ალტე უნივერსიტეტის სასკოლო START-UP მარათონი წარმატებით დასრულდა!


მარათონი, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში ანტერპრენული აზროვნების განვითარებაა, წელს მესამედ გაიმართა. ქართველმა მოსწავლეებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავეს რეალურ გამოწვევებზე, გაავრცელეს ინოვაციური იდეები, მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ ტრენინგ-სესიებში, რომლებმაც მათ მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარები ჩამოუყალიბა ბიზნესის მართვის, გუნდური მუშაობის, ფინანსური დაგეგმვისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით.

მარათონის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პრაქტიკული გამოცდილების მიღება წარმოადგენდა, რაც მონაწილეებმა მენტორების დახმარებით წარმატებით მოახერხეს.


ფინალურ ეტაპში 11 გუნდი მონაწილეობდა. 3-4 მოსწავლისგან შემდგარმა გუნდებმა მენტორებთან ერთად დამუშავებული საკუთარი სტარტაპ-იდეები პრეზენტაციების სახით წარუდგინეს ჟიურის. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც ალტე უნივერსიტეტისა და პროექტის პარტნიორების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ, რაც ახალგაზრდებისთვის, არა მხოლოდ ჯილდო, არამედ, სამომავლო ცხოვრების შეცვლის პერსპექტივაც გახლავთ.

ფოტო: ალტე უნივერსიტეტი

საინტერესოა, როგორ დაიბადა მსგავსი მარათონის იდეა? და რა არის მისი ძირითადი მიზანი?

“ზოგადად ალტე უნივერსიტეტი ტრანსფორმაციის ეტაპზეა, ვმუშაობთ სტარტაპ ეკო სისტემის კუთხით, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია სამეწარმეო მიმართულებებზე და, ალბათ, სწორედ ამიტომ გაჩნდა სტარტაპ პროგრამების ხელის შეწყობის იდეა, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულ დონეზე, ანუ გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით გარე აქტივობის — სტარტაპ მარათონის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მომავალ თაობას საკუთარი იდეების განხორციელებაში, ვასწავლოთ ბიზნესის ძირითადი პრინციპები და სხვ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ განცვიფრებული და აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდების შესაძლებლობებით, ძალიან აზრიან კითხვებს სვამდნენ, რაც გასაკვირია მათი ასაკიდან გამომდინარე. ამიტომ სამომავლოდ მარათონის საერთაშორისო დონეზე ჩატარებას ვაპირებთ, რომელიც მოიზიდავს დამწყებ ანტერპრენერებს, ინვესტორებსა და გამოცდილ მეწარმეებს.” — გვიამბო Alte University-ის ბიზნეს სკოლის დეკანმა დავით კიკვიძემ.

მარათონში ჩართული გუნდების უმეტესობა რეგიონების სკოლების მოსწავლეები იყვნენ. არაერთმა მათგანმა ფინალურ ეტაპზეც წარმატებით იასპარეზა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მარათონის ბოლოს იმაზე მეტი გამარჯვებული დასახელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო: Entrepreneur Georgia ერთის ნაცვლად სამი გუნდის (G-AID, Astrobrain, სივრცე/Sivrce) მედია მხარდამჭერი გახდა, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი იდეები ფართო აუდიტორიას გააცნონ. GITA • Tech Park ასევე სამ გუნდს (სივრცე/Sivrce, G-AID, Polymorph, Aquaguard) დაეხმარება პროტოტიპის შექმნაში, მეოთხე გუნდი კი მენტორინგის პროგრამით დაჯილდოვდა.

ფოტო: ალტე უნივერსიტეტი

ფოტო: ალტე უნივერსიტეტი

რჩეული გუნდი — სივრცე/Sivrce გამოავლინა TBC ბანკმაც, რომელსაც იდეის განსახორციელებლად 5 ათას ლარიანი ფულადი ჯილდო გადასცა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თიბისი გვერდში უდგას მარათონის ინიციატორებს.

“სხვათა შორის 2017 წლიდან დაიწყო თიბისიმ სტარტაპების პროექტი. დავნერგეთ სტარტაპ სისტემა, მანამდე ეს არ ხორციელდებოდა. დღეს აქტიურად ვართ ჩართული, როგორც საკრედიტო, ისე არასაკრედიტო ნაწილში, უკვე მესამე წელია ამ სტარტაპ პროექტის პარტნიორები ვართ და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სტარტაპის, როგორც იდეის განვითარებას. ვინაიდან, სწორედ აქ ვხედავთ ქვეყნის განვითარებას — ბევრი სტარტაპი, ბევრი პატარა ბიზნესი, რომლებიც შემდგომში გარდაიქმნება მცირე და საშუალო ბიზნესებად და დადებითად აისახება ქვეყნის მომავალზე.” — გვითხრა თიბისი ბანკის ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვის გუნდის წევრმა ლევან გობეჯიშვილმა.


თიბისის რჩეული გუნდის — სივრცეს წევრებსა ანა ერისთავსა და გუგა მუჩიაშვილს მიაჩნიათ, რომ ამ ღონისძიებამ მათ თვითშეფასებაზე იმოქმედა, რომ მთავარია, თავად გჯეროდეს საკუთარი იდეის და როგორც კი გაჩნდება იდეა, მაშინვე, ყოველგვარი სკეპტიციზმის გარეშე დაიწყო მუშაობა. ახლა ისინი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის ემზადებიან: პროდუქტის ტესტირებისა და ჩაშვების, უკეთ მორგების მომხმარებლის საჭიროებებზე და საკუთარი პროდუქტით საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

რაც შეეხება ალტე უნივერსიტეტის რჩეულს, ეს სტატუსი კომაროვის სკოლის მე-11 კლასელების გუნდმა Polymorph-მა მოიპოვა, გუგა მიქიაშვილის ხელმძღვანელობით. გუგას სტარტაპის იდეა აუთვისებელმა პლასტმასამ და ეკოლოგიაზე ზრუნვამ შთააგონა.

რაც შეეხება ალტე უნივერსიტეტის რჩეულს, ეს სტატუსი კომაროვის სკოლის მე-11 კლასელების გუნდმა Polymorph-მა მოიპოვა, გუგა მიქიაშვილის ხელმძღვანელობით. გუგას სტარტაპის იდეა აუთვისებელმა პლასტმასამ და ეკოლოგიაზე ზრუნვამ შთააგონა.

“მეორადი პლასტმასას გადამუშავებისა და ახალი ნაკეთობების დამზადების საწარმო დანადგარის შექმნის იდეა თვითონ კონკურსმა შთამაგონა. ანუ, მონაწილეობის მიღება ძალიან გვინდოდა და ეს ჩანაფიქრი წარვადგინეთ.

ჩვენ მიერ გამოგონებული დანადგარი ადნობს პლასტმასას, რომელიც ყალიბებში თავსდება. ყალიბი მაცივარში გაივლის, რის შემდეგაც გადამდნარი პლასტმასა საბოლოო სახეს — ახალი ნივთის ფორმას იღებს. ამ გზით ბიზნესი შეძლებს პლასტმასას მეორეულ მოხმარებასა და ხარჯების შემცირებას. დედამიწაზე უამრავი გადაუმუშავებელი პლასტმასა რჩება, რაც იწვევს ფლორის, ფაუნის განადგურებასა და ეკოლოგიურ კატასტროფებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრაში დიდ წვლილს შევიტანთ. ჩვენ ალტე უნივერსიტეტის რჩეულის სტატუსს ნამდვილად არ ვუღალატებთ: პროექტის ბოლომდე მიყვანის, დანადგარის აწყობისა და წარმოებაში ჩაშვების ამბიცია გაგვიჩნდა.” — გვითხრა გუგა მიქიაშვილმა

ფოტო 1: ალტე უნივერსიტეტი / ფოტო 2: ალტე უნივერსიტეტი

ორგანიზაცია ანტერპრენერ საქართველო სამი გუნდის მედია მხარდამჭერი გახდა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან წლების განმავლობაში მხარს უჭერს ალტე უნივერსიტეტის ინიციატივას და როგორც მედია ცდილობს ყველა მიმართულებით გააძლიეროს ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა, დაწყებული იდეების გენერირებიდან, ამ იდეებიდან ბიზნესის აწყობამდე და ა.შ. ასევე ხშირად აქვეყნებენ მასალებს წარმატებულ ბიზნესმენებზე და მათი პუბლიკაციები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

“მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში, მით უმეტეს ბიზნეს მედიის, ვინაიდან, სწორედ ბიზნესმედიებმა უნდა წაახალისოს მსგავსი ინიციატივები, ანუ მიაწოდონ ინფორმაცია აუდიტორიას (დაწყებული მოსწავლეებიდან — ზრდასრული ადამიანების ჩათვლით) იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაიწყონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

დღევანდელი შეკრება სკოლის მოსწავლეებისთვისაა. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებს თავიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორ იმუშაონ საკუთარ იდეებზე, შეიძლება წინააღმდეგობებს შეხვდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იდეებზე აღარ იფიქრონ, პირიქით უნდა ისწავლონ მათი სწორად განვითარება, იდეა უნდა მოარგონ სტარტაპის მოთხოვნებს, სწორედ ქმედითი ადამიანები ცვლიან თავიანთი ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ.” — გვითხრა Entrepreneur Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე სირაძემ.


ღონისძიების დასასრულს თამამად შეიძლება ითქვას, რომ Alte Start-up მარათონი — პროექტი, რომელიც TBC for Youth, TBC for Business, Entrepreneur Georgia და GITA • Tech Park-ის მხარდაჭერით განხორციელდა, კვლავ იქცა ასპარეზად, სადაც ახალგაზრდებმა დაამტკიცეს, რომ აქვთ ნოვაციური ხედვები, ენერგია, სურვილი და უნარები რეალური ცვლილებების განსახორციელებლად — აქ იბადებიან მომავლის ანტრეპრენერები!