"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიდან მხოლოდ სახელი დარჩა", "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ჩიხშია შესული" — მთლად ბოლო ლურსმანი არ დაუჭედებიათ, მაგრამ არც უამისობა იყო. ყველა შეთანხმდა — პოზიციაც, ოპოზიციაც, ბრიუსელიც, რომ 2025 წლის გაფართოების ანგარიში ევროკავშირის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ამ დრომდე მიღებული ყველაზე კრიტიკული დოკუმენტია. ისიც ფაქტია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებამდე უფრო ახლოს იყო ევროინტეგრაციასთან, ვიდრე ახლა.

ნოემბრის დასაწყისში, ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობის გასაცნობად ქართული ონლაინმედიების წარმომადგენლები ბრიუსელში ვიმყოფებოდით. ამ ვიზიტს დაემთხვა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის წარდგენა. ევროკომისიასა და ევროპის საბჭოში დახურულ შეხვედრებზე მთავარი თემა სწორედ გაფართოების ანგარიში და ამ ფონზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა იყო.

გვქონდა შეხვედრები ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფთან (COEST), რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის საქართველოს, და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ყველა ასპექტს განიხილავს და რომელსაც დანიის საბჭოს თავმჯდომარეობა მასპინძლობდა. ასევე გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის გენერალურ დირექტორატთან (DG ENEST) და საგარეო ურთიერთობების ევროპულ სამსახურთან (EEAS), სადაც გვითხრეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ბრიუსელი მიიღებს, წევრი ქვეყნების თანხმობით უნდა მოხდეს და არ უნდათ საქართველოს მოსახლეობის დასჯა.

პრეისტორია

ევროკავშირმა საქართველოს 2 წლის წინ მისცა კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით, მაგრამ 2024 წლიდან მმართველმა პარტიამ ჯერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო, შემდეგ — "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლამდე შეაჩერა, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა, პროტესტი, რომელიც დღემდე არ შეჩერებულა და სადავო კანონების მიღებისა და ამ კანონების გამკაცრების ტალღა ამ დრომდე გრძელდება. ამას ემატება "ოცნების" მაღალჩინოსნების ანტიევროპული რიტორიკა, ის, რომ ევროკავშირთან მას შემდეგ განაახლებენ მოლაპარაკებებს, როცა "ევროკავშირის ბიუროკრატია შეიცვლება", რომ "ბრიუსელი შორდება ევროპას და ევროპულ ღირებულებებს" და ა.შ.

ამ ყველაფრის შემდეგ, რამდენად რეალისტურია საქართველოს ევროინტეგრაციაზე ფიქრი და ქვეყნის ევროპული პერსპექტივა?

დახურულ შეხვედრაზე წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა უმრავლესობა ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, რომ ისინი ელოდებიან შემხვედრ ნაბიჯებს და დიალოგს საქართველოს მთავრობასთან;

წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნები აცხადებენ ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე, რომ ქართულ ოცნებასთან მაღალი დონის დიალოგი მოსალოდნელი არ არის, სანამ საქართველო ევროკავშირის გზაზე უკუსვლას განაგრძობს;

უნგრეთის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სავიზო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ და არც მარტო ისინი არიან ამ მდგომარეობაში;

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, თუნდაც საფრანგეთის მიერ მისი ქვეყნის მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, საფრანგეთისთვის — ცალკე, ქვეყნის დონეზე, ივანიშვილის სანქცირება რთული იქნება, რადგან ცალკეული პირების სანქცირებაც წევრი ქვეყნების პოზიციასთანაა დაკავშირებული;

როგორც ზევით ითქვა, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა უმრავლესობას სურს და ელოდება ოცნების ხელისუფლებასთან დიალოგს, რადგან ქვეყნის ევროინტეგრაცია მთავრობის დონეზე, ხელისუფლების ნებით, უნდა მოხდეს და რაკი ახლა ასეთი დიალოგი არ არსებობს, ამიტომაა "საქართველოს-ევროკავშირის ურთიერთობები ჩიხში" (ციტატა გაფართოების ანგარიშიდან).

ბევრ საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ევროპის საბჭოში ერთსულოვნები არიან იმაში, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და, ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი აქვთ. მაგრამ მთავარი ინტერესი, რაც მათი მხრიდან საქართველოს მიმართ არსებობს და რაც ასე ხმამაღლა და გაცხადებულად არ თქმულა — რუსეთის გავლენის ევროპის კონტინენტზე "შეკავებაა" (უკრაინის შემდეგ, სწორედ საქართველოა რუსეთის სამიზნე და საქართველოს ევროპულ მომავალს დიდწილად ამიტომაც განსაზღვრავს რუსეთ-უკრაინის ომის ბედი) და ამიტომაა ასეთი მკვეთრი ბალტიის ქვეყნების პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში — ისინი საფრთხეს აცნობიერებენ. რუსეთის ომის მანქანა, მათთან უფროს ახლოსაა ვიდრე საფრანგეთთან და გერმანიასთან.

ამ ყველაფრის ფონზე, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ "საქართველოს მიტოვება არ სურთ", "ევროკავშირი არ თმობს საქართველოს" და "ევროკავშირი არ მიიჩნევს საქართველოს დაკარგულად", მაგრამ რაკი ეს ბოლო წინადადება გაჟღერდა, ეს ნიშნავს იმას, რომ "საქართველოს დაკარგვა", შესაძლოა, უკვე დაუშვეს. ყველას ესმის — მთავრობის დონეზე სახელმწიფოს ნება თუ არ იქნება, ძალის გამოყენებით ვერავინ გაქცევს ევროკავშირის წევრ ქვეყნად. ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს ქართული ოცნება წარმოადგენს, რომელმაც, როგორც ზევით ითქვა — ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლამდე შეაჩერა. მაშინ რაღას უნდა "ჩაეჭიდოს" ევროკავშირი? ხომ შეიძლება იფიქრონ, რომ შანსი (კანდიდატის სტატუსი) მოგვცეს, ჩვენ კი ეს შანსი ხელიდან გავუშვით?

ამ ფრაზას — "ევროკავშირი არ მიიჩნევს საქართველოს დაკარგულად", ასეთი გაგრძელება ჰქონდა — "იმიტომ, რომ ხალხი ამას არ იმსახურებს" და ამ შემთხვევაში, "ხალხი", რომელიც ეწინააღმდეგება ქართული ოცნების ანტიევროპულ და რეპრესიულ პოლიტიკას და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს რუსთაველზე დგას. ბრიუსელი წინააღმდეგობას ხედავს — რუსთაველზე, ოპოზიციურად განწყობილ მედიასა და არასამთავრობო სექტორში. სწორედ ამიტომაცაა ოცნების ხელისუფლების მთავარი სამიზნე წინააღმდეგობის ეს სამი კუნძული. და სანამ ქვეყანაში არის საპროტესტო მუხტი და ამ პროტესტს აძლიერებს თავად ოცნების რეპრესიები (პროტესტანტების დაჭერით, მათ შორის ნიღბის ტარებისა და გზის გადაკეტვისთვის), ზეწოლისა და დაკავებების მიუხედავად, სანამ მედია იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, სანამ სიფხიზლეს და აქტიურობას არ კარგავს სამოქალაქო საზოგადოება — ბრიუსელი საქართველოს არ მიატოვებს და საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივა იარსებებს. როგორც კი ეს მუხტი ჩაქრება, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ფორმალურადაც დაიხურება.