დათბობის პარალელურად ყინული სულ უფრო დნება. მაგალითად, მხოლოდ 1995 წლიდან გრენლანდიამ ალბანეთის ტერიტორიის ეკვივალენტი ყინული დაკარგა.

ამის პარალელურად ვითარდება ბურღვითი ტექნოლოგიები და ყინულში ღრმად შეღწევა სულ უფრო ადვილდება.

დილემა

შესაძლოა, მალე გრენლანდიაში დილემის წინაშე აღმოჩნდნენ — ერთის მხრივ, მათ შეეძლებათ რესურსების მოპოვების დაჩქარება, მაგრამ მეორე მხრივ, ეს დააჩქარებს კლიმატის ცვლილებების შედეგებს გრენლანდიასა და მის ფარგლებს გარეთ. მეტიც, შედეგად შეიძლება განადგურდეს გრენლანდიის ხელუხლებელი ლანდშაფტის დიდი ნაწილი.

ამჟამად, რესურსების მოპოვების საქმიანობა მკაცრად რეგულირდება გრენლანდიის მთავრობის მიერ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ყოვლისმომცველი სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით.

მეორე მხრივ, კონტროლის ეს მექანიზმები შეიძლება შემსუბუქდეს აშშ-ს გრენლანდიის მომავლით დაინტერესების ფონზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.