გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) დატოვებაზე აშშ-ის განცხადების შემდეგ ისრაელმაც ორგანიზაციიდან გამოსვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალ ტრამპის გადაწყვეტილებაც მოიწონა:

"ეს თამამი და მორალური გადაწყვეტილებაა, რადგან იუნესკო აბსურდის თეატრად გადაიქცა და ისტორიის შენარჩუნების მაგივრად, მას ამახინჯებს".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იუნესკოს დატოვების მიზეზი ორგანიზაციის მიერ ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკაა. აშშ თავისი წარმომადგენლობის ნაცვლად ორგანიზაციაში მიავლენს სადამკვირვებლო მისიას.

იუნესკომ განაცხადა, რომ აშშ-ს გასვლა არის დანაკარგი გაერთიანებული ერების ოჯახისთვის. ორგანიზაციაში აშშ-ის წევრობა 2018 წლის 31 დეკემბერს შეწყდება.

იუნესკო 1945 წელს დაარსდა და მისი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს. ორგანიზაციის წევრია მსოფლიოს 195 სახელმწიფო, ასოცირებული წევრის სტატუსი კი დამატებით 10 სუბიექტს აქვს.

იუნესკოს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო უშიშროების ხელშეწყობა, ასევე, მშვიდობის, განათლებისა და კულტურის გავრცელება, მეცნიერების განვითარება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა. იუნესკოს უმნიშვნელოვანესი მიზანია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.