შიიტური ნახევარმთვარის შემოდგომა — როგორია ირანის რეგიონული გავლენა ჰასან ნასრალას შემდეგ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ჰეზბოლა, ირანის რეგიონული გავლენა, ისრაელის ინტერვენცია ლიბანში და სამომავლო პერსპექტივები

"შიიტური ნახევარმთვარის" შეკვრა

2003 წელს, ამერიკის არმიის ერაყში შეჭრამ და სადამ ჰუსეინის დამხობამ, რომელიც რეგიონში ირანის გავლენის დამაბალანსებელ მნიშვნელოვან აქტორს წარმოადგენდა, რეგიონში არსებული წესრიგი სრულიად შეცვალა.

ძალაუფლების ვაკუუმით ისარგებლა ირანმა და ერაყში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა შიიტია, სადამ ჰუსეინის დამხობის შემდგომ წლებში კი პრო-ირანული განწყობები საკმაოდ ძლიერი იყო, ჯერ დემოკრატიული არჩევნების, შემდგომ კი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი, უმეტესწილად შიიტებით დაკომპლექტებული შეიარაღებული ფორმირებების საშუალებით, საკუთარი გავლენა ძალიან გაზარდა.

2011 წელს, სირიაში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა, რომელსაც სექტარიანული ხასიათი ჰქონდა, ირანს საშუალება მისცა ჯერ მოკავშირის — ლიბანური შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლას საშუალებით, შემდეგ კი პირდაპირ განეხორციელებინა ინტერვენცია, რამაც შიიზმის მონათესავე რელიგიური მიმდინარეობის — ლავიზმის მიმდევარი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება დამხობას გადაარჩინა, სირია ირანის ფაქტობრივ სატელიტად აქცია, ხოლო ქვეყანა — ირანული და პრო-ირანული ფორმირებების პლაცდარმად.

ირანული გავლენის ქვეშ მოექცა იემენის საკმაო ნაწილიც, სადაც არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი არეულობის ტალღის შემდეგ დაწყებულ სამოქალაქო ომს და ყურის ქვეყნების ინტერვენციას ქვეყნის ყოფილი ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენის საზღვრების თითქმის იდენტური დაყოფა მოჰყვა.

უმეტესწილად შიიტებით დასახლებული ჩრდილოეთ იემენი, მედიაში მისი დამაარსებელი კლანის სახელიდან მიღებული სახელით — ჰუსიებით ცნობილი, შიიტური ფორმაციის ანსარულლაჰის კონტროლის ქვეშ მოექცა და ირანის ახლო მოკავშირე გახდა. რაც შეეხება ლიბანს, აქ, შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლა ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორს და ირანის ახლო მოკავშირეს წარმოადგენდა. ამგვარად, ერთგვარი
"შიიტური ნახევარმთვარე", რომელიც ირანის გავლენას ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე გაავრცელებდა, შეიკრა და ირანი რეგიონში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ აქცია.

ისლამური რევოლუციის ექსპორტის პოლიტიკა

ირანის რეგიონული გავლენის ზრდას მისი ამბიციების გაძლიერებაც მოჰყვა და აქამდე არსებულ "ისლამური რევოლუციის ექსპორტის" პოლიტიკას, ირანის ისეთ საკითხებში გააქტიურებაც მოჰყვა, როგორებიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და ხმელთაშუა ზღვამდე ფაქტობრივი დერეფნის შექმნა იყო.

ირანმა აქტიურად დაიწყო სირიის და ლიბანის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტების კონტროლი და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ირანს პორტებთან დააკავშირებდა. ამავე დროს, "წინააღმდეგობის ღერძმა", რომელიც ფაქტობრივად 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედებმდა, პირველ რიგში რეგიონში ისრაელის და აშშ-ს გავლენების საწინააღმდეგოდ, ახალი დატვირთვა შეიძინა, რომლის მთავარ სპონსორად ირანი იქცა და მან, ირანის გავლენის ზრდასთან ერთად, გადალახა ტრადიციული სექტარიანული ხაზები, პრაგმატული პოლიტიკის გატარება დაიწყო და ჰამასის თაოსნობით, უმეტესწილად სუნიტური პალესტინური ფორმირებებიც შემოიერთა.

მიუხედავად ისრაელის უკმაყოფილების და რეგულარული მუქარისა რომ ისრაელი მზად იყო დარტყმა მიეტანა ირანზე ან/და მის მოკავშირეებზე, გასული წლის 7 ოქტომბრამდე და ჰამასის ისრაელზე თავდასხმამდე, რეგიონში მეტწილად ირანის სასარგებლო სტატუს-კვო ნარჩუნდებოდა. სტატუს-კვოს ვერ ცვლიდა ვერც ისრაელის არმიის მიერ ღაზას სექტორში დაწყებული სპეცოპერაცია, რადგანაც მასში არც ირანი და არც მისი მთავარი რეგიონული მოკავშირე – ჰეზბოლა, სრული მასშტაბით არ ჩართულან და როგორც ირანის, ისე ჰეზბოლას დარტყმები ისრაელზე უმეტესწილად ფორმალური ხასიათით შემოიფარგლებოდა, რომელსაც დიდი ნგრევა არ გამოუწვევია. ამის ნაცვლად, ირანი უმეტესწილად მუქარით შემოიფარგლებოდა, რაც ნათლად აჩვენებდა რომ ირანი და მისი მოკავშირეები მაქსიმალურად ერიდებოდნენ ესკალაციას.

ესკალაცია — ისრაელი ჰეზბოლას წინააღმდეგ და აშშ-ის მხარდაჭერა

მიუხედავად ირანის მცდელობებისა, ესკალაცია მოხდა და ეს ნაბიჯი ისრაელმა გადადგა. არაკონვენციური მეთოდებით დაწყებულ ოპერაციას, რომლის პრელუდიადაც ჰეზბოლას წევრების მთავარი საკომუნიკაციო საშუალების – პეიჯერების და რაციების მოდიფიკაცია და შემდეგ დისტანციურად აფეთქება იქცა. ამან, ერთი მხრივ, ბრძოლიდან გამოთიშა ჰეზბოლას არაერთი წევრი, მეორე მხრივ კი გადატვირთა ლიბანის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა. ამის შემდეგ დაიწყო ლიბანის შიიტური დასახლებების, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთის უბნების დაბომბვა. დაიბომბა ჰეზბოლას გენერალური შტაბიც, რასაც ორგანიზაციის მრავალი წლის განმავლობაში უცვლელი ლიდერი — ჰასან ნასრალა და მისი შტაბის არაერთი წევრი ემსხვერპლა.

ამის შემდეგ ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რასაც ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება და ისრაელის მხრიდან განცხადება მოჰყვა რომ ისრაელი ირანს "სასტიკ პასუხს გასცემდა". განსხვავებით უკრაინასთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკისა, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისრაელს ბოლომდე უჭერდა მხარს და ამგვარად, ისრაელის სამომავლო ქმედებებს ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო.

მიუხედავად ამერიკის გაცხადებული მხარდაჭერის და ისრაელის არმიის ტექნოლოგიური უპირატესობისა, იმის თქმა რომ ომის ბედი ახლავე გადაწყვეტილია შეუძლებელია. მიუხედავად დიდი დანაკარგების და ირანის მხარდაჭერის სიმყიფისა, ჰეზბოლა საკმაოდ კარგად გაწვრთვნილ და დისციპლინირებულ ძალას წარმოადგენს, რომელმაც 2006 წელს, ისრაელის არმიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბოლოოდ აიძულა სამხრეთ ლიბანიდან გასულიყო.

ირანსაც, მიუხედავად ტექნოლოგიური ჩამორჩენისა, განსაკუთრებით ავიაციის და ანტისაჰაერო თავდაცვის საკითხებში, ჰყავს მრავალრიცხოვანი პროქსი მილიციები სირიის და ერაყის ტერიტორიაზე, ასევე საკუთარი სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებიც სახმელეთო ომში საკმაოდ ეფექტურ ძალას წარმოადგენენ. ამავე დროს, ისრაელის არმიის მოქმედება ღაზას სექტორში, რომელიც უმეტესწილად საჰაერო დაბომბვას და მასობრივ განადგურებას ემყარება, სადაც უშუალოდ სახმელეთო ჯარების ეფექტურობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს, საკმაოდ ბევრკითხვას აჩენს იმასთან, თუ როგორი იქნება მათი მოქმედება ხანგრძლივ სახმელეთო ბრძოლებში.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ისრაელისთვის სიტუაციას ართულებს, ისრაელის პუბლიკის დამოკიდებულებაა, რომელიც ადამიანურ მსხვერპლზე საკმაოდ მწვავედ რეაგირებს და იმ პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად ისრაელშია, ადამიანური მსხვერპლის პოტენციური პოლიტიკური გავლენის გამოთვლა ძალიან რთულია.

ირანის და ჰეზბოლას პოლიტიკური პრობლემები

შეიძლება ითქვას რომ ირანის და ჰეზბოლას მთავარი პრობლემები იმდენად სამხედრო არაა, რამდენადაც პოლიტიკური. ჰეზბოლამ, 2006 წლის შემდეგ, ლიბანის შიგნით არსებულ კორუფციულ სქემებში მონაწილეობის, სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების მხარდაჭერის და ლიბანში მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამო უმეტესად გაფლანგა ის პოპულარობა რომელიც მას, როგორც ისრაელთან მებრძოლ ორგანიზაციას, ლიბანელებს შორის გააჩნდა.

ჰეზბოლას განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა 2020 წელს ბეირუთის პორტში მომხდარ მასშტაბურ აფეთქებასთან კავშირმა და საკმაოდ წარმატებულმა მცდელობებმა, რომ ამ საქმეში მონაწილეობა ჩაეფარცხა. შესაბამისად, მიუხედავად ჰეზბოლას მონაწილეობისა საპარლამენტო ალიანსში, რომელიც არაშიიტურ პოლიტიკურ პარტიებსაც აერთიანებს, იმის შანსი რომ ჰეზბოლამ სექტარიანული ბარიერის მიღმაც შეძლოს ლიბანის მოსახლეობის მობილიზება თითქმის არ არსებობს; რის გარეშეც ორგანიზაციას ადამიანური რესურსის საკმაოდ სერიოზული პრობლემები ემუქრება.

ამავე დროს, ჰეზბოლას სრული ინტეგრირება ლიბანის შიგნით არსებულ კორუფციულ სქემებში გვაფიქრებინებს იმას, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმის მიღმა თუ რატომ გაურბოდა ჰეზბოლა ესკალაციას, ისიც იყო, რომ ისრაელის შესაძლო ინტერვენცია საფრთხეს უქმნიდა ჰეზბოლას ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც პარტიის შიგნით არსებული პატრონაჟის მექანიზმის და ლიბანის შიდა პოლიტიკაში გავლენის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია.

რაც შეეხება ირანს, ის აქტიურად მოქმედებს მთელ ახლო აღმოსავლეთში და საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს საკუთარი პროქსი ძალების წვრთვნის, აღჭურვის და შენარჩუნებისათვის. თუმცა, როგორც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, ირანი ღრმად არის ინფილტრირებული როგორც ისრაელის, ისე დასავლეთის ქვეყნების აგენტურის მიერ და ინფილტრაცია იმდენად მაღალ ეშელონებამდეა მისული, რომ დაგეგმვის და ოპერაციული საიდუმლოების დაცვის საკითხი სერიოზულ გამოწვევადაა ქცეული.

ეს ირანის პოტენციურ სამხედრო ეფექტურობას დიდ ზარალს აყენებს. ამავე დროს, ირანში ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების და პრეზიდენტად რეფორმისტი მესუდ პეზეშქიანის არჩევის შემდეგ, შეინიშნება ტენდენცია, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისაკენაა მიმართული.

შესაბამისად, მიუხედავად რიტორიკისა, ირანისათვის, ამ ეტაპზე, მთავარი ძალის დემონსტრირებაზე მეტად რეგიონში საკუთარი რეპუტაციის გადარჩენაა. ეს ირანის მხრიდან ფართომასშტაბიან ესკალაციას ძალიან ნაკლებად სავარაუდოს ხდის. ამასვე ემატება ისიც, რომ ირანს, ისეთი პოტენციური მოკავშირე, რომლის იმედიც ისრაელთა პოტენციურ ომში ექნება, არ ჰყავს, რაც ირანის მხრიდან ესკალაციის ალბათობას მინიმალურს ხდის.

რატომაა ესკალაცია ისრაელის ამჟამინდელი ხელისუფლების ინტერესში?

ისრაელის ამჟამინდელი ხელისუფლება და თავად პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, პირიქით, ესკალაციით არიან დაინტერესებულები. რისი მიზეზიც ისრაელის უსაფრთხოების დაცვა ნაკლებადაა. ნეთანიაჰუს პოზიციები ომის დაწყებამდე ძალიან იყო შერყეული და მას, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო, საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა კანონთან და პოტენციურად პატიმრობაც ემუქრებოდა.

ამავე დროს, სასამართლოს რეფორმამ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია და საკმაოდ დაასუსტა ნეთანიაჰუს პოლიტიკური გავლენა. შესაბამისად, ომი ნეთანიაჰუს კარგ შესაძლებლობას აძლევს საზოგადოების ნაციონალისტურ ნიადაგზე მობილიზების და ამ გზით საკუთარი პოლიტიკური კარიერის გახანგრძლივებისთვის.

ნეთანიაჰუს ესკალაციის პოლიტიკის გატარებაში ხელს უწყობს როგორც ისრაელის მმართველი კოალიციის შემადგენლობა, სადაც ულტრამემარჯვენე პარტიები დიდ როლს ასრულებენ, ისე საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ისრაელის მთავარი მოკავშირეა, ნოემბერში უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნებია, ამერიკული საზოგადოება კი მკვეთრად პოლარიზებულია. შესაბამისად, ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციას ყველა ხმა ჰაერივით სჭირდება.

იმის გათვალისწინებით რომ აშშ-სთვის ისრაელის მხარდაჭერა რეალურად შიდა პოლიტიკური საკითხია – ამერიკის ებრაული თემი მსოფლიოში სიდიდით მეორეა, ხოლო ამერიკელი პროტესტანტების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი ქრისტიანული სიონიზმის მხარდამჭერია, წინასაარჩევნო პერიოდში ამერიკის ხელისუფლებას ისრაელის შესაჩერებლად ბევრი მექანიზმი არ გააჩნია. ეს კარგად იცის ნეთანიაჰუმაც და სავარაუდოა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე არსებული დროის მონაკვეთი მაქსიმალურად გამოიყენოს და ბოლომდე დატესტოს თუ სადამდეა მზად აშშ ისრაელს ესკალაციის საშუალება მისცეს.

შესაბამისად, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ სადამდე მოახდენს ისრაელი სიტუაციის ესკალაციას. განახორციელებს თუ არა შეტევას ირანის ნავთობმწარმოებელ ინფრასტრუქტურაზე და რა პასუხს გასცემს ირანი ისრაელის შესაძლო შეტევას.

ნავთობმომპოვებელი ქვეყნების პანიკა და ნეიტრალიტეტის დეკლარაციები

რამდენიმე დღის წინ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა რომ თუკი ისრაელი ირანის ნავთობმომპოვებელ ინფრასტრუქტურაზე მიიტანდა შეტევას, ირანი ყურის არაბული ქვეყნების და აზერბაიჯანის ანალოგიურ ინფრასტრუქტურაზე განახორციელებდა თავდასხმას.

ირანს, როგორც ბალისტიკური რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელოვან მწარმოებელს, საკმაო რესურსი გააჩნია არა მხოლოდ რეგიონის სანავთობო ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად, არამედ სერიოზული გლობალური ენერგოკრიზისის გამოსაწვევადაც, რასაც პოტენციურად გლობალური მასშტაბის ესკალაციაც შეიძლება მოჰყვეს. შესაბამისად, ირანის ხელისუფლების მინიშნებამ, რომ "ისრაელის მხარდამჭერების" აგრესიულ ნაბიჯებს შესაბამისი პასუხი მოჰყვებოდა, ნავთობმომპოვებელ არაბულ ქვეყნებში სერიოზული პანიკა გამოწვია, რასაც ამ ქვეყნების ხელისუფლებების მიერ ირან-ისრაელის კონფლიქტში მათი ნეიტრალიტეტის დეკლარაციები მოჰყვა.

ახლო აღმოსავლეთი დიდი ცვლილებების ზღვარზე

ომის საბოლოო მასშტაბის და შედეგის განურჩევლად, რეგიონში, უპირველესად ლიბანში, ცვლილებები გარდაუვალია. ჰეზბოლას ლიდერების დიდი ნაწილის დაღუპვამ და მებრძოლების საკმაო ნაწილის საბრძოლო მოქმედებებს ჩამოშორებამ, ორგანიზაციის ლიბანის შიგნით არსებული პოზიციებიც დაასუსტა. თუმცა, ეფექტური ალტერნატივის არარსებობის პირობებში, მკვეთრ ცვლილებებზე სავარაუდო ძალაუფლების ვაკუუმის გაჩენაა. რთულია იმის თქმა, ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს. მაგრამ ჰეზბოლას გავლენის დასუსტება, დიდი ალბათობით, ლიბანში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს შეამცირებს და სხვა თუ არაფერი, ქვეყანას ახალი პრეზიდენტის არჩევის და მეტ-ნაკლებად ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს.

ლიბანის ბოლო პრეზიდენტს, ჰეზბოლას მოკავშირე გენერალ მიშელ ავნს უფლებამოსილების ვადა 2022 წელს ამოეწურა, რის შემდეგაც, პირველ რიგში, ჰეზბოლას ჩარევით, ახალი პრეზიდენტის ასარჩევად საჭირო, პარლამენტის წევრთა ხმების ორი მესამედის მოგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.

1990 წელს, დიდი ალბათობით, სირიის ხელისუფლების მიერ მოკლული პრეზიდენტის – რენე მუავადის ვაჟის — მიშელის კანდიდატურა, მიუხედავად ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ნაწილის მხარდაჭერისა, ჰეზბოლას ჩარევით წარუმატებელი გამოდგა. მუავადის წარუმატებლობის შემდეგ, ჰეზბოლასთან დაპირისპირებულმა ფრაქციებმა მუავადზე ბევრად ნეიტრალურ ფიგურად მიჩნეული, ყოფილი ფინანსთა მინისტრის ჯიჰად აზურის კანდიდატურა წამოაყენეს, რომელმაც მართალია შეძლო ხმების უფრო დიდი რაოდენობის მოპოვება, მაგრამ ჰეზბოლას წინააღმდეგობის გადალახვა ვერც მან მოახერხა.

შესაბამისად, ჰეზბოლას დასუსტება ჯიჰად აზურს და მის მხარდამჭერებს საშუალებას აძლევს, მოახერხონ და დაარწმუნონ ჰეზბოლასთან აფილირებული, უმეტესწილად არაშიიტური პარტიები, მხარი დაუჭირონ აზურის ან რომელიმე სხვა ტექნოკრატის კანდიდატურას, რაც ლიბანს პრეზიდენტის არჩევის და არსებული პოლიტიკური კრიზისის შედარებით შემსუბუქების საშუალებას მისცემს. ამავე დროს, ჰეზბოლას დასუსტება, იმის გათვალისწინებით რომ ლიბანის შიგნით მოქმედი, მეორე ტრადიციული არაოფიციალური არაფორმალური ძალა – სირია, სამოქალაქო ომმა ძალიან დაასუსტდა და ირანის ფაქტობრივ სატელიტად აქცია, ქმნის იმის რისკსაც, რომ ლიბანის უაღრესად ფრაგმენტირებულ პოლიტიკურ სივრცეში შექმნილი ვაკუუმი დარჩენილ ფრაქციებს შორის ახალი კონფლიქტის მიზეზად იქცეს და ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ჩააყენოს.

ახლო აღმოსავლეთი დიდი ცვლილებების ზღვარზეა, რომელთა განჭვრეტაც, ამ ეტაპზე, რთულია. მაგრამ იმის თქმა, რომ ისრაელის, ლიბანის და პალესტინის სამომავლო პერსპექტივები ფუნდამენტურად შეიცვალა და ირანის სამომავლო როლი რეგიონში გაურკვეველია, ზუსტად შეიძლება. დანარჩენს მოვლენების შემდგომი განვითარება გვაჩვენებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  2. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

1776-მდე გაიზარდა კომპანიების რიცხვი, რომლებიც ახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

პროევროპული პროტესტის მხარდამჭერი კომპანიების რიცხვმა, რომლებიც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე — Freebusiness.ge…