ჩვენთვის ცნობილი პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი 2014 წელს გვესტუმრა — კვლევა
ასტრონომები ოფიციალურად ადასტურებენ, რომ სახელგანთქმული ასტეროიდი ოუმუამუა ჩვენთვის ცნობილი პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი სულაც არ ყოფილა, არამედ ეს დედამიწის ატმოსფეროში 2014 წელს შემოჭრილი მეტეორი CNEOS 2014-01-08 იყო.
ის ჩვენს პლანეტაზე სხვა სისტემიდან მოხვდა, რაც მეცნიერებმა მისი ტრაექტორიის შესწავლის გზით დაადგინეს. 0.9-მეტრიანი მეტეორი ატმოსფეროში 2014 წლის 8 იანვარს, 216 000 კმ/სთ სიჩქარით შემოვიდა. მისი უცნაური ორბიტა მიანიშნებდა, რომ ის მზის სისტემაში არ წარმოქმნილა, რაც ახალმა კვლევამაც ცხადყო.
გამოდის, რომ ბევრად დიდი ზომის ასტეროიდი ოუმუამუა, რომელიც დედამიწის კოსმოსურ სამეზობლოს 2017 წელს ეწვია, ჩვენთვის ცნობილი მეორე ვარსკვლავთშორისი ვიზიტორი იყო. მის შემდეგ, 2018-ში, 0.5-კილომეტრიანი კომეტა ბორისოვი გავიცანით. მათ გამოჩენას შორის არსებული მცირე ინტერვალის გამო, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ასეთი მომცრო ასტრონომიული სხეულები მზის სისტემაში გავრცელებული იყოს და ჩვენს პლანეტასთანაც ხშირად იკვეთებოდეს.
ავტორებმა კიდევ ერთი მსგავსი მეტეორის კვალსაც მიაგნეს, რომელიც ჩვენი მშობლიური ციური სხეულის ატმოსფეროში 2017 წლის მარტში შემოიჭრა. თუმცა, ამის დასადასტურებლად საჭირო მონაცემები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამგვარი ობიექტები დედამიწის აირად გარსში დაახლოებით ყოველ ათწლეულში ერთხელ ხვდებოდეს.
მკვლევრები ამბობენ, რომ მეტეორების ტრაექტორიისა და ქიმიური შემადგენლობის შესწავლით შეგვიძლია, ისინი კონკრეტულ სისტემებს მივაკუთვნოთ და მათი ფორმირებისა თუ მახასიათებლების შესახებ მეტი შევიტყოთ.
რაც შეეხება CNEOS 2014-01-08-ს, ის პაპუა-ახალი გვინეის მახლობლად, ოკეანის თავზე აფეთქდა და შესაძლოა, მისი ფრაგმენტები წყალშიც ჩაცვენილიყო. მომდევნო წელს ექსპედიციაც იგეგმება, რათა ეს ნაწილები შეგროვდეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები