მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგში — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
საქმის გარემოებები
მზია ამაღლობელი ქართველი ჟურნალისტი, ჟურნალების — ბათუმელებისა და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
2025 წლის 11 იანვრის საღამოს ბათუმის პოლიციამ მზია ადმინისტრაციული წესით დააკავა — ის პოლიციის შენობაზე აკრავდა ბანერს, რომელიც შემდგომი საპროტესტო აქციის შესახებ იუწყებოდა. მისი ქმედება მიზანმიმართული იყო იმის საპასუხოდ, რომ 11 იანვარს პოლიციას რამდენიმე დემონსტრანტი უკვე დაკავებული ჰყავდა იმავე მოქმედებისთვის. ამაღლობელმა პოლიციის განყოფილებაში 1 საათი გაატარა, შემდეგ კი გაათავისუფლეს. თუმცა, როცა განყოფილებას ტოვებდა, შეესწრო სხვა მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის მისი ორი ნაცნობის დაკავებასაც. არეულობის ფონზე, ამაღლობელსა და ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს შორის მოხდა შელაპარაკება, რომლის დროსაც დგებუაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდგომ მზიამ მას სილა გააწნა. ეს ქმედება განხორციელდა ისეთი ძალის გარეშე, რომ რაიმე ზიანი მიყენებულიყო პოლიციის უფროსს და წარმოადგენდა დგებუაძის მიერ წარმოთქმულ შეურაცხყოფაზე დაუყოვნებლივ რეაქციას.
ამაღლობელი დაუყოვნებლივ დააკავეს. დაკავება მოხდა ადვოკატებთან შეხვედრის გარეშე, რომლებიც მის სანახავად 3 საათის მანძილზე ცდილობდნენ ბათუმის პოლიციის განყოფილებაში შესვლას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ხელახალი დაკავების შემდგომ ბათუმის პოლიციის უფროსმა დგებუაძემ ამაღლობელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას სახეში შეაფურთხა.
2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ფარგლებშიც რუსთავის ქალთა N5 სპეციალურ დაკავების დაწესებულებაში მოთავსება დააკისრა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა, თუმცა 2025 წლის 21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ, ამაღლობელის დაცვის ჯგუფმა მისი დაკავების გადახედვის კიდევ ერთი შუამდგომლობა წარადგინა. თუმცა, 2025 წლის 19 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.

მზია ამაღლობელი
ფოტო: გელა მთივლიშვილი
ამაღლობელი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს — სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, ეს მუხლი მოიცავს ფიზიკურ ძალადობას ან ძალადობის მუქარას, ძალადობას, რომელიც მიმართულია პოლიციელის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების წინააღმდეგ და თავდასხმა უნდა იყოს ამგვარი საფრთხის შემცველი, ხოლო მზია ამაღლობელის ქმედება არცერთ ამ ელემენეტს არ მოიცავდა.
საია აცხადებს: "როგორც თავად ირაკლი დგებუაძე აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ სუბიექტური აღქმებით შეფასებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება".
პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად დაკავებიდან 38 დღის მანძილზე შიმშილობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, 24-ე დღეს ის კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს. ჟურნალისტი დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
საერთაშორისო გამოხმაურება
მზია ამაღლობელის საქმემ დიდი ყურადღება დაიმსახურა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მის დაპატიმრებას გამოეხმაურა არაერთი საერთაშორისო, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია და ადამიანის უფლებათა დამცველი. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს სოლიდარობა გამოუცხადეს პრესისა და ჟურნალისტების თავისუფლების ორგანიზაციებმაც. წარმოგიდგენთ ამ გამოხმაურების რამდენიმე მაგალითს:

ფოტო: European Union
19 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები, რომელზე მიღებული რეზოლუციაც დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნას მოითხოვს. ის გმობს მზიას "პოლიტიკურად მოტივირებულ" დაპატიმრებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას. რეზოლუცია 324 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი იყო 25, ხოლო თავი შეიკავა 87-მა მონაწილემ.
"ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები ჟურნალისტი მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად და მისი სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებების დასაცავად", ამბობს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი 26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმიანება და აპროტესტებს ევროკავშირის დელეგაციაც საქართველოში: "ევროკავშირი მისი შიმშილობის მე-17 დღეს სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვს. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების საფუძველია".
14 აპრილს საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაცია Amnesty International-მა მიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს და მოითხოვა სამართლიანობა მზია ამაღლობელის საქმეზე:
საქართველოში ქალები, რომლებიც უპირისპირდებიან ავტორიტეტებს, მით უფრო, პოლიტიკურ და საპროტესტო კონტექსტში, განსაკუთრებით მტრული და შეურაცხმყოფელი მოპყრობის სამიზნეები ხდებიან
ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა შესაბამის უწყებებს, რომ ირაკლი დგებუაძე და ყველა პოლიციელი, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდა, დაუყოვნებლივ დაითხოვონ სამსახურიდან, მანამ, სანამ მათ წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება არ იქნება საფუძვლიანად გამოძიებული.
პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველმა 12-მა ორგანიზაციამ საერთო განცხადება გამოაქვეყნა: "საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ უპრეცედენტო ზეწოლა. ამასთან, მოვითხოვთ მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძვლიან გამოძიებას".
განცხადებას ხელს აწერენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI); პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF); ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ) და ა. შ.
საერთაშორისო გამოხმაურება მსგავსი ტიპის საქმეზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს აძლიერებს ზეწოლას ხელისუფლებაზე, ზრდის საზოგადოების ყურადღებას და მათ, ვინც გულგრილად უყურებდა საკითხს, აიძულებს უფრო სერიოზულად შეხედონ, მეტყველებს დემოკრატიის მდგომარეობაზე საქართველოში და შესაძლოა, რომ გავლენა იქონიოს საქმის შედეგზეც.

ევროპარლამენტარებმა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს
რა ხდება ახლა?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც ამაღლობელის საქმეს აფასებს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს, 2025 წლის 28 აპრილს მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. საიამ ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
წინ გრძელი და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი გველის — ეს მხოლოდ მზია ამაღლობელის საქმე არაა, გასული თვეების განმავლობაში მზია ყველა იმ დემონსტრანტის სახედ იქცა, რომლებიც უკვე თვეებია უწყვეტად აპროტესტებენ მრავალ რამეს — გაყალბებულ არჩევნებს, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ამ ხელისუფლების ანტი-დასავლურ კურსს, მოქალაქეების უკანონოდ დაპატიმრებას, მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. მზიაც ერთ-ერთი ამ დემონსტრანტთაგანია. შესაბამისად, ეს საქმე მხოლოდ მზია ამაღლობელის არაა, ეს ყველა ამ დემონსტრანტის საქმეა. განაჩენი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოიტანს, დღევანდელი მდგომარეობის ფონზე უდიდესი პოლიტიკური სიტყვა იქნება. ის მზიას ბედთან ერთად საქართველოს ბედსაც განსაზღვრავს.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ მოქმედებს სტრასბურგის სასამართლო, რა ეტაპებს გაივლის მზია ამაღლობელის საქმე და რა შედეგს უნდა ველოდოთ.
რა არის და როგორ მუშაობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ასევე ცნობილი, როგორც სტრასბურგის სასამართლო, ევროპის საბჭოს ორგანოა, რომელიც დაარსდა 1959 წელს და ეფუძნება 1950 წელს მიღებულ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
ის სხვა საერთაშორისო სასამართლოებს შორის იმით გამოირჩევა, რომ სახელმწიფოთაშორის საჩივრებთან ერთად განიხილავს ინდივიდუალურ საჩივრებსაც — კერძო ინდივიდების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან ცალკეულ პირთა ჯგუფის საჩივრებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიმართ. ეს საჩივრები უნდა ეხებოდეს ამ კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევებს. მზია ამაღლობელის საჩივარიც ინდივიდუალური საჩივრის მაგალითია.
რა პროცესს გადის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?
მას შემდეგ, რაც მოსარჩელე მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარს შეიტანს და ის სასამართლოს ადმინისტრაციაში დარეგისტრირდება, უნდა დადგინდეს, დასაშვებია თუ არა შეტანილი საჩივარი. განცხადება შეიძლება დაუშვებლად გამოცხადდეს, თუ ის არ აკმაყოფილებს ratione materiae (საკითხობრივი კომპეტენცია), ratione temporis (დროითი კომპეტენცია) ან ratione personae (პერსონალური კომპეტენცია) პირობებს. სტრასბურგის სასამართლოში საქმის მისაღებად მნიშვნელოვანი პირობაა, რომ მომჩივანმა მხარემ ჯერ ამოწუროს ყველა შიდასამართლებრივი საშუალება, რომელიც მის ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, შესაბამისად ამ საქმემ ეს და კიდევ სხვა მრავალი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
შემდეგი ეტაპი საქმის განხილვაა. მზია ამაღლობელის საქმეს 7 მოსამართლისგან შემდგარი პალატა განიხილავს. ამ მოსამართლეებს შორის აუცილებლად უნდა იყოს იმ ქვეყნის წარმომადგენელი მოსამართლეც, რომლის წინააღმდეგაც საჩივარია მიმართული. რაც ნიშნავს, რომ ამ საქმეში ერთ-ერთი მოსამართლე ქართველი — ლალი ფანიაშვილია. დანარჩენი ექვსი წევრის ვინაობა წინასწარ არ ვიცით. თუ საქმე განსაკუთრებით რთული, სერიოზული ან პრეცედენტულია, შეიძლება განსახილველად გადაეცეს დიდ პალატას, რომელიც 17 მოსამართლისგან შედგება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის თანახმად, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტური უფლებები, კერძოდ:
- კონვენციის მე-5 მუხლი — თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება
- კონვენციის მე-6 მუხლი — საქმის სამართლიანი განხილვის უფლება
- კონვენციის მე-8 მუხლი — პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება
- კონვენციის მე-10 მუხლი — გამოხატვის თავისუფლება
- კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში — სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება
- კონვენციის მე-18 მუხლი — უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დარღვევების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი:
"იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი".

ფოტო: ECHR
საქმის დაწყების შემდეგ სახელმწიფო ვალდებულია, რომ შეადგინოს პასუხი, რომლითაც დაიცავს საკუთარ პოზიციას. მან წერილობით უნდა წარმოადგინოს შიდა სასამართლო გადაწყვეტილებების აღწერა, მიზეზები და სამართლებრივი არგუმენტები, რომ საჩივარში მითითებული დარღვევები არ მომხდარა.
შემდეგ, სასამართლო ამ პოზიციას უგზავნის მოსარჩელე მხარეს, რათა მან წარმოადგინოს საპასუხო არგუმენტები. სურვილის შემთხვევაში მოსარჩელეს შეუძლია — კომპენსაციის მოთხოვნა (Article 41 — just satisfaction).
არგუმენტაციის გაცვლის შემდგომ სასამართლომ, შესაძლოა, მხარეებს დამატებითი კითხვებით მიმართოს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქმე მოითხოვს გარკვეული ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებების დაზუსტებას.
ერთ-ერთი შესაძლო განვითარება არის ე. წ. მეგობრული შეთანხმება (friendly settlement) — მხარეები სასამართლოს შუამდგომლობით ან უშუალოდ ერთმანეთთან თანხმდებიან და სასამართლომ, შესაძლოა, ამ საქმის განხილვა შეწყვიტოს. ამ შემთხვევაში დარღვევა არ დგინდება, თუმცა მიღწეული შეთანხმება რეგისტრირდება ოფიციალურ გადაწყვეტილებად და მის შესრულებას ევროპის საბჭოს შესაბამისი სტრუქტურა ზედამხედველობს. შეთანხმების პროცესი ძირითადად კონფიდენციალურია და მხარეების მოთხოვნის გარეშე მისი დეტალების გასაჯაროება არ ხდება.
თუ შეთანხმება არ შედგა, საქმე გრძელდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო ადგენს, დაარღვია თუ არა სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა. შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ საქართველომ კონვენცია დაარღვია, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების შესრულება, იქნება ეს დაპატიმრებული პირის გათავისუფლება თუ ზიანის ანაზღაურება (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური).
რა პრეცედენტები არსებობს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ?
მზია ამაღლობელის საქმე პირველი არაა — საქართველოს მოქალაქეებს სტრასბურგის სასამართლოში აქამდეც არაერთხელ შეუტანიათ საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ როდესაც საქმე მოიხსენიება, როგორც საქართველოს რომელიმე მოქალაქე საქართველოს წინააღმდეგ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოქალაქე ქვეყანას უპირისპირდება, არამედ გულისხმობს იმას, რომ ის უჩივის საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს მისი უფლებების დარღვევისთვის.
შეგიძლიათ გაეცნოთ ბოლო წლებში წარმოებულ საქმეებს საქართველოს წინააღმდეგ:
2025 წლის 20 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა დარღვევა აქტივისტი ლექსო მაჭავარიანის საქმეზე და საქართველოს ხელისუფლებას მისთვის კომპენსაციის — 1800 ევროს გადახდა დაავალა.

ლექსო მაჭავარიანი, 2020 წელი
ფოტო: სალომე ბარკერი
ლექსო მაჭავარიანი 2020 წლის 9 ნოემბერს თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეშით ხელში დააკავეს. ლექსო, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და კომენდანტის საათს აპროტესტებდა, ამბობდა, რომ შეშა გასათბობად სჭირდებოდა. თუმცა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განმარტა, რომ აქციაზე არ შეიძლება ადვილად აალებადი ნივთის მიტანა და შეშა შეიძლებოდა დემონსტრანტებს იარაღად გამოეყენებინათ. ლექსო 22 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, მეორე დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.
მაჭავარიანმა სტრასბურგის სასამართლოში იჩივლა კონვენციის შემდგომი მუხლების დარღვევაზე:
- მე-5 — თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
- მე-6 — სამართლიანი სასამართლოს უფლება
- მე-10 — გამოხატვის თავისუფლება
- მე-11 — შეკრების თავისუფლება
სასამართლომ დარღვევა დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე. დარღვევა არ დადგინდა მე-6, მე-10 და მე-11 მუხლებზე.
ლექსო მაჭავარიანის საქმე იმის მაგალითია, რომ მოქალაქის ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა იყოს ავტომატურად აღქმული, როგორც კანონიერად გამართლებული — სასამართლოებმა უნდა იმსჯელონ მისი აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ.
კიდევ ერთი აღსანიშნავი საქმე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ განიხილა, არის ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ.

ლაშა ჩხარტიშვილი
საქმე ეხებოდა 2019 წლის 29 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს — ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლაშა ჩხარტიშვილმა აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველებს "მონები" უწოდა და მათ ლობიოს მარცვლები ესროლა, რის გამოც პოლიციამ ის ადმინისტრაციული წესით დააკავა.
სასამართლომ ლაშას საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის საპასუხოდ ლაშა ჩხარტიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა საჩივარი. სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაიღვა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები — შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.
ჩხარტიშვილის საქმე წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისა და შეკრების/გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის მაგალითს.
რა შედეგი მოჰყვება მზია ამაღლობელის საქმის გადაწყვეტილებას?
სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვა რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. მთელი ეს პროცესი დიდ საერთაშორისო ყურადღებას დაიმსახურებს, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც უკვე ვახსენეთ, მრავალმხრივი შედეგი მოჰყვება. მათ შორის, სავარაუდოდ, დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს დამოკიდებულებაზე ევროპის ქვეყნებთან — თუ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ საქართველომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია, ამან შეიძლება საქართველოს მთავრობის ანტი-დასავლური ტენდენციები გააძლიეროს, რაც საქართველოსთვის ნიშნავს კიდევ ერთ უკან გადადგმულ ნაბიჯს ევროპული სივრცისგან. ამასთან ერთად, დარღვევის დადგენა საკმაოდ დიდი და მკაფიო ნიშანი იქნება იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ნამდვილად საფრთხის ქვეშაა. თუ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ საქართველომ დაარღვია არა ერთი, არამედ ექვსი მუხლი, ეს პრეცედენტი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას დააფიქსირებს ავტორიტარული ტრაექტორიის მხარეს. სავარაუდოდ, ეს დიდი იმედი იქნება სხვა დაკავებული აქტივისტებისთვისაც, რადგან ეცოდინებათ, რომ მათი ინტერესები და უფლებები საკუთარ ქვეყანაში თუ არა, საერთაშორისო სასამართლოში მაინცაა დაცული.
მზია ამაღლობელის საქმე საქართველოსთვის უამრავ რამეს გადაწყვეტს, თუმცა დადებითად თუ უარყოფითად — ეს ჯერ არ ვიცით.

საპროტესტო აქცია თბილისში
ფოტო: The Associated Press
კომენტარები