"ხალხის ძალის" შემქმნელებმა ხალხის ძალა ვერ შეაფასეს — რუსული კანონის ქრონოლოგია

Op-ed ოპ-ედი არასარედაქციო კატეგორიაა, მრავალფეროვანი იდეებით და ადამიანებით. აქ გამოქვეყნებული ტექსტები წარმოადგენს ავტორთა მოსაზრებას და, შესაძლოა, არ ასახავდეს On.ge-ს რედაქციის პოზიციას.
0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რუსული კანონის მიღება

2024 წლის 3 ივნისს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა. ამით დაგვირგვინდა ქართული ოცნების ორწლიანი მცდელობა იმ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსული კანონის სახელით უფრო ვიცნობთ.

კანონი, რომლის რეპრესიული მექანიზმები 2 სექტემბრიდან ამოქმედდება, ორი წელია საზოგადოებრივი განხილვის, პროტესტისა და წინააღმდეგობის მთავარ საგნად არის ქცეული.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, თუ რატომ მიიღეს კანონი, როგორ შეიძლება მისი აღსრულება და ჩვენ როგორ შეგვიძლია რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა.

რატომ აუცილებლად ეს კანონი?

რუსული კანონის მისაღებად მზადება ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. სხვადასხვა პოლიტიკური, სამართლებრივი, ინფორმატიული და სტრატკომული გზებით ოპოზიციის დისკრედიტაციის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ მთავარი საფრთხე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში დაინახა — იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებში, ვინც ათეულობით წლებია, თავის საქმეს ერთგულად აკეთებენ, ხალხს ეხმარებიან და სიტყვაც ეთქმით.

2022 წელსვე დაიწყო "მდიდარ ენჯეოებზე" მითის შექმნა და სუს-ის გააქტიურება. აგვისტოში დაწყებული ლანძღვის კამპანიის ლოგიკური შედეგი კი 2023 წლის თებერვალში, რუსული კანონის პირველი ინიციირება იყო.

რუსული კანონის მიღებას ორი მთავარი მიზანი აქვს:

  1. გრძელვადიანი მიზანი — სამოქალაქო საზოგადოების, ანუ პოლიტიკური ცვლილებების პოტენციური აქტორების გათიშვა და განადგურება;
  2. უფრო მოკლევადიანი მიზანი — არჩევნების მოგებაა, თან ისე მოგება, რომ შემდეგი არჩევნები ფორმალობად იქცეს (ზუსტად ისე, როგორც რუსეთში მოხდა).

თუ ხელისუფლება შემოდგომის არჩევნებს მოიგებს, შემდეგ წლებში ავტორიტარიზმი ისე კონსოლიდირდება, რომ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობა შეუძლებელი იქნება, რის გარეშე ვეღარც ოპოზიციური პარტიები შეძლებენ ხალხამდე ხმის მიტანას და 2028 წელს არჩევნებზე დამკვირვებელი ფიზიკურად აღარ დარჩება.

ამ გეგმის განხორციელებაში ხელისუფლებამ ერთი მარტივი შეცდომა დაუშვა — საკუთარი ტყუილები, "გორბის" პროცენტები და "იმედის" ეთერები თავადვე დაიჯერეს. მათ ვერ დაუშვეს, რომ ხალხი ქუჩაში "ენჯეოების დასაცავად" გამოვიდოდა (უფრო სწორად კი — კანონის ნამდვილ მიზანს ამოიცნობდა).

ორი თვის განმავლობაში ხელისუფლება ხალხს არწმუნებდა, რომ ისინი სულელები იყვნენ, რომ გიგაური-ლომჯარიას მიერ მართული გლობალური ომის პარტია ატყუებდათ. თუმცა, "ბუსტზე" დახარჯული ასობით ათასი დოლარითაც არ გამოვიდა ხალხის დარწმუნება იმაში, რომ კანონი, რომელსაც აშშ, ევროკავშირი და გაერო გმობდა, ევროპული იყო, ადამიანების უმოწყალო რბევა – ევროპული სტანდარტის პოლიცირება, ხოლო მოქალაქეებთან რეკვა და დედის გინება — უბრალოდ ახალი სამუშაო ადგილები.

როცა დუმილიც ხმამაღალია

რუსული კანონის მიღების პროცესში ხელისუფლებამ ტრადიციული ძალები გამოიყენა. პოლიციელები ადამიანების ცემით, შემდეგ კი — სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემით იყვნენ დაკავებული, პროკურატურა ადამიანებს 400 ლარის ოდენობის სავარაუდო ზიანის გამო დღემდე ციხეში ტოვებს, სასამართლოს კვლავინდებურად კლანი მართავს, სუსს კი — პოლიტიკური ხელმძღვანელობა. თუმცა, ამჯერად, ხელისუფლებას ახალი მოკავშირეებიც გამოუჩნდნენ.

ლევან იოსელიანის კარიერა რუსულ კანონთან სამუდამოდ გადაიჯაჭვა. 2023 წელს, როცა პარლამენტთან შეკრებილ ხალხს ცრემლსადენი გაზით არბევდნენ, იოსელიანი პარლამენტის შენობაში, დახურულ კარს მიღმა დადებული გარიგებით, ომბუდსმენად არჩევას ითხოვდა.

წელს იოსელიანი პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე წუთით, ისიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის სხდომაზე გამოჩნდა, თუმცა გამოსვლისას, რუსულ კანონზე მეტად, პრეზიდენტის კრიტიკით იყო დაკავებული. იოსელიანი არ მიიჩნევს, რომ რუსული კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და არც საკონსტიტუციო სარჩელის გაგზავნას გეგმავს.

ცნობისთვის, 2014 წელს, ამ კანონის უფრო მსუბუქი ვერსია საკონსტიტუციო სასამართლოში რუსეთის სახალხო დამცველმაც კი გაასაჩივრა.

თავი გამოიჩინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც. კანონის გამოქვეყნების შემდგომ, მან მორიდებით აღნიშნა, რომ გაუგებარი იყო, თუ ვინ, რა დანიშნულებით, ან რა მონაცემებს აღრიცხავდა და სთხოვა ხელისუფლებას, იქნებ ეს საკითხები გამოასწოროთო. თუმცა, მისი ეჭვები მალევე გაიფანტა და განაცხადა, რეესტრები "შინაარსობრივი თვალსაზრისით" თანხვედრაშია მონაცემთა დამუშავების პრინციპებთანო.

ცალკე აღსანიშნავია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც, რომელსაც პოლიციელების მიერ ადამიანებზე ძალადობის ფაქტების გამოძიება ევალება. ზღვა ვიდეო და ფოტო მასალის მიუხედავად, რომელიც პოლიციის ძალადობას აღწერს, ეს სამსახური მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება, აქციაზე მოძალადე პოლიციელები კი დაუსჯელი რჩებიან.

მედლის მეორე მხარე

თუმცა, ახალი მოკავშირეები აღმოაჩინა სამოქალაქო საზოგადოებამაც.

გაზაფხულზე ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ 2023 წელს კანონის ჩავარდნის მთავარი მიზეზი არასაკმარისი "საინფორმაციო კამპანია" იყო. ამიტომაც, წელს ისინი სათანადოდ მოემზადნენ. წინასწარ გამზადებული დასპონსორებული პოსტები, ფეიჯები და ქარდები ინტერნეტში, ათიათასობით პლაკატი და ტიკტოკის ვიდეოები ხალხს გამალებით არწმუნებდა, რომ რუსული კანონი სინამდვილეში ქართული იყო, რადგან კანადა და საფრანგეთი მსგავსი კანონის მიღებას გეგმავდნენ. ეს იყო ყველაზე ინტენსიური და ძვირადღირებული არასაარჩევნო კამპანია, რომელიც ოცნებას ოდესმე უწარმოებია. და ეს კამპანია სრული კრახით დასრულდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად ხალხია, ვინც ხელისუფლებამ მიამიტად ჩათვალა.

უბრალოდ, შეურაცხყოფა იყო იმის მტკიცება, რომ FARA ვისზე ვრცელდება, ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტზე უკეთ სოზარ სუბარს მოეხსენება, ხოლო საფრანგეთში რა კანონს იღებენ, ეს ელჩმა კი არა, ანრი ოხანაშვილმა უკეთ იცის. ყველა დეზინფორმაციის მიუხედავად, ხალხმა იგრძნო, თუ სად იყო სიმართლე და არ დაიზარა, საკუთარი მომავლის დასაცავად გარეთ გამოსულიყო. "ხალხის ძალის" შემქმნელებმა ხალხის ძალა ვერ შეაფასეს.

მოულოდნელად ძვირფასი მოკავშირე აღმოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობაც. ჩვეული გაურკვეველი, დაგვიანებული და ბიუროკრატიული განცხადებების ნაცვლად, აშშ-მ, ევროკავშირმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეძლეს, მკაფიოდ განემარტათ, რომ რუსული კანონით ევროკავშირში ვერ შევალთ.

ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინც ხალხის მოტყუებას და ხალხზე ძალადობას ხელმძღვანელობდა, სანქციების ქვეშ არიან. ქართულ დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რაზეც ნოემბრის არჩევნებს არავითარი გავლენა არ ექნება.

რუსული კანონის შინაარსი და აღსრულების მექანიზმები

რუსული კანონი სამ მთავარ რეპრესიულ მექანიზმს ითვალისწინებს. პირველი მონიტორინგის მექანიზმია, რომელიც ნებისმიერი სახის ინფორმაციის გამოთხოვას გულისხმობს და რომლის დაწყება იუსტიციის სამინისტროს დასმენის საფუძველზე შეუძლია. მეორე — იძულებითი რეგისტრაციაა — მათთვის, ვინც აგვისტოში უცხო ძალის ინტერესის გამტარ ორგანიზაციად ნებით არ დარეგისტრირდება. მესამე რეპრესიული მექანიზმი ჯარიმების დაკისრებაა:

  • მათთვის, ვინც არ დარეგისტრირდება (ჯარიმა ერთჯერადი 25 000 ლარის ოდენობით);
  • ვინც ფინანსურ დეკლარაციას არ შეავსებს (10 000-ლარიანი ჯარიმა პირველ თვეში, ყოველ შემდეგ თვეში — 20 000 ლარი);
  • მათთვის, ვინც პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ გასცემს (5000 ლარის ოდენობის ჯარიმა, როგორც იურიდიული, ისე — ფიზიკურ პირის მიმართ).

ეს სამი რეპრესიული მექანიზმი რუსული კანონის ქართულ ვერსიას უფრო მძიმედ აქცევს, ვიდრე რუსეთის 2012, 2017 და 2019 კანონები იყო. 2012 წლის კანონი მედიასა და ფიზიკურ პირებზე არ ვრცელდებოდა. რუსეთში ამ ცვლილებების განხორციელებას 8 წელი დასჭირდა, ჩვენმა ხელისუფლებამ კი ამდენი ვერ მოითმინა და განხილვების გარეშე, ჩუმად, 64 წამში მიიღო.

კანონი ახლა იუსტიციის სამინისტროს პერსონალური მონაცემების უკონტროლო შეგროვების უფლებას აძლევს, მათ შორის ფიზიკური პირებისგანაც (შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ამაში პრობლემას ვე(ღა)რ ხედავს).

ივლისის მიწურულს, იუსტიციის მინისტრმა განახადა, რომ კანონის აღსრულება საჯარო რეესტრს დაევალება და შესაბამისი დებულება გამოსცა. ამ დრომდე უცნობია, თუ რამდენი თანამშრომელია კანონის აღსასრულებლად გამოყოფილი. დებულებას არც აღსრულების პროცესთან დაკავშირებულ კითხვებზე გაუცია პასუხი. ორი თვის თავზე, ცნობილია მხოლოდ ის, თუ რა ფინანსური ინფორმაციის წარდგენას მოითხოვს სამინისტრო დეკლარაციის სახით.

დეკლარაციის ფორმა დამყოლი ორგანიზაციებისგან აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციის, მათი კონტრაჰენტების, ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მონაცემების აღრიცხვას და გაგზავნას ითხოვს. ასეთი მოცულობის ინფორმაციას არც ერთი ქართული ბიზნესი, საჯარო უწყება ან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ავსებს. ასეთი დაწვრილებითი რუსი აღმასრულებლების მოთხოვნებიც კი არ ყოფილა. მეტიც, ეს ინფორმაცია ჩვენთან ავტომატურად გასაჯაროვდება, რაც რუსეთშიც კი არ ხდებოდა.

მაგალითისთვის, თუ რომელიმე ტრეინინგს დაესწარით 2023 წლის თებერვალში, შეიძლება ამ რეესტრში თქვენი მონაცემებიც აღმოჩნდეს, თუ მისი ჩამტარებელი ორგანიზაცია რეესტრში დარეგისტრირდა.

ასეთი დეკლარაციის შევსება შეიძლება მათაც კი ვერ შეძლონ, ვისაც კანონის შესრულება მართლა სურს. მთავრობა ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ღია არჩევანს აძლევს — ან არ დარეგისტრირდნენ და იბრძოლონ კანონის წინააღმდეგ, ანდა დარეგისტრირდნენ და მთელი თავისი დრო, რესურსები და ენერგია, ადამიანების დახმარების ნაცვლად, უსაგნო და უსარგებლო დავთრების შევსებას მოახმარონ.

ეს არის კიდეც ამ კანონის მთავარი მიზანი — ნებით თუ ძალით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმება, თვითორგანიზებისა და ურთიერთდახმარების ტრადიციის ჩაკვლა და მონური მორჩილების დასწავლა.

მზადება და სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ

ინფორმაციული ბრძოლის პირწმინდად წაგების გამო, ხელისუფლებას კანონის მისაღებად შიშველი ძალის გამოყენება დაჭირდა. თუმცა, საკითხავია, რამდენად ღირდა ეს — სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ხელისუფლება არჩევნებამდე ვერაფრით მოახერხებს.

რუსული კანონის მიღებისთანავე, სამოქალაქო საზოგადოების იურისტებმა პირობა დადეს, რომ ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებდნენ კანონის წინააღმდეგ. სამართლებრივი ბრძოლის პირველი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენა იყო. სასამართლომ ივლისში პრეზიდენტის, ოპოზიციისა და 122 არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციის სარჩელი მიიღო. სასამართლოს თავმჯდომარემ საქმის გასაცნობად ერთი თვე აიღო, რაც ნიშნავს, რომ პირველი სხდომა აგვისტოს ბოლოს უნდა გაიმართოს. ამავე სხდომაზე მოუწევს სასამართლოს მსჯელობა იმაზე, შეაჩეროს თუ არა სადავო ნორმები განხილვის დასრულებამდე.

კიდევ უფრო საინტერესო იქნება პროცესი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ასზე მეტი ორგანიზაციის სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული სასამართლო ადვილი განსაჭვრეტია — სასამართლომ უკვე იმსჯელა და უკანონოდ ცნო რუსული კანონი 2022 წელს. სტრასბურგთან დაკავშირებით საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენად მალე გამოიტანს ის გადაწყვეტილებას და გამოიყენებს თუ არა საგამონაკლისო, ასეთი ტიპის დავაში ჯერ არასდროს გამოყენებულ, ნორმის დროებითი შეჩერების მექანიზმს.

რუსული კანონის ამოქმედებისთვის მზადების ცალკე ელემენტი თავად ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაწყობაა. მზადება იმისთვის, რომ კანონმა რაც შეიძლება მცირე ზიანი მოიტანოს, რაც შეიძლება ცოტა ორგანიზაციისთვის. იმისთვის, რომ ორგანიზაციებმა შეძლონ საქმიანობის გაგრძელება თუნდაც მოკლევადიან პერიოდში, იმისთვის, რომ არ შევასრულოთ უკანონო კანონის მოთხოვნები, იმისთვის, რომ არ გავცეთ არცერთი ბენეფიციარის თუ ჩვეულებრივი მოქალაქის პერსონალური მონაცემები.

თუმცა, ავტორიტარიზმში კანონის მხოლოდ სამართლებრივი გზებით შეჩერება ვერ მოხერხდება.

არჩევნები, როგორც რეფერენდუმი

პიროსის გამარჯვება ნიშნავს ისეთი ბრძოლის მოგებას, რომელიც ომის წაგების საწინდარი ხდება. 2023 წლისგან განსხვავებით, ხელისუფლებამ ბოლომდე თავისი გაიტანა და კანონი მიიღო, თუმცა, სწორედ ეს, საკუთარ ხალხზე გამარჯვება შეიძლება გახდეს "ოცნებისთვის" უკანასკნელი.

პირველად 12 წლის განმავლობაში, ოპოზიციას ხელისუფლებაზე ჯამურად მეტი მანდატის აღების რეალური შანსი აქვს.

წინა წელს, როცა ხელისუფლებამ პროტესტის მასშტაბი იგრძნო და უკან დაიხია, ელექტორალური ზიანის გამოსწორება შეძლო. წელს კი, როცა ხალხის დასათრგუნად შიშველი ძალა, გინების ქოლ-ცენტრები და მოძალადე რაზმები გამოიყენეს, უკურეაქცია ბევრად მძიმეა.

რუსული კანონის მიღების მთავარი გვერდითი ეფექტი ის აღმოჩნდა, რისიც ოცნებას ყველაზე მეტად ეშინოდა — ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხალხთან დაბრუნება. აქციებზე ვნახეთ, რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ხალხის გვერდით დგომა, პარლამენტში ბრძოლა, მუშტის მოქნევაც, თუ საჭირო გახდა. რაც მთავარია – შეუძლიათ ხალხში გასვლა და ხალხის მოსმენა, თუ საკმარისად ხმამაღლა ვეტყვით, რა გვსურს. ეს კი ბევრად მეტია იმაზე, რაც ოცნების ჩინოვნიკებს შეუძლიათ.

ცხადია, ოპოზიციას ჯერ ბევრი აქვს გასაკეთებელი. არჩევნები, რომელიც რუსული კანონის ბედს გადაწყვეტს, ყველაზე დაძაბული და რთულად პროგნოზირებადი იქნება. რაც დარწმუნებით შეიძლება ითქვას ისაა, რომ არჩევნების ბედს ის გადაწყვეტს, თუ რამდენი მივალთ ხმის მისაცემად. ამიტომაც, რუსული კანონის წინააღმდეგ ჩვენი მთავარი იარაღი, რამდენად პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ერთმანეთია.

არა სტრასბურგით, ევროკავშირით, ან ამერიკით, არამედ ერთმანეთით შეგულიანებული მივდიოდით აქციებზე, ერთმანეთის მხნეობამ აგვატანინა ცრემლსადენი გაზი და ერთმანეთით უნდა შევძლოთ არჩევნებზე მისვლა, რათა ახალშეკრებილი პარლამენტის პირველი აქტი რუსული კანონის გაუქმება გახდეს.

2024 წლის არჩევნები ხელისუფლებამ თავად აქცია რეფერენდუმად. რეფერენდუმად იმაზე, რუსული კანონებით ცხოვრება გვირჩევნია, თუ ევროკავშირში ინტეგრაცია. შემოდგომაზე ერთად გავიგებთ, თუ რამდენად ძლიერია ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  2. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

1776-მდე გაიზარდა კომპანიების რიცხვი, რომლებიც ახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

პროევროპული პროტესტის მხარდამჭერი კომპანიების რიცხვმა, რომლებიც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე — Freebusiness.ge…