აფეთქებული ვარსკვლავიდან წამოსულ რადიაციას შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონოდა, რაზეც ახალი კვლევა მიუთითებს.

დაახლოებით 2.5 მილიონი წლის წინ აფრიკაში მდებარე ტანგანიკის ტბის თევზებში გავრცელებულმა ვირუსებმა მოულოდნელად სწრაფი დივერსიფიკაციის პროცესი განიცადა. ამის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობი რჩებოდა. უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს იმავე პერიოდში მოხდა, როდესაც ჩვენს პლანეტამდე ზეახალი ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილმა კოსმოსურმა სხივებმა მოაღწია. ეს ამ ორ მოვლენას შორის შესაძლო კავშირზე მიანიშნებს, რომლის შესახებაც ავტორები გამოცემა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ.

"მართლაც საოცარია იმის აღმოჩენა, თუ როგორ შეუძლია ამგვარ შორეულ მოვლენებს ჩვენს ცხოვრებასა და პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაზე გავლენა იქონიოს. სხვა სამეცნიერო ნაშრომებიდან ვიცით, რომ რადიაცია დნმ-ს აზიანებს, მაგრამ ეს შესაძლოა, ევოლუციური ცვლილებების ან უჯრედული მუტაციების გამაძლიერებელი ფაქტორი იყოს", — ამბობს ასტროფიზიკოსი კეტლინ ნოჯირი.

ტანგანიკა მსოფლიოში ყველაზე გრძელი მტკნარი ტბაა. ის დაახლოებით 32 900 კვადრატულ კილომეტრ ფართობს იკავებს და ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზეა: ბურუნდის, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის, ტანზანიისა და ზამბიის. ტბაში 2000-ზე მეტი სახეობა ბინადრობს, რომელთა ნახევარზე მეტი სხვაგან არ გვხვდება, ანუ იქ სიცოცხლის ფორმების უნიკალური მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი.

კვლევის ავტორების ვარაუდით, ასეთი ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სწორედ რადიაცია იყოს. ვიცით, რომ კოსმოსში არსებულ ენერგიულ ნაწილაკებს, რომელთაც კოსმოსური სხივები ეწოდება, ასტრონავტების უჯრედების დაზიანება და დაჩქარებული დაბერების გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა, ისინი შესაძლოა, ე.წ. ქირალურობასაც განაპირობებდეს, ანუ ბიოლოგიური მოლეკულების სტრუქტურულ გამორჩეულობას.

ტანგანიკა.

ფოტო: Getty

ამ საკითხის გამოსაკვლევად მეცნიერებმა ტბის ფსკერიდან ამოღებული ნიმუშები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ მათში იზოტოპი რკინა-60 დიდი რაოდენობით გვხვდებოდა, ის კი ვარსკვლავების აფეთქებების დროს წარმოიქმნება. რადიოაქტიური დათარიღებით დადგინდა, რომ ნიმუშებში არსებული რკინა-60 ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფოდა: ერთი 6.5 მილიონი წლის წინანდელი იყო, ხოლო მეორე — 2.5 მილიონი წლის წინანდელი.

ამის შემდეგ, მეცნიერებმა ირმის ნახტომში მზის მოძრაობა გამოიკვლიეს, რათა გაეგოთ, საიდან შეიძლებოდა დედამიწაზე ეს იზოტოპი მოხვედრილიყო. მათ დაადგინეს, რომ დაახლოებით 6.5 მილიონი წლის წინ ჩვენმა მზის სისტემამ ორიონის სპირალური შვერილის დაბალი სიმკვრივის რეგიონში გაიარა, სადაც ზეახალი ვარსკვლავების მიერ დატოვებული ნარჩენები უხვადაა.

შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ იზოტოპთა რაოდენობის 2.5 მილიონი წლის წინანდელი მატება შესაძლოა, ვარსკვლავის აფეთქებას გამოეწვია. ის ან 460 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ღრიანკალ-კენტავრის ვარსკვლავთა ჯგუფში მოხდა, ან 230 სინათლის წლით დაშორებულ ტუკან-საათის ჯგუფში (ეს სახელები მათ შესაბამისი თანავარსკვლავედების გამო ეწოდება).

კომპიუტერული სიმულაციით დადგინდა, რომ ასეთი მოვლენა დედამიწას კოსმოსური სხივების ნაკადს 100 000 წლის განმავლობაში დაატეხდა თავს. ეს კი ნიმუშებში აღმოჩენილ იზოტოპურ მატებას ზუსტად ემთხვევა. მსგავსი რადიაცია საკმარისად ძლიერი იქნებოდა, რათა დედამიწის ატმოსფეროში შეჭრილიყო და დნმ შუაზე გაეხლიჩა. შესაძლებელია, ვირუსების სწრაფი დივერსიფიკაციის მიზეზი სწორედ ეს გამხდარიყო, თუმცა მეცნიერები რაიმეს დაზუსტების თქმისგან თავს იკავებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.