რუბინის ობსერვატორიით აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელიც რეკორდული სიჩქარით ბრუნავს
ფოტო: Vera C. Rubin Observatory
ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიით მეცნიერებმა მოზრდილი ასტეროიდი აღმოაჩინეს, რომელიც წარმოუდგენლად სწრაფად ბრუნავს. მას 2025 MN45 ჰქვია, 710 მეტრი სიგანისაა და ერთხელ შემოტრიალებას მხოლოდ 1.88 წუთს ანდომებს.
საინტერესო ისაა, რომ 150 მეტრზე დიდი ზომის ასტეროიდი, წესით, 2.2-საათიანი ბრუნვის პერიოდის ქვედა ნიშნულზე ნაწილებად უნდა დაიშალოს. ეს იმიტომ, რომ სხეულის სტრუქტურულ ერთიანობას ამ დროს ცენტრიდანული ძალა ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა უჩვეულოდ სწრაფად მბრუნავი 18 სხვა ასტეროიდიც დააფიქსირეს, რაც მიანიშნებს, რომ შეიძლება ეს ობიექტები მოსალოდნელზე გამძლე იყოს.
ასევე, იხილეთ: და, აი, ისიც! — ნახეთ რუბინის ობსერვატორიის პირველი სურათები
ასტეროიდების უმეტესობა მტვრისა და ქვების გროვაა, რომელიც გრავიტაციით სუსტადაა შეკავშირებული. შესაბამისად, დეკადების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ არის სიჩქარის გარკვეული ზღვარი, რომლის მიღმაც მათი დაუშლელად ბრუნვა შეუძლებელია; როგორც უკვე ვახსენეთ, დიდი ზომის ასტეროიდების შემთხვევაში ეს მიჯნა 2.2-საათიანი პერიოდია, რაც 1990-იან წლებში ივარაუდეს. ჰიპოთეზა 2000 წელს დაკვირვებებით დაადასტურეს — მხოლოდ რამდენიმე ისეთი ობიექტი აღმოჩნდა, რომელიც უფრო სწრაფად ბრუნავდა და ერთიანობას მაინც ინარჩუნებდა.
რუბინის ობსერვატორიამ 2025 წლის 21 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში დაახლოებით 340 000 ასტეროიდის შესახებ მოიპოვა მონაცემები. ახალი კვლევის ავტორებმა 76 მათგანის ბრუნვის ტემპი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ 19 ობიექტის ბრუნვის სიჩქარე ზემოხსენებულ ბარიერს ჩამოუვარდებოდა: 16-ისა 2.2. საათსა და 13 წუთს შორის იყო, დანარჩენი 3-ისა კი — 5 წუთზე ნაკლები.
ეს მოულოდნელია რადგან შედარებით სწრაფი ასტეროიდები მეტწილად დედამიწასთან ახლოსაა და არა მთავარ სარტყელში. პირველი კატეგორიიდან ერთი ობიექტი გამოავლინეს — 2025 MN45, რომელიც რეკორდულად სწრაფად ბრუნავს, მაგრამ სხვების მონაცემებიც საინტერესოა. საუბარია საკმაოდ ბევრ ასტეროიდზე, ანუ შეიძლება მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე სარტყელში იმაზე მეტი მკვრივი სხეული მოძრაობდეს, ვიდრე ვპროგნოზირებდით.
უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი ასტეროიდების ნაწილი შეიძლება ძველი შეჯახებების ნარჩენი იყოს, ანუ ადრეულ მზის სისტემაზე გვაწვდიდეს ინფორმაციას. შესაბამისად, რუბინის ობსერვატორიის დაკვირვებებით ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს წარსულის გამოკვლევის საშუალება გვეძლევა.
ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები