პათეტიკური მონოლოგები — თემო რეხვიაშვილის გზა მწერლობასა და თეატრში
"სად დავაწყოთ ეს სკამები?" — გარდაცვლილი მსახიობის პანაშვიდზე ამ შეკითხვის დასმით და სცენაზე მუშების შემოსვლით იწყება სპექტაკლი "პათეტიკური მონოლოგები", რომელიც ორი წელია, ანშლაგით იმართება.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
პათეტიკური მონოლოგები მსახიობის, დრამატურგისა და პრემია საბას მფლობელი მწერლის, თემო რეხვიაშვილის, პიესის მიხედვით თეატრალურ კომპანია ჰარაკში დაიდგა 2023 წლის დეკემბერში. რეჟისორი ილია ქორქაშვილია. პათეტიკური მონოლოგები ავტორის სხვა პიესასთან, CO2-თან ერთად, ცოტა ხნის წინ წიგნადაც გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ. სწორედ ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 27 დეკემბერს ჰარაკში, სადაც პიესების კრებული რეხვიაშვილთან და ქორქაშვილთან ერთად, რეჟისორმა და დრამატურგმა გიორგი ჯამბურიამ წარადგინა.
პათეტიკური მონოლოგები უჩვეულო პიესაა, როგორც ფორმით, ისე შექმნის ისტორიით. სახელიდანაც მიხვდებოდით, რომ ამბავი მეტწილად ვრცელი მონოლოგებითაა მოყოლილი, მთხრობლად კი ხან ანტიგონე გვევლინება, ხან ძაღლი და ხანაც, არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის ანძა. იმასაც გაგიმხელთ, რომ აქ ბევრ ნაცნობ სახეს თუ სახელს შეხვდებით, მათ შორის, გალაკტიონ ტაბიძეს, ვერიკო ანჯაფარიძეს და სტალინის დედასაც კი. ისტორია სახელოვანი მსახიობის პანაშვიდზე ვითარდება, სადაც სცენას მუშები ხსნიან. ეს შესავალი ნაწილი, რომელიც ათიოდე წუთს გრძელდება, ცენტრალური სიუჟეტისთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არაა, მისი საჭიროება კი უცნაურმა მიზეზმა განაპირობა: დაწყებულ სპექტაკლზე ხშირად საცობების გამო გვიან შემოსწრებულ მაყურებელს ვითარება ადვილად უნდა გაეგო.
მახსოვს, პათეტიკური მონოლოგების პირველი, სამუშაო ვერსია რომ წავიკითხე, ძალიან ბევრი ვიცინე და მერე უცებ შემეშინდა, ვიფიქრე, სცენაზეც თუ ისე გაცოცხლდებოდა, როგორც კითხვის დროს.
მეტიც, როგორც თავად ავტორი ამბობს, პიესის ფორმაც ასეთმა პრაგმატულმა მიდგომამ ჩამოაყალიბა: მონოლოგურ წარმოდგენაში ადვილად ჩანაცვლდება მსახიობი, რომელსაც ბევრი მიზეზის გამო შეიძლება მოუწიოს რეპეტიციის გაცდენა.
წიგნის წარდგენის შემდეგ, ავტორს პირადადაც შევხვდით და მეტი გავიგეთ, როგორც პიესებზე, ასევე მისი, როგორც ხელოვანის ცხოვრებაზე. დასასრულს პატარა ბლიციც გელოდებათ.
ცხოვრება კურიერის ამბების შემდეგ
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
თემო რეხვიაშვილის სადებიუტო წიგნი კურიერის ამბები 2021 წელს გამოიცა და პრემია საბა დაიმსახურა საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. წიგნში მთხრობელი მსახიობია, რომელიც თავის სარჩენად კურიერად მუშაობს და ირონიით გვიყვება ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ პირობებსა და ხელოვანების ხვედრზე. კურიერის ამბები ბესტსელერადაც იქცა, მის მიხედვით ანკა გუჯაბიძის გადაღებულმა ფილმმა კი როტერდამის 2025 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.
თუმცა, წიგნის ასეთ აღიარებას პიესებზე გავლენა დიდად არ მოუხდენია: ეს ტექსტები გამოსაცემად კი არა, თეატრებში დასადგმელად დაიწერა, ამდენად, ავტორმა წარმატების შემდგომ წნეხს გვერდი ადვილად აუარა. თუმცა, რეხვიაშვილის სადებიუტო წიგნმა ნამდვილად იქონია გავლენა თეატრალურ კომპანია ჰარაკზე, რომლის თანადამფუძნებელიც თავადაა.
"კურიერის ამბების გამოცემის მერე ბევრი ადამიანი მოსულა და უთქვამს, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ აღმოუჩენია ჩვენი თეატრი", — იხსენებს თემო, — "თეატრს მაყურებელი ისედაც არ აკლდა, თუმცა, ასე გაზრდილი დაინტერესება და ახალი აუდიტორიის შეძენა ყველაზე დიდ მონაპოვრად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მე, პირველ ყოვლისა, მსახიობი და დრამატურგი ვარ".
რეხვიაშვილმა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი 2015 წელს დაამთავრა და მას შემდეგ არაერთ თეატრში ითამაშა როლები. ამასთან, დრამატურგიას სწავლობდა თემურ ჩხეიძის სახელოსნოში, სადაც პიესების წერის გამოცდილება მიიღო. სახელოსნოში შექმნილი პიესების სამუშაო ვერსიებიდან ფრაგმენტებს პათეტიკურ მონოლოგებშიც შეხვდებით, სადაც მსახიობები სხვადასხვა სპექტაკლიდან ნაწყვეტებს ასრულებენ.
რა განასხვავებს შემოქმედებით პროცესში პიესას პროზისგან, ამ შეკითხვაზე პასუხად, რეხვიაშვილი "პარადოქსულ" მდგომარეობას ხსნის.
"როგორც შემოქმედს, ცხადია, პროზაულ ტექსტზე მუშაობისას მეტი თავისუფლება გაქვს, რადგან თავიდან ბოლომდე შენზეა დამოკიდებული მისი განვითარება", — აღნიშნავს თემო, — "პიესის წერისას, თითქოს, შეზღუდული ხარ, რადგან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება გიწევს, თუმცა, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პიესა სხვაგვარ, უფრო მეტ თავისუფლებასაც განიჭებს. მე გამიმართლა, რომ კრებულში შესული ორივე პიესა უკვე დადგმულია (დრამატურგების დაწერილი ტექსტი ხშირად წლების განმავლობაშიც არ იდგმება ხოლმე) და შესაძლებლობა მქონდა, მაყურებლის რეაქცია მენახა. თუკი არ იცი, ვინ როგორი განცდით კითხულობს წიგნს, თეატრში ეს ყველაფერი შენ თვალწინ ხდება და ცოცხალ ემოციას უყურებ".
პათეტიკური მონოლოგებით მიღებული ცოცხალი ემოცია კი იმდენად გადამდებია, რომ უკვე ორი წელია, სპექტაკლისადმი ინტერესი არ ნელდება. ინტერვიუს მომენტშიც, ორი დღით ადრე დადებული ყველა ბილეთი უკვე გაყიდული აღმოჩნდა.
თანამედროვე თეატრი და ხელოვნების როლი დღევანდელობაში
კადრი რეხვიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლიდან CO₂
ფოტო: გიორგი შენგელია / თეატრი ათონელზე
იმის მიზეზებზე საუბრისას, თუ რატომ სარგებლობს მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები ასეთი პოპულარობით, რეხვიაშვილი თემატიკას უსვამს ხაზს. მისი აზრით, მაყურებელსაც და მკითხველსაც მეტად აინტერესებს ნაწარმოებები, რომლებიც დღევანდელობას ეხმიანება.
ყველა ხელოვანი სხვადასხვაგვარად უდგება თავის შემოქმედებას და განსხვავებულად ხედავს მის არსს. შეიძლება სხვა დროს სხვანაირად ვიფიქრო, მაგრამ დღეს ჩემთვის ხელოვნება ერთგვარი ნუგეშია, რომელიც საღი აზრის შესანარჩუნებლად მჭირდება.
"მე, როგორც მაყურებელი, ასე ვარ განწყობილი: თანამედროვე ქართულ პიესებზე უფრო მეტი ინტერესით დავდივარ. ასევეა კინოშიც, თანამედროვე ქართულ ფილმებში ბევრ ნაცნობ რამეს შეხვდები და ეს მაყურებელს უფრო აინტერესებს", — აღნიშნავს რეხვიაშვილი, — "თუკი უფრო მეტი ახალი პიესა დაიწერება და დაიდგმება, ეს პროცესი ძალიან განავითარებს ჩვენს დარგს".
წიგნის წარდგენისას, რეჟისორმა გიორგი ჯამბურიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ პათეტიკური მონოლოგები თანამედროვე "ცოცხალ დრამატურგიას" უწყობს ფეხს — როცა ავტორი მუშაობისას მხედველობაში იღებს, ვისთვის წერს პიესას. მეტიც, რეხვიაშვილის დრამატურგია, რომელიც ტრადიციულ დრამატულ სტრუქტურას არღვევს და პოსტდრამატულ ტექსტებად მოიხსენიება, ჯამბურიას აზრით, "დოკუმენტურ პიესებადაც" შეიძლება მოინათლოს.
პათეტიკური მონოლოგების პრეზენტაცია თეატრალურ კომპანია ჰარაკში
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
რეხვიაშვილისთვის თანამედროვეობის ხელოვნებაში ასახვა მხოლოდ მაყურებლის დასაინტერესებლად როდია მნიშვნელოვანი. სხვა თუ არაფერი, კურიერის ამბები ხომ სოციალური სატირაა, რომელიც მწარე რეალობას ხატავს. საპროტესტო განწყობა იგრძნობა ავტორის პიესებშიც, თუმცა, ეს მხოლოდ პოლიტიკურ ვითარებას კი არა, სოციალურ საკითხებსაც მიემართება.
"ეს პიესები პროტესტის მიზნით არ შექმნილა, თუმცა, ცხადია, საპროტესტო ასპექტიც ბუნებრივად, თავისთავად შეიძინა. როცა დღევანდელობაზე წერ პიესას, ამას გვერდს ვერ აუვლი", — ამბობს თემო, — "მაგალითისთვის, პათეტიკურ მონოლოგებში ერთ-ერთ პერსონაჟი კულტურის მინისტრია, რომელიც დამსახურებული ხელოვანების პანაშვიდებზე ჩნდება ხოლმე. მასთან ერთად, ასე თავისთავად შემოვიდა ნაწარმოებში პოლიტიკა. თუმცა, ორივე პიესაში ბევრად მძაფრია სოციალური პროტესტის განცდა".
CO2, რეხვიაშვილის მეორე პიესა, რომელიც წიგნში შედის, თეატრ ათონელის სცენაზე დაიდგა 2025 წლის აპრილში (რეჟისორი ასევე ილია ქორქაშვილია). ნაწარმოებში, რომელიც სპექტაკლში მონაწილე მსახიობების, პაატა ინაურისა და ვანო თარხნიშვილის, თხოვნით დაიწერა, ანონიმური ალკოჰოლიკების კლუბს Zoom-ის შეხვედრით ვეცნობით.
"CO2 კაცი მსახიობების თხოვნით დაიწერა და, აქედან გამომდინარე, პიესა ცდილობს, გაათახსიროს კაცი, როგორც გენდერი", — ხუმრობით ასე ახასიათებს ავტორი ტექსტს.
სხვათა შორის, ორივე პიესის წერის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც მსახიობები, ასევე რეჟისორი და ტექსტიც შესაბამისად იცვლებოდა.
ბლიცი თემო რეხვიაშვილთან
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
სანამ ბოლო შეკითხვით სამომავლო გეგმებზე გადავიდოდით, მწერალსა და დრამატურგს საგანგებოდ პრუსტის კითხვარით შედგენილი ბლიცი შევთავაზეთ.
რას აღნიშნავს ბედნიერების იდეა თქვენთვის?
ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ მომაგონდა, რომ თემურ ჩხეიძე გვეუბნებოდა, არ არსებობს თავისთავადი სევდა, ეს, უბრალოდ, სიხარულის მოთხოვნილება არისო.
საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი.
ამჟამად მყავს ორი საყვარელი პერსონაჟი: ულისეს ლიმა და არტურო ბელანო რობერტო ბოლანიოს ველური დეტექტივებიდან.
საყვარელი მწერალი/მწერლები.
ისევ იმავეს ვიტყვი: ამჟამად რობერტო ბოლანიო.
ყველაზე დიდი შიში.
ახლობელი ადამიანების დაკარგვა.
რომელ ცოცხალ ადამიანს მიიჩნევთ იდეალად?
ბევრს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.
რომელ ადამიანურ თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად?
"ჯიგრობას".
ნიჭი, რომლის ქონასაც ისურვებდით.
როკსტარი ვიქნებოდი.
რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ სიცოცხლე?
თეატრის.
ფრაზა, რომელიც ცხოვრებისეულ დევიზად გაქვთ ქცეული.
"ღმერთო, მიხსენი მეგობრებისგან, მტრებს თავადვე გავუმკლავდები".
სამომავლო გეგმები: ახალი რომანი და პიესა
მართალია, პათეტიკური მონოლოგები და CO2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბებია, მაგრამ პიესებში "ქროსოვერებსაც" შეხვდებით. ეს გასაკვირი არაა, რადგან ავტორს ტრილოგია აქვს ჩაფიქრებული. ამდენად, მალე მესამე პიესასაც უნდა ველოდოთ...
თუმცა, მანამდე რეხვიაშვილისთვის მთავარი პრიორიტეტი ახალი რომანია, რომელზეც უკვე ორი წელია, მუშაობს. ხუმრობს კიდეც, დათქმული მაქვს, თმას არ შევიჭრი, სანამ არ დავასრულებო. რომანი კურიერის ამბებისგან განსხვავებული იქნება, თუმცა, ერთი მსგავსება მაინც აქვთ: მთავარი გმირი აქაც ხელოვანია, სხვაგვარი პრობლემებით.
"მთავარი პერსონაჟი არის ემიგრაციაში მყოფი პოეტი, რომელსაც შემოქმედებითი კრიზისი აქვს: მზის ამოსვლაზე უნდა ლექსის დაწერა, მაგრამ ვერ წერს", — გვიმხელს თემო. ამატებს, რომ ჩვენი საუბრის დასაწყისში ნახსენები წნეხი რომანზე მუშაობისას მოქმედებს, მაგრამ გადალახვადია.
ახალი რომანიდან ნაწყვეტი ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ჟურნალში ქართული მწერლობა (#24).
სანამ ახალი წიგნი და პიესა დღის სინათლეს იხილავს, თემო რეხვიაშვილი თეატრის მოყვარულებს სხვა სიახლით გაახარებს: 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, გაეშვება მისი თანადაფუძნებული პლატფორმა tobe.one, სადაც ახალი სპექტაკლების აღმოჩენას და შეფასებას შეძლებთ.
კომენტარები