რატომ არის არჩევნები ქალების მთავარი საქმე
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელმაც ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ბედი უნდა განსაზღვროს, სულ რაღაც სამი დღე დარჩა. სტატისტიკურად, საქართველოში ამომრჩეველთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. შესაბამისად, ყოველი მათგანის ხმას ძალიან დიდი გავლენა ექნება არჩევნების შედეგებზე.
სწორედ ამიტომ, საფარმა და სხვა ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია ქალები ვირჩევთ — მისი მიზანი ქალი ამომრჩევლის მობილიზებაა.
ჩვენ საფარის დირექტორს, ბაია პატარაიას და ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერს, ნინა აგლაძეს ვესაუბრეთ. მათ გვიამბეს, რას აკეთებენ კამპანიის ფარგლებში, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ თუ საჯარო ცხოვრებაში, როგორია მათი წინასაარჩევნო განწყობა და ა.შ.
"წლევანდელი არჩევნები არ არის ჩვეულებრივი. აქამდე, შედარებით სტანდარტული არჩევნები იყო, სადაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, მაგრამ ქვეყნის საგარეო კურსი იყო ევროპული. წელს გვაქვს სრულიად არაორდინალური ვითარება. არჩევანს ვაკეთებთ არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ უნდა გადავწყვიტოთ, საქართველო რუსეთისკენ წავა თუ ევროპისკენ", — გვეუბნება ბაია.
საქართველოში, სადაც ქალებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის ძალადობა, დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით და ფემიციდი უდიდესი გამოწვევა და პრობლემაა, ქალებისთვის ერთადერთი თავშესაფარი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სერვისები და პროგრამებია, რომლებიც ევროკავშირის და სხვა დასავლური ფონდების მიერ ფინანსდება.
თუ საქართველო გადაუხვევს ევროპულ გზას, მკვეთრად გაუარესდება ქალების ისედაც არასახარბიელო მდგომარეობა. ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე წლებია თავდაუზოგავად შრომობენ თანასწორობის მისაღწევად, გაუჭირდებათ მუშაობის გაგრძელება. მით უფრო, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა რუსულმა კანონმა უკვე შეაფერხა არაერთი მათგანის საქმიანობა.
"რუსული კანონმდებლობა ქალებისთვის არის სრულიად დამღუპველი. პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნები ქალებისთვის ძალიან შეზღუდულ როლს ხედავენ. მაშინ, როცა ევროპული პოლიტიკა, უშუალოდ ევროკავშირი, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ქალთა საკითხებს. ძალიან მაღალ სტანდარტებს ითხოვს როგორც ქალების ძალადობისგან დაცვაში, ისე ქალების თანაბარ მონაწილეობაში პოლიტიკურ თუ საჯარო ცხოვრებაში", — აღნიშნავს ბაია.
კამპანია ქალები ვირჩევთ საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრ აქტივობას აერთიანებს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეორგოლს რა არის ქალების მთავარი საქმე, რომელსაც უკვე 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
"ჩვენ ამ ვიდეოთი გვინდოდა გაგვეხსენებინა, გვეღიარებინა და დაგვეფასებინა მთელი ის შრომა, რასაც ქალები გასწევენ. გვინდა, რომ ქალები იყვნენ ამაყები საკუთარი თავებით იმისთვის, რომ მუდმივად შრომობენ, იბრძვიან და ზრუნავენ. გვინდა იგრძნონ, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია და მივიდნენ საარჩევნო ყუთთან", — ამბობს საფარის კომუნიკაციების მენეჯერი, ნინა აგლაძე.
ის, რომ ქალები საქართველოში ძალიან მწვავე პრობლემების წინაშე არიან, საფარისთვის კარგად არის ცნობილი, რადგან უკვე წლებია ამ თემებზე მუშაობს და არაერთი კვლევის ავტორიცაა. კამპანიის განმავლობაში კი, როდესაც ორგანიზაციის წარმომადგენლები ქალ ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, კიდევ ერთხელ ნახეს, რა პირობებში ცხოვრობენ ისინი და რასთან უწევთ ყოველდღიურად გამკლავება.
"გადავწყვიტეთ, რომ გვევლო რეგიონებში და გვენახა ქალები, რომლებიც თვითონ ვერ ახერხებენ ჩვენს შეხვედრებზე მოსვლას. დავდივართ, ძირითადად, ბაზრობებზე, რადგან აქ ბევრი ხალხი ტრიალებს. ვნახეთ, რომ ბაზარში არ არის საპირფარეშოები და ქალებს სრულიად არაადამიანურ, დამამცირებელ პირობებში უწევთ მუშაობა", — ამბობს ბაია.
ნინას თქმით, ქალები ძალიან თბილად ხვდებიან და ღიად ესაუბრებიან თავიათ პრობლემებზე. სჯერათ, რომ მათი ყოფა ბევრად უკეთესი იქნება, თუ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება.
კამპანიის ფარგლებში, საფარი გაეცნო პოლიტიკური პარტიების პროგრამებს და მიმოიხილა ის საკითხები, რაც უშუალოდ ეხებათ ქალებს.
როგორც ბაია ამბობს, აუცილებელია ქალებმა გაითვალისწინონ პარტიების მიერ შემოთავაზებული პროგრამები და მხარი დაუჭირონ იმას, ვინც უკეთ აგვარებს მათ პრობლემებს.
"ჩვენ გვინდა, რომ ქალებს ჰქონდეთ კონკრეტული დაკვეთა პოლიტიკური პარტიების მიმართ. ეს პოლიტიკურ კულტურასაც აამაღლებს და პარტიებსაც უფრო დემოკრატიულს გახდის", — აღნიშნავს ის.
საბოლოო ჯამში, საფარს სჯერა, რომ წელს არჩევნებზე ქალი ამომრჩევლების ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება; რომ ისინი მივლენ საარჩევნო ყუთთან, აირჩევენ ქვეყნის ევროპულ მომავალს და თავიანთ ხმას მთელ ქვეყანას გააგონებენ.
კომენტარები