სოციალური კამპანია აღადგინეს განცხადებით, ის იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე დამწვარი ხეები ხელახლა დაირგოს ასი პროცენტით:

"პროექტის ფარგლებში დარგული ხეების 80 პროცენტზე მეტი ხანძრის შედეგად განადგურდა. ცეცხლს გადაურჩა მხოლოდ სოფელი დაბის ტერიტორიაზე, დაბლობზე დარგული ნერგები... კამპანია აღადგინე იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დამწვარი ხეები ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხელახლა დაირგოს ასე პროცენტით. დარგვების განახლების დრო და თარიღი დამოკიდებულია ექსპერტების მიერ ტერიტორიისა და ნიადაგის შესწავლის შედეგად დადებულ დასკვნაზე".

სოციალური კამპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კამპანიის დასრულება ოფიციალურად 15 სექტემბრამდე იგეგმებოდა.

სოციალური კამპანია აღადგინე, საზოგადოების გაერთიანებით, მიზნად ისახავდა 2008 წელს დამწვარი ბორჯომის ტყის სრულად აღდგენას. კამპანიაში ჩაერთო 170-მდე კომპანია და 6 000-მდე ფიზიკური პირი. 11.6 ჰექტარზე უკვე დაირგო 32 300 ნერგი და სექტემბრის სეზონზე დაგეგმილი იყო დარგვები დამატებით 10 ჰექტარზე.