ლვოვში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის ლეგალური მექანიზმის შექმნას აპირებს. მან ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის რეგიონებში ხალხთან შეხვედრას დაიწყებს და გზაში დაკითხვებისა და შეჩერების არ ეშინია.

როგორც სააკაშვილმა თქვა, ის ხალხის მოთხოვნების შეგროვებასა და ოლიგარქების მიერ "მიტაცებული" ქონების დაბრუნებას აპირებს:

"არ მაქვს პირადი კონფლიქტი პრეზიდენტ პოროშენკოსთან. არ ვაფასებ პრემიერ გროისმანს და ის ჩემი დამსახურებით არის პრემიერი. იმიტომ, რომ სწორად მოვიქეცი, როდესაც მოხსნეს თანამდებობიდან იაცენუკი და შემდეგ ის [გროისმანი] დანიშნეს. ამ ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩემი დამსახურებით სხედან ამ სავარძლებში და ითხოვენ ჩემს დაპატიმრებას. არანაირი კონფლიქტი გროისმანთან არ გამაჩნია, ასევე არ გამაჩნია კონფლიქტი ავაკოვთან, მაგრამ მაქვს კონფლიქტი ამ სისტემასთან."

ექს-პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება და უახლოეს კვირებში კიევში ჩასვლას აპირებს.

10 სექტემბერს, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტში შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მან საზღვარი გადმოკვეთა ლეგალური პასპორტით, რომელიც ავტობუსში დარჩა და ის ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა "მოიპარეს".

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით 26 ივლისს, ამერიკაში ვიზიტისას ჩამოერთვა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ სააკაშვილი პოლონეთში, ლიტვასა და ბრიუსელში იმყოფებოდა. როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრი იუწყება, საქართველომ უკვე მესამედ მიმართა უკრაინულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.