ინგლისელი მსახიობი ჯეისონ აიზეკსი ჰარი პოტერის სერიალის სამსახიობო გუნდზე კრიტიკას ეხმაურება. აიზეკსი, რომელმაც ჯოან როულინგის წიგნების კინოეკრანიზაციაში ლუციუს მალფოის როლი შეასრულა, "რასისტებს" უწოდებს მათ, ვინც ჰარი პოტერის მომავალ სერიალში სნეიპის შემსრულებელი მსახიობით უკმაყოფილოა.

სევერუს სნეიპს, ჰოგვორტსის სკოლის შხამ-წამლების პროფესორს, HBO-ის სერიალში ემის ნომინანტი ბრიტანელი მსახიობი პააპა ესიდუ ითამაშებს. ეს პერსონაჟი ფილმებში ალან რიკმანმა განასახიერა. პოტერჰედების ნაწილი კი ახალ სნეიპად შავკანიანი მსახიობის დამტკიცებამ მაინცდამაინც არ გაახარა.

"პააპა ესიდუ ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია, რომელიც ცხოვრებაში მინახავს", — ამბობს უახლეს ინტერვიუში ჯეისონ აიზეკსი, — "ინტერნეტში შევამჩნიე, რომ ზოგიერთი მის მიმართ უხეშობს. ისინი რასისტები არიან. ჰარი პოტერის სერიალში მონაწილე ყველა მსახიობი არაჩვეულებრივია. იმედია, ენებს — თავიანთ ვირტუალურ ენებს — გადაყლაპავენ, როცა ნახავენ, როგორია [ესიდუ] ეკრანზე".

აიზეკსმა ამას წინათ წარმატებები უსურვა ჯონი ფლინსაც, რომელიც სერიალში ლუციუს მალფოის როლში მოგვევლინება. გველისთავიან კვერთხს უკეთესს ვერავის გადავცემდიო, დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში. მეტიც, ფლინს აიზეკსმა რჩევაც მისცა:

"ელფებთან ფრთხილად იყავი, იმ წაწვეტებულყურებიან მოღალატე ნაბიჭვრებთან. ჰოგვორტსში შევხვდებით".

რაც შეეხება პააპა ესიდუს, მან კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება, როცა ღია წერილზე ხელმოწერით დაგმო გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის გენდერულ იდენტობას მისი დაბადებისას მინიჭებული სქესით განსაზღვრავს. ეს განსაზღვრება, რომელიც, მაგალითად, ტრანსგენდერ ქალებს ქალებად არ ცნობს, როულინგმა შამპანურითა და სიგარით აღნიშნა. ამიტომ, ფანებს აინტერესებდათ, როგორ გამოეხმაურებოდა მწერალი ესიდუს საქციელს.

"უფლება არ მაქვს, სერიალიდან მსახიობი გავუშვა და რომც მქონდეს, ამას არ ვიზამდი", — დაწერა როულინგმა დისკუსიაზე პასუხად, — "არ მიმაჩნია სწორად, ხალხს სამსახური და საარსებო საშუალება წავართვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემგან განსხვავებული, კანონით დაცული შეხედულებები აქვთ".

ფოტო: Max

პოტერიადის სერიალის გადაღებები სტარტს ამ ზაფხულს აიღებს. უკვე ვიცით ყველა ძირითადი პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობის ვინაობაც. ლეგენდარულ ტრიოს — ჰარის, რონს და ჰერმიონს — სერიალში დომინიკ მაკლაფლინი, ალასტერ სტაუტი და არაბელა სტენტონი განასახიერებენ.

რაც შეეხება შემოქმედებით გუნდს, სერიალზე Game of Thrones-ისა და The Last of Us-ის რეჟისორი, მარკ მაილოდი, იმუშავებს. პროექტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სცენარისტი და ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი კი ფრანჩესკა გარდინერი იქნება. გარდინერს აქამდე ისეთ გახმაურებულ სერიალებზე უმუშავია, როგორებიცაა Succession და Killing Eve.

ჰარი პოტერის სერიალის პირველ სეზონს, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლოსთვის ვიხილავთ.

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…