ტეილორ სვიფტის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტს თან ერთვის მომღერლისა და მისი ცნობილი კატის, ბენჯამინ ბატონის, ერთად გადაღებული ფოტო. სამი კატის პატრონი სვიფტი გავრცელებულ სექსისტურ ნარატივებს აქამდეც არაერთხელ დაჰპირისპირებია, მაგრამ მისი განცხადება ამჯერად ერთ კონკრეტულ შემთხვევას მიემართებოდა: ჰარისის ოპონენტი რესპუბლიკელების ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიდი ვენსმა, რამდენიმე წლის წინ განაცხადა, ამერიკას უშვილო, მეკატე ქალები მართავენ, რომლებსაც ცხოვრებაში არ გაუმართლათ და ახლა სურთ, ქვეყანამაც იგივე ბედი გაიზიაროსო.

თავის მხრივ, ტეილორის განცხადებასაც მოჰყვა სექსისტური კომენტარები. ტექნოლოგიურ მიღწევებზე მეტად არაადეკვატური ტვიტებით ცნობილმა ილონ მასკმა პოპვარსკვლავს ისიც კი უთხრა, შვილს გაჩუქებო. ჟურნალ Time-ის მიერ 2023-ში წლის ადამიანად დასახელებულ სვიფტს რაში სჭირდება "ნაჩუქარი შვილი" მასკისგან, რომელიც უკვე, სულ მცირე, 11 ბავშვის მამაა, მაგრამ მათთვის მეურვეობის გაწევით თავს დიდად არ იწუხებს, ცოტა გაუგებარია, მით უფრო, რომ ტექმაგნატის განცხადებები მისსავე შვილებს აღაშფოთებს ხოლმე. თუმცა, მთელი ამ ამბის მიღმა ძირძველი მიზოგინიური დამოკიდებულებები იმალება.

ქვემოთ მოგიყვებით, საიდან იღებს სათავეს "უშვილო, მეკატე ქალის" სახე და როგორ იყენებს დღემდე მას პატრიარქალური წესრიგი ქალების დასამცირებლად.

კუდიანები და კატები

ფოტო: Boston Public Library

ჰელოუინის წვეულებაზე თუ ოდესმე მოხვედრილხარ, იქ ერთი სტუმარი მაინც იქნებოდა გამოწყობილი კუდიანის ფორმაში, რომელსაც თან შავი კატა ახლავს. კუდიანის ეს კლასიკური სახე შუასაუკუნეობრივ ცრურწმენებს უკავშირდება. იმ შავ-ბნელ პერიოდში, როდესაც ევროპა ზებუნებრივი ბოროტი ძალების რწმენამ და ამ ძალების ქვეშევრდომების ერთმანეთში ძიებამ შეიპყრო, საზოგადოებაში ფოლკლორული წარმოდგენები გაცოცხლდა და კატებმაც, ცოცხზე ამხედრებულ კუდიანებთან ერთად, მითოსიდან რეალობაში გადმოინაცვლეს.

კატები ოდითგან მიიჩნეოდნენ საკრალური მნიშვნელობის ცხოველებად და ანტიკურ ცივილიზაციებში ყველაზე ხშირად ქალღმერთების სახედ გვხვდებოდნენ. ძველეგვიპტურ წარმოდგენებში ეს ბასტეტი იყო, ანტიკურ საბერძნეთში — ჰეკატე. ქალღმერთ კატებს მრავლად ვხვდებით სკანდინავიურ მითოლოგიაშიც. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ როცა ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში ძლიერი ქალის სახე ქალღმერთიდან კუდიანად იქცა, მისი შეუცვლელი მეგზური სწორედ კატა გახდა.

შუა საუკუნეების ევროპაში მიაჩნდათ, რომ კატები, უფრო ხშირად კი შავი კატები, კუდიანების სულიერი ცხოველები იყვნენ და მათ საქმეების აღსრულებაში ეხმარებოდნენ. ამ წარმოდგენას ხელი შეუწყო "კუდიანებზე ნადირობის" მოთავე კათოლიკე ეკლესიამაც: რომის პაპის, გრიგოლ IX-ის, მე-13 საუკუნეში გამოცემული დადგენილებით, კატებს ეშმაკთან კავშირი ჰბრალდებოდათ, რასაც ევროპაში ამ ცხოველების მასშტაბური ხოცვაც მოჰყვა.

შუა საუკუნეების ევროპაში, რა თქმა უნდა, ადამიანების ხოცვა-ჟლეტაც არ დაუკლიათ გამოგონილი ბრალდებებით. კუდიანობაში დადანაშაულებულების აბსოლუტური უმრავლესობა რომ ქალი იყო, არც ესაა გასაკვირი; ძალაუფლების სათავეში ხომ ფარული მტრებით დამფრთხალი კაცები იყვნენ, პატრიარქალური წესრიგი კი უბრალო ადამიანებსაც არასტანდარტული წესით მცხოვრები ქალებისკენ ხელის გაშვერას აიძულებდა.

არასტანდარტული წესით მცხოვრებ ქალებად მაშინ მიიჩნეოდა ყველა, ვინც ტრადიციულ გენდერულ როლებს არ მიესადაგებოდა. მაგალითად, ცხოვრობდა მარტო, არ ჰყავდა შვილები, ან სულაც ქორწინების გარეშე იმყოფებოდა სექსუალურ ურთიერთობაში. პატრიარქატი კი ყოველთვის ცდილობდა და კვლავაც ცდილობს, ქალებს ცხოვრების განსაზღვრული სტილი დაუდგინოს და მისი დარღვევის შემთხვევაში არც უსიამოვნო ეპითეტების ძახილს არ ზარდება. ადრე ეს იყო "კუდიანი", მოგვიანებით — "კახპა", რომელიც ჩვენისთანა ტრადიციულ საზოგადოებებში პოპულარობას ისევ ინარჩუნებს.

თანამედროვეობაში გაცოცხლებული პრობლემა

ქალები თეთრი სახლის წინ საპროტესტო აქციაზე მხევლის წიგნის სამოსით.

ფოტო: EPA-EFE / Jim Lo Scalzo

"როდის თხოვდები?" — ეს კითხვა საქართველოში გოგოების უმრავლესობას ალბათ იმ წამიდან ესმის, როგორც კი საზოგადოების მიერ დაქორწინებისთვის განსაზღვრულ ასაკს მიუახლოვდება. ქალებზე პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა, რომ დაქორწინდნენ და შვილები გააჩინონ, არახალია და არც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ექსკლუზიური პრაქტიკა არაა. ეს ზეწოლა ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, გარკვეული დროის შემდეგ კი, ქალი "შინაბერას" ჩარჩოში ექცევა და პირადი ცხოვრების ქონის უფლება ერთმევა (რომელსაც, დაქორწინების შემთხვევაში, უფრო ადრეც წაართმევდნენ) — ქართულ რეალობაში ამის საუკეთესო ილუსტრაცია თამთა მელაშვილის რომანი შაშვი შაშვი მაყვალია.

მართალია, საქართველოში "კუდიანებზე ნადირობას" არ ჩაუვლია, მაგრამ დაუქორწინებელი ქალის სახე ჩვენთანაც ხშირად კატებს უკავშირდება ხოლმე. შვილები რომ არ გინდა, რა, სიბერეში კატები მოგივლიანო? — ბევრჯერ გამიგია მსგავსი რეპლიკა იმ ქალების მიმართ, რომლებმაც საზოგადოებრივი მოლოდინების გასამართლებლად დედობა არ აირჩიეს.

ერთია — ებრძოლო საზოგადოებაში ფესვგადგმულ სტერეოტიპებსა და განწყობებს, მეორეა, როცა ამგვარი საზიანო დამოკიდებულებების კიდევ უფრო განმტკიცებას პოლიტიკოსები ან ავტორიტეტული რელიგიური ინსტიტუტები უწყობენ ხელს. გემახსოვრებათ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, სადაც მართლმადიდებელი სასულიერო პირი ბავშვებს უხსნის, რომ "ქალის მთავარი სამკაული ქმრის და მამების მორჩილებაა". აი, ქართველი პოლიტიკოსები კი, პარტიის განურჩევლად, ისეთი სიხშირით აკეთებენ სექსისტურ განცხადებებს, მათი აღრიცხვაც კი გვიჭირს.

ნიშანდობლივია, რომ ასეთი განცხადებების დიდი ნაწილიც ქალების სექსუალობას მიემართება ხოლმე და ამის საფუძველზე მათ "შერცხვენას", ღირსების შელახვას ისახავს მიზნად.

აქტუალურობა არც "კუდიანის" სახეს არ დაუკარგავს, განსაკუთრებით, დასავლურ სამყაროში. ქალების დისკრედიტაციისთვის ამ ტერმინს ისევ იყენებენ. ოპონენტები "კუდიანს" ეძახდნენ მარგარეტ თეტჩერს, ჰილარი კლინტონს... კამალა ჰარისს "იეზებელიც" უწოდეს, რომელიც რელიგიური კონტექსტით ერთდროულადაა "გარყვნილების" და "ბოროტთან გარიგებულის" სიმბოლო.

სექსისტური სახე-სიმბოლოების გადასხვაფერება

ჟურნალ ნიუ-იორკერის ერთ-ერთი ნომრის ყდა: "უშვილო, მეკატე ქალი მოურიდებლად იღებს სიამოვნებას ცხოვრებით"

ფოტო: Mark Ulriksen

ზოგიერთმა თანამედროვე ფემინისტურმა ჯგუფმა მიზნად დაისახა ზემოხსენებული სექსისტური სახე-სიმბოლოების — "კუდიანის" და "კახპის" — გადასხვაფერება, როგორც ინგლისურად ამბობენ ხოლმე, "რიქლეიმინგი". ეს დამოკიდებულებების შესაცვლელად ტერმინებისთვის ნეგატიური კონოტაციის მოშორებას გულისხმობს; რომ, მაგალითად, "კუდიანი" საზოგადოებრივ აზრთან დაპირისპირებული, მეამბოხე ქალის სიმბოლოა, "კახპა" კი — დამოუკიდებელი, თავისუფალი და თავდაჯერებული ქალისა.

"რიქლეიმინგის" მაგალითებს ვხვდებით პოპკულტურაში: სერიალები საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავალი და ამერიკულ საშინელებათა ისტორია: კლანი, 2024 წლის ევროვიზიაზე ესპანეთის საკონკურსო სიმღერა კახპა, ივ ენსლერის გახმაურებული პიესა ვაგინის მონოლოგები. სექსისტური ნარატივების ისტორიული კონტექსტის ახსნა და მათი გაქარწყლება დაისახეს მიზნად აკადემიურ წრეებშიც: ამერიკელი ლექტორის, კრისტენ ჯ. სოლის, წიგნი კუდიანები, კახპები, ფემინისტები: პოზიტიური სექსუალობის გამოხმობა სწორედ გავრცელებული სახე-სიმბოლოების ახლებურად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ფოტო: Marlena Kuczko

"რიქლეიმინგის" სივრცეში მოჰყვა "უშვილო, მეკატე ქალის" სახეც. ეგ კი არა, ჯეიდი ვენსის საპასუხოდ, კამალა ჰარისის მხარდამჭერებმა "უშვილო, მეკატების ქალების კლუბიც" კი შექმნეს და სხვადასხვა ბრენდირებული ნივთი გამოუშვეს.

"კუდიანის" და "კახპის" სიმბოლოები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე აქტივიზმშიც. ცნობილ ფემინისტურ მოძრაობას, რომელიც გაუპატიურებისა და მსხვერპლი ქალების დადანაშაულების წინააღმდეგ ილაშქრებს, სწორედ SlutWalk ("კახპის მსვლელობა") ჰქვია, მისი მონაწილეები კი ისე იცვამენ, საზოგადოებაში რომ "გამომწვევს" ეძახიან ხოლმე.

პატრიარქალურ წესრიგთან ჯერ კიდევ მიმდინარე ბრძოლის ისტორიის უწყვეტობას კი ალბათ საუკეთესოდ ასახავს მსგავს მსვლელობებზე გამოყენებული ცნობილი ფრაზა: "ჩვენ იმ კუდიანების შვილიშვილები ვართ, რომლებიც ვერ დაწვით".