მალავის შუაგულში, უძველეს კლდოვან თავშესაფარში, არქეოლოგებმა ზრდასრული ადამიანის კრემაციის მსოფლიოში უძველესი მტკიცებულება აღმოაჩინეს.

9 500 წლის წინანდელი დამწვარი ნეშტი ცხადყოფს, რომ დაღუპული 18-დან 60 წლამდე ასაკის ქალი იყო. როგორც ჩანს, მისი ცხედარი დიდ კოცონზე დაწვეს. ეს კრემაცია იქ მოხდა, სადაც სულ მცირე 8 000 წლის განმავლობაში ადამიანებს კრძალავდნენ.

"კრემაცია აფრიკაში მოხდა და ის ზრდასრული ადამიანის კრემაციის უძველესი ნიმუშია", — აღნიშნეს მკვლევრებმა, რომლებსაც ოკლაჰომას უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ჯესიკა კერესო-რომანი ხელმძღვანელობდა.

აღმოჩენა ცხადყოფს, რომ მონადირე-შემგროვებლებისთვის რიტუალები უცხო არ იყო და ისინი შეიძლება გაცილებით უფრო რთული იყო, ვიდრე აქამდე გვეგონა.

ამ ცერემონიას დაგეგმვა და რესურსები საჭიროებდა. მათ იმდენი შეშა უნდა შეეგროვებინათ, რომ ცეცხლი საათების განმავლობაში შენარჩუნებულიყო.

ასევე გასათვალისწინებელია ძეგლის უწყვეტი გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ მონადირე-შემგროვებლებს გააჩნდათ სოციალური მახსოვრობა და შესაბამისად, წინაპრების თაყვანისცემის ფორმებიც. ადრე მიიჩნეოდა, რომ ამ უძველეს ადამიანებში მსგავსი მახასიათებლები მინიმალურად იყო წარმოდგენილი.

მიზანმიმართული დაკრძალვის ჩვენთვის ყველაზე ადრეული შემთხვევა 78 000 წლით თარიღდება. კიდევ უფრო ადრეული შემთხვევები ჰომინინის სხვა სახეობებთან არის დაკავშირებული და დღემდე კამათის საგანია.

რაც შეეხება კრემაციას, 7 000 წლის წინანდელი მტკიცებულებები მწირია, განსაკუთრებით მონადირე შემგროვებლებში. ადამიანის კრემაციის უძველესი ნარჩენები 40 000 წლის წინანდელია, თუმცა კოცონის კვალი ჯერაც არ არის აღმოჩენილი.

HOR-1-ის ადგილმდებარეობა კლდოვან თავშესაფარში, ჰორას მთის ძირში, მალავიში, აღმოსავლეთ აფრიკაში.

ფოტო: Jessica Thompson

ყველაზე ძველი კოცონის კვალი, რომელიც მოწყობილია და სადაც კრემაცია მოხდა, 11 500 წლის წინანდელია. ის ალასკაზე აღმოაჩინეს და კრემაცია იქ პატარა ბავშვს ჩაუტარეს.

ამის შემდეგ, კრემაციის ნიშნები დაახლოებით 7 000 წლის წინანდელ პერიოდში ჩნდება სამხრეთ ლევანტში.

მალავიში, ჰორას მთის ძირში HOR-1 არქეოლოგიური ძეგლია, სადაც ადამიანების აქტივობა 21 000 წლის წინ ჩნდება. 16 000-დან 8 000 წლის წინ ეს ადგილი დამკრძალავი რიტუალებისთვის გამოიყენებოდა. არქეოლოგებმა იქ 11 ინდივიდის ნაშთები აღმოაჩინეს.

მათგან დაკრძალვის წინ კრემაციის მტკიცებულება მხოლოდ ერთ ინდივიდს აღენიშნება. მას Hora 3 უწოდეს. ფერფლთან ერთად მისი მხოლოდ კიდურების ძველები, ხერხემლისა და მენჯის ნაწილებია აღმოჩენილი — ეს ყველაფერი დაკრძალვის მკაფიო სურათს ხატავს.

ფოტო: Arizona State University

დამწვრობისა და ბზარების კვალი მიუთითებს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ იყო. მეტიც, Hora 3-ის სხეულზე ჭრილობები მიანიშნებს, რომ მას სხეულის ზოგიერთი ნაწილი კრემაციის წინ მოაჭრეს.

ვერ მიაგნეს ქალის თავის ქალასა და კბილებს. ეს აჩენს ეჭვს, რომ დაწვამდე მას თავი მოაჭრეს. მსგავსი პრაქტიკის კვალი რეგიონში სხვა არქეოლოგიურ ნიმუშებშიცაა დაფიქსირებული. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს ერთგვარი ტრადიცია იყო.

ფერფლის ანალიზის შემდეგ მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ცეცხლი დაახლოებით 30 კილოგრამის ხის მასალასა და მცენარეებს ეკიდა. მკვლევრები თვლიან, რომ ეს ადგილი კრემაციისთვის შემდგომი საუკუნეების განმავლობაშიც გამოიყენებოდა.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.