პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, რომელთა დასაშლელადაც პოლიცია სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აშკარა დარღვევაა. დემონსტრაციების დასაშლელად აქტიურად გამოიყენება წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი, ხშირად ვხვდებით ამ საშუალებების კომბინაციასაც.

გასული დღეების განმავლობაში გავრცელდა მრავალი ვიდეო, რომლებშიც სამართალდამცველთა მხრიდან პროტესტის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობაა ასახული — პოლიციელები დაკავებულ მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს ძალიან მძიმედ უსწორდებიან. კადრების გავრცელების შემდეგ ხელისუფლების რიტორიკა და, შესაბამისად, პოლიციის აგრესიულობა შეიცვალა — 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი ვიხილეთ. როგორც ჩანს, ქართული ოცნება მოქალაქეების წინააღმდეგ ამ მეთოდის გამოყენებას ჰუმანურ გზად მიიჩნევს.

როგორ მუშაობს ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართულ აქციებზე ამ საშუალებებს ხშირად იყენებენ. ამ ორს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ წიწაკის სპრეის შედარებით ახლო მანძილზე ისვრიან კონკრეტული ადამიანების მისამართით; მეორე მხრივ, ცრემლსადენი გაზი უფრო დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება და მეტი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს.

წიწაკის სპრეი (OC სპრეი)

წიწაკის სპრეი ზეთოვან ექსტრაქტს (Oleoresin Capsicum, იგივე OC) შეიცავს, რომელიც კაპსაიცინოიდების ნარევია. თავისთავად, წარმოების მიხედვით სპრეის შედგენილობა სხვადასხვა შეიძლება იყოს, თუმცა მასში, როგორც წესი, კაპსაიცინოიდები გვხვდება. სწორედ Oleoresin Capsicum-ის ზეთოვანი ბუნებით აიხსნება ის, რომ წიწაკის სპრეი რთულად ჩამოსაბანია და წყალში არ იხსნება.

ასევე იხილეთ: რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ

კაპსაიცინოიდები ცხარე წიწაკაში შემავალ ნივთიერებებს ეწოდება. ამ ნაერთებს ხშირად იყენებენ წიწაკის აეროზოლებსა და სხვა ქიმიურ გამღიზიანებლებში. სხეულზე მოხვედრისას ისინი კონკრეტულ რეცეპტორებს, TRPV1-ებს, ააქტიურებს. ზოგადად, ეს რეცეპტორები სიცხისა და ტკივილის აღქმაში გვეხმარება, სპრეის მოხვედრის შედეგად კი დაზიანებულ ადგილას წვისა და ტკივილის შეგრძნება ჩნდება.

Oleoresin Capsicum-ის მოხვედრისას ლორწოვანი გარსები და ზედა სასუნთქი სისტემა ღიზიანდება. შედეგად ჩნდება:

  • ძლიერი ცრემლიანობა;
  • წვის შეგრძნება;
  • მხედველობის დროებითი დაკარგვა;
  • ხველა;
  • სუნთქვის გაძნელება.

როგორც წესი, წიწაკის სპრეის ზემოქმედება სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. ჩვეულებრივ, სიმპტომები რამდენიმე საათში ქრება. მეორე მხრივ, ალერგიის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში გართულებების, მათ შორის სიკვდილის, რისკი შედარებით მაღალია.

ეს საფრთხე მეტად მოსალოდნელია მაშინაც, თუ შესაბამისი უწყებები ამ საშუალებას არასწორად გამოიყენებენ — მაგალითად, ადამიანს სპრეის ძალიან ახლო მანძილიდან შეასხამენ.

ცრემლსადენი გაზი

ცრემლსადენი გაზი საშუალებაა, რომელიც ლაკრიმატორებს — ცრემლმდენ ნივთიერებებს — შეიცავს. შედგენილობის მიხედვით ცრემლსადენი გაზი სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს.

სახალხო შეკრებების დასაშლელად ყველაზე ხშირად CS გაზი გამოიყენება, იგივე 2-ქლორობენზალმალონონიტრილი. არსებობს უფრო ძლიერი და მეტად ტოქსიკური ცრემლსადენი საშუალებებიც, მათ შორის CN და CR გაზები, რომელთაც ასეთ დროს ნაკლებად იყენებენ. ცნობისთვის, ცრემლსადენ საშუალებად შეგვიძლია მივიჩნიოთ წიწაკის სპრეიც (მისგან განსხვავებით, ზემოხსენებული ნივთიერებები ქიმიურადაა შექმნილი).

ცრემლსადენ გაზში შემავალი ნივთიერებები ლორწოვან გარსებს (თვალებს, პირს), სასუნთქ სისტემასა და კანს აღიზიანებს. მან არაერთი სახის დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს:

  • თვალების, ცხვირის, პირისა და კანის წვა;
  • ჭარბი ცრემლდენა;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • უხვი გამონადენი ცხვირიდან;
  • გაძნელებული სუნთქვა;
  • ხველა;
  • გამონაყარი;
  • ორიენტაციის დარღვევა.

ასევე იხილეთ: როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები

როგორც წესი, ცრემლსადენი გაზი მომაკვდინებელ საშუალებად არ მიიჩნევა. მეორე მხრივ, ასთმის, ამ ნივთიერებებზე ალერგიის ან სხვა დაავადების შემთხვევაში, შესაძლოა, გართულებების ან სიკვდილის რისკი უფრო მაღალი იყოს.

მნიშვნელოვანია გამოყენების წესების დაცვაც. ცრემლსადენი გაზის მწარმოებლები მომხმარებლებს ხშირად აფრთხილებენ, რომ ადამიანისთვის ამ საშუალების პირდაპირ სროლამ, შესაძლოა, მძიმე დაზიანება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

როგორ რეგულირდება ამ საშუალებების მოხმარება?

მსგავსი საშუალებების გამოყენება, როგორც წესი, ადამიანებისთვის ხანგრძლივი ზიანის მიყენებას არ ემსახურება. მიზანი ისაა, რომ მომიტინგეებს კონკრეტულ მომენტში გაუჭირდეთ ფუნქციონირება და შეკრება დაიშალოს. ამის მიუხედავად, არასწორად ან არასწორ ადამიანებზე გამოყენების შემთხვევაში არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ მომიტინგეებს არაპროპორციული და გამოუსწორებელი ზიანი მიადგებათ.

სპეციალური საშუალებების გამოყენებას არაერთი ინსტიტუცია არეგულირებს:

  • ეუთო/ოდირის სამართალდამცავთა აღჭურვილობის შესახებ გზამკვლევში ვკითხულობთ, რომ "ქიმიური გამაღიზიანებლები ფართო არეალში გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ჯგუფები წარმოადგენენ მყისიერ საფრთხეს და სხვა ყველა კონვენციური მეთოდი უკვე უშედეგოდ იქნა გამოყენებული";
  • სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ "წიწაკის სპრეის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ქსოვილების ნეკროზი, ფილტვების შეშუპება ან შინაგანი სისხლდენა. გასროლილი კაფსულების პირდაპირმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს შემავალი ჭრილობები, ტვინის შერყევა, თავის ქალის სხვა ტიპის დაზიანებები და სიკვდილი";
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) დაადგინა, რომ ცრემლსადენი გაზის სისტემური და შეუსაბამო გამოყენება მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციისთვის;
  • ოდირი გამოყოფს, თუ როდის არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ცრემლსადენი აირი: "მშვიდობიანი შეკრების დაშლისას, სადაც მოხუცები, ბავშვები ან ისეთი ადამიანები იმყოფებიან, რომელთაც ქიმიური საშუალებებისგან გარიდება არ შეუძლიათ. ასევე, ჩაკეტილ სივრცეებში ან სტადიონებზე, სადაც ჭყლეტის მაღალი საფრთხეა";
  • ასევე UNODC/OHCHR მკაფიოდ განმარტავს, რომ არ შეიძლება ქიმიური საშუალების გამოყენება ერთსა და იმავე ადამიანებზე რამდენიმეჯერ დროის მოკლე მონაკვეთში;
  • გაეროს განსაზღვრებით, ამ ტიპის საშუალებების მთავარი პრობლემა ისაა, რომ "დისკრიმინაციული" არ არის: გაზი თანაბრად მოქმედებს დემონსტრანტებსა და არადემონსტრანტებზე, ჯანმრთელ ადამიანებსა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებზე.

ცრემლსადენი გაზის მასობრივი გამოყენების წინააღმდეგ წლებია იბრძვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-იც. ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქიმიური საშუალებების გადაჭარბებით, არასწორად გამოყენებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიკვდილი გამოიწვიოს.

რამდენად კანონიერად იყენებს ქართული პოლიცია სპეციალურ საშუალებებს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად NEWS.On.ge საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტ ნიკა სიმონიშვილს დაუკავშირდა.

ნიკა სიმონიშვილის თქმით, სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, პოლიციას საამისოდ გამოკვეთილი საფუძველი უნდა გააჩნდეს. აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი) გამოყენება არის შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს სამართალდარღვევის მყისიერი საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია, თითოეულ შემთხვევაში აქციის მონაწილეები წინასწარ გააფრთხილოს.

"გამოყენებამდე უნდა მოხდეს გაფრთხილება. ჩვენ ამას რიგ შემთხვევებში ვხედავთ, თუმცა ასევე რიგ შემთხვევებში, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს. ვიხილეთ უამრავი შემთხვევა, როცა პოლიცია ამ საპოლიციო საშუალებებს, განსაკუთრებით ცრემლსადენ გაზს, იყენებდა ისეთ მომენტებში, როცა მყისიერი საფრთხე არ არსებობდა", — აღნიშნავს ნიკა სიმონიშვილი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპოლიციო საშუალების გამოყენების ლეგიტიმური საფუძველი უნდა არსებობდეს, ხოლო არსებობის შემთხვევაში, საპოლიციო ძალა პროპორციული უნდა იყოს. ნიკა სიმონიშვნილის აზრით, ამ საშუალებების გამოყენების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა.

"როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, სპეციალური საშუალებები ძალადობისა და უწესრიგობის აღსაკვეთად გამოიყენეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცალკეული პირები ჩადიოდნენ სამართალდარღვევას, არ არსებობდა ამ დღეების განმავლობაში იმის საფუძველი, რომ მთლიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ, რომელიც იყო მშვიდობიანი, გამოყენებული ყოფილიყო სპეციალური საპოლიციო საშუალებები. მკაფიოდ უნდა აღინიშნოს — მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ ამ ზომების მიღება კანონით არ შეიძლება. პოლიციამ კონკრეტული პირების ქმედებები უნდა აღკვეთოს და ამას მშვიდობიანი შეკრების დაშლით არ უნდა უპასუხოს. ის, რაც შსს-მ განაცხადა, ვერ გახდებოდა შეკრების აღკვეთის შესაბამისი საფუძველი", — განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ნიკა სიმონიშვილმა ისაუბრა საქართველოს კანონმდებლობის მიღმა არსებულ საერთაშორისო სტანდარტებზეც. ამ სტანდარტების თანახმად, არ შეიძლება ერთიანობაში იყოს გამოყენებული წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი ან სხვა ქიმიური საშუალებები.

"წყლის ჭავლში გარეული იყო რაღაც ნივთიერება, სავარაუდოდ წიწაკის სპრეი. ეს არ არის დაშვებული საერთაშორისო სტანდარტებით, რადგან ის ხანგრძლივად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე — შესაბამისად, მისი გამოყენების მიზანი გამოდის ადამიანის დაზიანება და არა წესრიგის აღდგენა. ასევე, დაუშვებელია წყლის ჭავლის გამოყენება მძიმე მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, რადგან დაბალი ტემპერატურის პირობებში ასეთი საშუალებების გამოყენება შეიძლება უტოლდებოდეს არაადამიანურ მოპყრობასაც კი, რაც პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლს, რომელიც წამებას კრძალავს", — განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

საბოლოოდ, ნიკა სიმონიშვილმა შეაჯამა დარღვევები და აღნიშნა, რომ მისი აზრით, პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები იყო როგორც არალეგიტიმური, ისე არაპროპორციული, თუმცა კითხვა უნდა დაისვას პროპორციულობაზე, მთავარი პრობლემა ამ საშუალებების გამოყენების არალეგიტიმურობაა.