როდის განადგურდება დედამიწაზე სიცოცხლე — მეცნიერების პროგნოზები

ფოტო: Getty
ამბობენ, რომ ყველა კარგი რამ ერთ დღეს მთავრდება. როგორც მამონტები, ტასმანიური ვეფხვები და ჰომოს გვარის სხვა სახეობები ოდესღაც გადაშენდნენ, კაცობრიობის დროც ამოიწურება. ადრე თუ გვიან, დედამიწა ცხოვრებისთვის შეუფერებელ გარემოდ იქცევა, მაგრამ როდის?
ჩვენი პლანეტაა მრავალი კლიმატური კატასტროფებითაა სავსე და ადამიანთა უხეში ჩარევის გამო დასასრულისკენ მიმავალი გზა სულ უფრო ახლოვდება. საინტერესოა, რომ ამ ყველაფერს არამარტო ადამიანების, არამედ მთელი ბუნებრივი სამყაროს განადგურებაც მოჰყვება.
"სამწუხაროდ ადამიანის ზეწოლის გამო არა მხოლოდ სახეობების რაოდენობა, არამედ მათი ბუნებრივი ჰაბიტატებიც იკლებს", — თქვა ფრანსუა კეკმა, ალტერმატის კვლევითი ჯგუფის პოსტდოქტორანტმა და ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის მთავარმა ავტორმა.
ეს სურათი მრავალ დონეზეა შემაშფოთებელი. სახეობები კვდებიან, ბიომრავალფეროვნება ქრება, ეკოლოგია ზარალდება და ეს ყველაფერი მაშინაც კი, როცა ადამიანის პირდაპირი ჩარევა თითქმის არ არსებობს. ახალი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ მიმდინარე კლიმატური მოვლენების ფონზე, სურათი საკმაოდ ბნელი ჩანს.
აღსანიშნავია, რომ ბევრი მეცნიერის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა კლიმატურ კატასტროფასა და ეკოლოგიურ პრობლემაზე ადეკვატური რეაგირება გვექნება, ჩვენი პლანეტის დასასრული მაინც გარდაუვალია.
"მომავლის პერსპექტივა ძალიან ბნელია. ამ პერიოდის ბოლოსთვის ნახშირორჟანგის დონე შესაძლოა ორჯერ მეტი იყოს, ვიდრე დღეს. მზეც სავარაუდოდ 2.5%-ით მეტად გამოსცემს რადიაციას და დედამიწის ძირითადად ცხელი, ტენიანი ტროპიკების ზონაში მდებარე ტერიტორიებზე ტემპერატურა 40–70 გრადუს ცელსიუსამდე ავა", — აღნიშნა ბრისტოლის უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა ალექსანდრ ფარნსვორმმა.
კაცობრიობისთვის ეს კატასტროფაა, მაგრამ ზოგადად სიცოცხლისთვის ნაკლებად. მაგალითად, დღეს ატაკამის უდაბნოშიც კი, არსებობს გარკვეული ტიპის სიცოცხლე და თუ ასეთ რთულ პირობებში, რაღაც სახეობებს მაინც შეუძლიათ გადარჩენა, რატომ უნდა დაასრულოს ყველაფერი მზისგან მომდინარე რადიაციამ და უკიდურესმა სიცხემ?
უფრო დრამატული აპოკალიფსის სცენარისთვის სხვა მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, არა მხოლოდ კომფორტის დაკარგვა, არამედ სიცოცხლის ფუნდამენტური საფუძვლების გაქრობა, მაგალითად — ჟანგბადის გამოლევა.
"ბიოსფეროს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ბევრი საუბარია მზის გამოსხივების მატებისა და გეოლოგიური ციკლების კონტექსტში. ასეთ თეორიულ მოდელში CO₂-ის სტაბილურ კლებას და პლანეტის გრძელვადიან დათბობას ვარაუდობენ, ეს კი ნიშნავს, რომ დედამიწის ბიოსფერო სავარაუდოდ 2 მილიარდ წელიწადში გაქრება, როგორც გადახურების, ისე ფოტოსინთეზისთვის საჭირო CO₂-ის დეფიციტის გამო", — განაცხადა კაზუმი ოზაკიმ, ტოჰოს უნივერსიტეტის პროფესორმა 2021 წელს.
მზე რაც უფრო მეტად შედის ასაკში, მით უფრო კაშკაშა ხდება და იწვევს ატმოსფეროში CO₂-ს "გადაწვას". ადამიანისთვის, რომელიც CO₂-ის ჭარბი ოდენობით იტანჯება, ეს შეიძლება კარგ ამბადაც კი ჟღერდეს, მაგრამ მცენარეებისთვის ეს დამღუპველია. ვინაიდან მცენარეებში ფოტოსინთეზი ვეღარ მოხდება, ჟანგბადის წარმოქმნაც შეწყდება.
შედეგად მივიღებთ ისეთ გარემოს, როგორიც დედამიწაზე 2.4 მილიარდი წლის წინ იყო, სანამ ეგრეთ წოდებული "დიდი ოქსიდაციის მოვლენა" მოხდებოდა. მაშინ ატმოსფერო შეიცავდა მხოლოდ მეთანს, ცოტა CO₂-ს და საერთოდ არ გააჩნდა ოზონის ფენა.
"ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად დაიწყება, დაახლოებით 10 ათას წელიწადში, რაც ბიოსფეროსთვის გამანადგურებელი იქნება. ბიოსფერო ვერ შეძლებს ასეთ სწრაფ ცვლილებასთან ადაპტაციას", — თქვა ოზაკიმ.
მაშ რა გამოდის, რომ 2 მილიარდი წელიწადი ეს ყველაფერი დასრულდება?
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეგრეთ წოდებული "დიდი ოქსიდაციის მოვლენის" შედეგად გამოწვეული ჟანგბადის ოდენობის ზრდა შესაფერისი იყო კომპლექსური სიცოცხლის, მაგალითად ადამიანის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ მაშინდელი ცოცხალი ორგანიზმებისთვის მომაკვდინებელი იყო.
ასეთი ორგანიზმები ნამდვილად არსებობდნენ. ოქსიდაციამდე, მიკროსკოპული, ანაერობული სიცოცხლე, უპრობლემოდ ახერხებდა არსებობას. მართალია ისინი არ ხატავენ "მონა ლიზას" და ვერც მეცხრე სიმფონიას დაწერენ, მაგრამ მაინც სიცოცხლედ ითვლება და როგორც რეინჰარდმა თქვა:
"ბევრი ანაერობული და პრიმიტიული ბაქტერია, რომლებიც ახლა ჩრდილში იმალებიან, კვლავ დაბრუნდებიან მოწინავე პოზიციაზე".
სიცოცხლის აბსოლუტური დასასრული კი, დიდი ალბათობით, მაშინ დადგება, როცა მზე აფეთქდება, წითელ გიგანტად გადაიქცევა და თავის მახლობელ პლანეტებს, მათ შორის დედამიწას შთანთქავს. ადამიანური მასშტაბით ეს 5–7 მილიარდ წელიწადში მოხდება.
კომენტარები