აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, განცხადებას ავრცელებს.

"მეოთხედი საუკუნე შესრულდა ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - აფხაზეთის ომის დაწყებიდან. სისხლიანმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას.

ძმათა შორის ომმა, რომლის გაჩაღებაში მნიშვნელოვანი როლი საბჭოური იმპერიალიზმით ნასაზრდოებმა, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკამაც ითამაშა, ასეულობით ათასი ადამიანი აქცია დევნილად საკუთარ სამშობლოში. მათ წინაშე პასუხისმგებლობა, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა, ზოგადად ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. ამ გამოწვევაზე პასუხი მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით და, ამავდროულად, პრინციპული საერთაშორისო და სამეზობლო პოლიტიკით, თანამოძმეებთან ნდობისა და თანამშრომლობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი.

ღრმად მწამს, რომ დადგება დღე, როცა ჩვენ აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევუდგებით ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას, სადაც ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა, პოლიტიკურ უფლებათა დაცულობა, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და გაღრმავება ყველა ჩვენგანის საერთო საქმე, წინსვლის წინაპირობა იქნება".

საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 15 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა ომი სულ 13 თვეს გაგრძელდა.

სეპარატისტების მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები, დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20 000-დან 30 000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა.