დანის პირზე გავლად შეფასებული რეფერენდუმი მოლდოვაში — რა გავიგეთ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოლდოველმა ხალხმა მომავლისათვის პირველი დიდი ბრძოლა მოიგო. მართლაც, მოლდოვის პროევროპულმა არჩევანმა დანის პირზე გაიარა — კონსტიტუციაში ევროკავშირში გაწევრების, როგორც ქვეყნის საგარეო მიზნის, მუხლის შეტანას ხმა ამომრჩეველთა 50.39%-მა მისცა. რეფერენდუმის ბედი 12000-ზე ნაკლებმა ხმამ გადაწყვიტა.
პროცესების ასეთი განვითარება სანდუს მხარდამჭერთათვის მოულოდნელი იყო, რადგან ქვეყნის პროევროპული ნაწილი იმედოვნებდა, რომ რეფერენდუმის შედეგი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოსახლეობის მკაფიო ევროპული განაცხადი იქნებოდა.
"მოლდოველმა ხალხმა გადაწყვიტა: ჩვენი ევროკავშირული მომავალი კონსტიტუციაში იქნება გამყარებული. ჩვენ უთანასწორო ბრძოლაში ღირსეულად ვიბრძოლეთ — და ჩვენ გავიმარჯვეთ", — დაწერა სანდუმ X-ზე.
მოლდოვამ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრების შესახებ ოფიციალურად 25 ივნისს დაიწყო.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, აქ მაია სანდუმ 42.45% აიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე პრორუსმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ ხმათა 25.98%-ის მოპოვება შეძლო. არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში 3 ნოემბერს გაიმართება.
რუსეთის ჩარევა
სანდუმ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე განაცხადა, რომ არსებობდა მკაფიო მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების კრიმინალურმა ჯგუფებმა 300000-მდე ხმა იყიდეს.
"კრიმინალური ჯუფები თავს დაესხნენ ჩვენს ქვეყანას ათობით მილიონი ევროთი, ტყუილებითა და პროპაგანდით, იყენებენ ყველაზე უღირს საშუალებებს, რათა ჩვენი მოქალაქეები და ერი არასტაბილურობასა და გაურკვევლობაში ამყოფონ", — განაცხადა სანდუმ.
რუსული ჩარევის მიღმა, მოლდოველი მაღალჩინოსნების განცხადებით, გაქცეული მაგნატი ილან შორი იდგა, რომელიც 130000 ადამიანის მოსყიდვაში მონაწილეობდა. შორი ამგვარ ჩართულობას უარყოფს.
მოლდოვის არჩევნებსა და რეფერენდუმში ჩარევას უარყოფს კრემლიც, რომელიც, პირიქით, სანდუს გამარჯვებას აყენებს ეჭვქვეშ. მოლდოვის პრეზიდენტს მხარი დაუჭირა ევროკავშირმაც.
"რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკების პირისპირ, მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ევროპული მომავალი სურს", — დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა
მიზეზები
NEWS.On.ge მოლდოვის არჩევნების მოულოდნელი შედეგების მიზეზებზე სასაუბროდ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ თორნიკე შარაშენიძესა და პოლიტიკის ანალიტიკოს ნინო სამხარაძეს დაუკავშირდა.
თორნიკე შარაშენიძის თქმით, პრობლემის სათავე ქვეყნის ისტორიულ წარსულში უნდა ვეძიოთ და პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა ქვეყნის რეალობის ნაწილი ყოველთვის იყო. დამოუკიდებელი მოლდოვა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად შეიქმნა და საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე, მის ბოლო წლებშიც კი, ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის თითქმის არ იბრძოდა. ნინო სამხარაძე მოლდოვის პროევროპულ კურსს ზემოდან ქვემოთ წარმართულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მოლდოვის პოლიტიკური ელიტა ევროინტეგრაციის კუთხით ბევრად აქტიურია, ვიდრე ამ მიმართულებით ხალხში მოთხოვნა არსებობს.
"ამ ეტაპზე, მოლდოვის პროევროპული კურსი ზემოდან ქვემოთ წარმართული პროცესია და არა პირიქით. ეს ნიშნავს, რომ მოლდოვაში პოლიტიკური ელიტა ევროპისკენ სვლის საქმეში უფრო აქტიურია, ვიდრე ეს დაკვეთა ხალხში შეიძლება არსებობდეს. ეს ხდება მაშინ, როცა კონკრეტული სახელმწიფოს ხელისუფლება მკაფიოდ ხედავს საჭიროებას ქვეყნის გადარჩენისა და საგარეო კურსის ფუნდამენტური განახლებისთვის. ეს განახლება, მოლდოვის შემთხვევაში, უფრო მეტად მიემართება ევროინტეგრაციას, გამომდინარე იქიდან, რომ მოლდოვის გაცხადებული ნეიტრალიტეტის ფონზე, ამ სახელმწიფოსთვის ყველაზე კომფორტული ვესტერნიზაცია მხოლოდ ევროკავშირის გზაზე გადის და არა NATO-ს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია. აქედან გამომდინარე, სანდუს ხელისუფლება იყო ხელისუფლება, რომელმაც ხალხს თავად მიაწოდა პროევროპული კურსი 4 წლის განმავლობაში", — განაცხადა ნინო სამხარაძემ.
რაც შეეხება არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს, თორნიკე შარაშენიძის თქმით, ამაში უჩვეულო არაფერია — რუსეთის ფედერაცია ნებისმიერ სივრცეს გამოიყენებს იმისათვის, რომ მოლდოვის ევროპისკენ სვლა შეაჩეროს. მით უმეტეს, ზემოქმედების სივრცე, ქვეყანაში არსებული პრორუსული განწყობების გამო, საკმაოდ ვრცელია. ნინო სამხარაძის აზრით, რუსეთის აშკარა ჩარევის დაძლევა პროევროპულ ხელისუფლებასთან ერთად ევროკავშირის გახსნილობამ უზრუნველყო.
ნინო სამხარაძემ ისაუბრა მოლდოვის მთავრობის პრობლემებზეც — თავად სანდუ, როგორც პროევროპული ძალა, მარტოა, რაც სიტუაციას ართულებს, თუმცა დამატებით, მან არაერთი შეცდომა დაუშვა: ეკონომიკური და საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით, სანდუმ საერთაშორისო პარტნიორების მოპოვებას მეტი ყურადღება დაუთმო, ვიდრე ქვეყნის შიგნით მოკავშირეების ძიებას. თორნიკე შარაშენიძის აზრით, მოლდოვის მთავრობის მიდგომა სეპარატისტული რეგიონების მიმართაც არასრულყოფილია. არჩევნებმა აჩვენა, რომ დნესტრისპირეთში მეტი პროევროპულად განწყობილი მოქალაქე ცხოვრობს, ვიდრე გაგაუზიაში, შესაბამისად, მეტად კონსტრუქციული მიდგომაა საჭირო და მარგინალიზება კონტრპროდუქტიულია.
ნინო სამხარაძემ ისაუბრა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზეც, მისი აზრით, მაია სანდუს მარტივი ბრძოლა არ ელის, რადგან ამომრჩეველთა რა ნაწილში შეძლებს ის დამატებითი ხმების მოპოვებას, ბუნდოვანია. თუმცა, ამავდროულად, დაშორება სტოიანოგლოსა და სანდუს შორის იმდენად დიდია, რომ პრორუსულ ფლანგს ამ სივრცის ამოვსება ძალიან გაუჭირდება.
"სტოიანოგლო საკმაოდ ჩამორჩებოდა სანდუს, ამიტომ რამდენად შეძლებს დაშორების შევსებას, რათა 26%-დან 50%-ს მიუახლოვდეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, ადვილი ბრძოლა არც სანდუს ელის, რადგან დამატებით რა მხარდაჭერის მოზიდვა შეუძლია მას პირველიდან მეორე ტურამდე, ცოტა ბუნდოვანია. თუ სანდუ პროევროპელი ამომრჩევლის ხარჯზე საარჩევნო აქტივობას გაზრდის, ამ მხარდაჭერას მოიზიდავს, თუმცა ამ მოცემულობით, მეორე ტურში საკმაოდ მძიმე ბრძოლა ელის", — განაცხადა ნინო სამხარაძემ.
ბოლოს, თორნიკე შარაშენიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყნის პროგრესისა, დასავლეთის მოლოდინები მოლდოვაში არსებული სიტუაციის მიმართ მაინც გადაჭარბებული იყო — რეფერენდუმის საშიში მიმდინარეობაც ამის დასტურია და მისი ამ მომენტში დანიშვნა საუკეთესო აზრი არ იყო. მოლდოვას ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს გადასალახი კორუფციასთან, რუსულ გავლენებთან და სხვა პრობლემებთან ბრძოლის მიმართულებით, სანამ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.
კომენტარები