მზის სისტემას მესამე ვარსკვლავთშორისი "სტუმარი" ეწვია, რომელიც წინა სტუმრებს არ ჰგავს

ფოტო: Catalina Sky Survey
ასტრონომებმა ციური სხეული შეამჩნიეს, რომელიც, სავარაუდოდ, მზის სისტემის მუდმივი წევრი არ არის. მეცნიერებმა ის მზესთან მიახლოებამდე დიდი ხნით ადრე აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ, ამ სხეულის შესასწავლად ჯერ კიდევ რამდენიმე თვე გვაქვს. ამ უცნაურ ობიექტზე ერთი რამ უკვე ცნობილია: მისი ორბიტა იმაზე უჩვეულოა, ვიდრე მისი მსგავსი წინა ორი სტუმრის — ოუმუამუასა და ბორისოვის.
2017 წელს ასტრონომებმა მეტად უცნაური რამ შენიშნეს: მზის სისტემას უცხო სხეულმა ჩაუარა; თუ მისი ორბიტის მიხედვით ვიმსჯელებდით, ის გარედან უნდა ყოფილიყო შემოსული. ამ იდუმალ სტუმარს მეცნიერებმა ოუმუამუა დაარქვეს. მისი შედგენილობა და ფორმა იმდენად უცნაური იყო, რომ ბევრს ოუმუამუა უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი ეგონა. თავისთავად, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.
აქედან 2 წლის შემდეგ ბორისოვის კომეტა გვესტუმრა. იგი მზის სისტემის კომეტებს ძალიან ჰგავდა, თუმცა მისი ორბიტა მაინც ვარსკვლავთშორის წარმომავლობაზე მიანიშნებდა.
ასევე იხილეთ: მზის სისტემაში ახალი ვარსკვლავთშორისი ობიექტები შემოვიდა — კვლევა
მესამე სტუმრის შესახებ მსგავსი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ჯერჯერობით ამ ციურ სხეულს A11pl3Z ჰქვია. ამ ეტაპზე ისიც კი არ არის დადგენილი, A11pl3Z კომეტაა თუ ასტეროიდი, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა — მისი ორბიტა წინა სტუმრების ორბიტებისგან მკვეთრად განსხვავდება.
იდუმალი სტუმარი ამჟამად იუპიტერის ორბიტაში უნდა იყოს, თუმცა მზის საპირისპირო მხარეს. ამ მანძილის გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ A11pl3Z-ზე გაზის გიგანტის მიზიდულობას არ უმოქმედია.
აღმოჩნდა, რომ ATLAS-ის ტელესკოპს 25-28 ივნისის ჩანაწერები ჰქონდა. შეტყობინების მიღების შემდეგ მეცნიერებმა მეორე ტელესკოპის (Zwicky Transient Facility) მონაცემებიც შეამოწმეს 14-21 ივნისისთვის.
ზოგადად, ორბიტა ექსცენტრისიტეტით (e) იზომება. თუ სხეული შედარებით დიდ სხეულებთანაა გრავიტაციულად "მიბმული", მისი e-ს მნიშვნელობა 0-სა და 1-ს შორისაა. ნულოვანი e სრულყოფილად მრგვალ ორბიტას შეესაბამება, 1 კი — უკიდურესად წაგრძელებულს (ძირითადად, ეს გრძელპერიოდიანი კომეტების შემთხვევაში გვხვდება). მეორე მხრივ, თუ ექსცენტრისიტეტი 1-ზე მეტია, ციური სხეული ერთჯერადი სტუმარი გამოდის, რომელიც მზის სისტემას აღარასდროს დაუბრუნდება.
თუ კომეტის ან ასტეროიდის ექსცენტრისიტეტი 1-ზე ნაკლებია, გაზის პლანეტებთან ჩავლის შემდეგ შეიძლება ის მზის სისტემიდან "გავარდეს" და ვარსკვლავთშორის სივრცეში აღმოჩნდეს.
ოუმუამუას ექსცენტრისიტეტი 1,20 იყო, საწყისი გამოთვლების მიხედვით კი — ოდნავ უფრო ნაკლები. ამ მცირე უზუსტობის გამო ბევრმა იფიქრა, რომ მეცნიერებმა გამოთვლებისას კიდევ უფრო ბევრი შეცდომა დაუშვეს და ეს რიცხვი რეალურად 1-ზე ნაკლები იყო. ხალხის ეს ვარაუდი რომ გამართლებულიყო, ოუმუამუა მზის სისტემის წევრი იქნებოდა და არა — ვარსკვლავთშორისი სივრციდან მოსული სტუმარი.
ასევე იხილეთ: ჩვენთვის ცნობილი პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი 2014 წელს გვესტუმრა — კვლევა
ოუმუამუსგან განსხვავებით, A11pl3Z-ის შემთხვევაში მსგავსი ეჭვები არ გაჩენილა. საწყისი გამოთვლების მიხედვით, მისი ორბიტის ექსცენტრისიტეტი 10-ზე მეტი იყო, ხოლო თუ ამჟამინდელ გამოთვლებს დავეყრდნობით — 6-ზე მეტი. საბოლოო მაჩვენებელი შეიძლება არც ეს იყოს, თუმცა მესამე სტუმრის ექსცენტრისიტეტი 1-ს დანამდვილებით აღემატება.
უნდა აღინიშნოს, რომ A11pl3Z-ის ტრაექტორია დედამიწის ორბიტას 50 მილიონი კილომეტრის რადიუსშიც კი არ მოუახლოვდება. შესაბამისად, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ — აპოკალიფსი არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, A11pl3Z-ის გამო მაინც.
იდუმალი მესამე სტუმარი მარსს ოქტომბერში ჩაუვლის. ამ დროისთვის უცნობია, გაივლის თუ არა იგი უშუალოდ წითელი პლანეტის ორბიტაში (იხილეთ გარეკანის ფოტო).
ამჟამად A11pl3Z-ის მაგნიტუდა 17,2-ია. ეს ნიშნავს, რომ ციური სხეული ჯერ ძალიან მკრთალია და თქვენი ტელესკოპით მას ვერ დაინახავთ. ეს დეკემბერში შეიცვლება, როდესაც A11pl3Z მოგვიახლოვდება — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი იდუმალი სტუმარი კომეტა აღმოჩნდება და არა ასტეროიდი.
კომენტარები