ახალი კვლევის თანახმად, ოდესღაც დედამიწაზე მწვანე ოკეანეები იყო
ოკეანეების ფერი ჟანგბადმა შეცვალა.

ფოტო: Janet Iwasa
ასტროფიზიკოსებმა, გეოლოგებმა და ქიმიკოსებმა ერთობლივ კვლევაში საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. კვლევის მიხედვით, მილიარდობით წლის წინ დედამიწის ოკეანეები მწვანე იყო.
ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ჯგუფმა დედამიწის წარსულის სიმულირება შეძლო.

წყალქვეშა მწვანე სამყარო არქეულ ეპოქაში ციანობაქტერიების და ფოტოფეროტროფების გაჩენის შემდეგ
ფოტო: Nature Ecology & Evolution
დღეს მსოფლიო ოკეანეები ცისფერი ფერისაა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ყოველთვის ასე არ იყო. ამაზე მეცნიერები პირველად 2000-იან წლებში ალაპარაკდნენ, თუმცა ამის დადასტურებით თქმა რთული იყო.
და, აი, ახლა მკვლევრებმა სიმულაციისას მრავალი გარემო ფაქტორი გაითვალისწინეს, მათ შორის ატმოსფეროსა და ოკეანეების ქიმიური შემადგენლობა. მათი თქმით, მილიარდობით წლის წინ ატმოსფეროში უფრო მეტი ორთქლი იყო, ვიდრე დღეს. იგივე შეიძლება ითქვას ნახშირორჟანგზეც, რაც მიწის შედარებით სწრაფ ეროზიას იწვევდა. ამან დიდი რაოდენობით რკინის წყლებში ჩატანა გამოიწვია.
სიმულაციამ აჩვენა, რომ რკინა სამჯერ უფრო დამუხტული იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ოკეანის წყალს მწვანე ელფერს მიანიჭებდა. ეს იმიტომ, რომ რკინის ჰიდროქსიდი შთანთქავს ლურჯ შუქს, ხოლო წყალი შთანთქავს წითელ სინათლეს — რის შედეგადაც მწვანე შუქი აირეკლებოდა ატმოსფეროში.
მეტიც, მკვლევრებმა ისიც აღნიშნეს, რომ ამ დროს წყალში ისეთი ციანობაქტერიები იყვნენ, რომლებიც ქლოროფილს მზის შუქის ენერგიად გადაქცევისთვის იყენებდნენ. მათ ჰქონდათ პიგმენტები, რომლებიც შთანთქავს შუქს და ეს არ შეიწოვებოდა მწვანე წყლის მიერ, რაც წყალს კიდევ უფრო მწვანე ელფერს მისცემდა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს პერიოდი დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ იყო და ის მილიონობით წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროს დედამიწის ოკეანეები უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პლანეტას შორიდან მწვანე შეფერილობას მისცემდა.
როგორც უკვე ვთქვით, ეს პერიოდი მოიცავდა დედამიწის ადრეულ ეტაპს, როცა ატმოსფეროში ჟანგბადი თითქმის არ იყო, ხოლო ოკეანეებში დიდი რაოდენობით რკინის იონები ინახებოდა. დაახლოებით 2.4 მილიარდი წლის წინ, ციანობაქტერიებმა ჟანგბადის გამოყოფა დაიწყეს, რის გამოც რკინა დაჟანგდა, ნალექად დაილექა და ოკეანეების ფერი თანდათან ლურჯისკენ შეიცვალა.
კომენტარები