როგორ მოიპარა "ოცნებამ" "ალტ-ინფოს" ნარატივი
"სინამდვილეში, ქართულმა ოცნებამ აიღო და უბრალოდ დააკოპირა, ჩვენ წლები რა მესიჯბოქსზეც ვიყავით... უბრალოდ, ალტ-ინფოს იდეოლოგია დააკოპირა", — ამის შესახებ ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა მახარაძემ განაცხადა და მმართველი პარტია წინასაარჩევნო პროგრამის მითვისებაში დაადანაშაულა.
ამავე გადაცემაში მახარაძემ ისიც თქვა, რომ მართალია ქართული ოცნება წინასაარჩევნო დაპირებებს არ შეასრულებს, მაგრამ თავად ვითარება, რომ მმართველ პარტიას მათი ნარატივის მოპარვა დასჭირდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს იდეები პოპულარული და მეინსტრიმული გახდა.
ამ სტატიაში შევეცდებით გავარკვიოთ, მართლა მოჰპარა თუ არა ოცნებამ ალტ-ინფოს რამე და თუ მოჰპარა, კონკრეტულად — რა?
ვინ არის ალტ-ინფო?
ალტ-ინფო 2019 წლიდან ფუნქციონირებს, ის მკვეთრად ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მხარდაჭერით გამოირჩევა. ატლანტიკური საბჭოს ციფრული ლაბორატორიის თანახმად, მისი წევრები მუდმივად ესხმიან თავს დასავლურ ღირებულებებს და დასავლეთს არასტაბილურობის სივრცედ წარმოაჩენენ, რითაც ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეების შეხედულებებზე და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გავლენა მოახდინონ.
გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ალტ-ინფო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ყველაფერი ანტიდასავლურისა და პრორუსულის სიმბოლოდ იქცა, პოლიტიკურ ველზე ჩაანაცვლა ამ ფლანგის წარმომადგენელი ქართული მარში და საქართველოს პატრიოტთა ალიანსიც კი. ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერებმა მოახერხეს და მოსახლეობის ანტიდასავლურად განწყობილ ნაწილში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვეს.
"ლიბერალური ცენზურის წინააღმდეგ მებრძოლებმა", როგორც ისინი საკუთარ თავს მოიხსენიებენ ხოლმე, 2021 წელს პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობა დააარსეს და საქართველოს არაერთ ქალაქში ოფისებიც გახსნეს. ჯგუფი აქტიურად მონაწილეობდა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებშიც, როცა ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფები მედიასა და ლგბტქ უფლებადამცველი ორგანიზაციებს დაესხნენ თავს, პარლამენტის წინ ჯვარი აღმართეს და თბილისის ქუჩებში არეულობა მოაწყვეს. მაშინ ქართულ ოცნებას ძალადობრივი ჯგუფებისთვის მხარი ღიად არ დაუჭერია, მეტიც, 5 ივლისს არეულობაში ჩართული რამდენიმე მონაწილე დააკავეს და გაასამართლეს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი კითხვები მაინც გაჩნდა.
ოცნების წინასაარჩევნო დაპირებები
2024 წელს ქართულმა ოცნებამ, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენეებიც გააკვირვა, როცა გადაწყვიტა, რომ ალტ-ინფოს ნარატივი სრულად აეთვისებინა და, მეტიც, წინასაარჩევნო კამპანია სრულად ტრადიციულ და კონსერვატიულ ნარატივზე აეგო.
კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების სხვა ლიდერები საქართველოს რეგიონებში საარჩევნო შეხვედრებზე აცხადებდნენ და აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სჭირდებათ რამდენიმე მიზნის მისაღწევად, მათ შორის — "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" ე.წ ანტი-ლგბტ კანონის მისაღებად, კონსტიტუციის დონეზე ქართული ეკლესიისათვის განსაკუთრებული სტატუსის მისანიჭებლად და "მშვიდობიანი გზით" საქართველოს გასაერთიანებლად, რაც პირველ რიგში რუსეთთან დიალოგს და ურთიერთობების კიდევ უფრო "დალაგებას" გულისხმობს, რაც, მართლაც, ალტ-ინფოს ნარატივის დაკოპირებაა.
რა თქმა უნდა, ქართული ოცნების "გაალტინფოება" ერთ დღეში არ მომხდარა. იმის ასახსნელად, როგორ მიითვისა ოცნებამ ალტ-ინფოს ნარატივი, ოდნავ შორეულ წარსულში უნდა ჩავიხედოთ.
ანტიდასავლური რიტორიკა და კამპანია "ღირსებით ევროპისკენ"
ანტიდასავლური რიტორიკის მიკედლების გზას ქართული ოცნება ჯერ კიდევ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაადგა, როცა ქვეყნის შიგნით და გარეთ გაჩნდა კითხვები უკრაინისათვის არასათანადო მხარდაჭერის გაწევისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიუერთებლობის შესახებ. მმართველი პარტია თავდაცვით პოზიციაში გადავიდა და ამოეფარა ნარატივს, თითქოს დასავლეთი საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა, ქართული ოცნება კი ამის წინააღმდეგი იყო.
ამ ფონზე, 2022 წლის 23 ივნისს საქართველო "ასოცირების ტრიოს" ერთადერთი წევრი გახდა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და მხოლოდ პერსპექტივის აღიარებას დასჯერდა.
მანამდე, 2023 წლის 8 მარტს ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა "ევროპისკენ ღირსებით სიარული".
"საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90%-ზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ", — აცხადებდა კობახიძე
"ევროპისკენ ღირსებით" 2024 წლის არჩევნების წინ ქართული ოცნების საარჩევნო ლოზუნგის ნაწილიც გახდა.
ალტ-ინფო VS ოცნება
2023 წლის მარტში მმართველმა პარტიამ რუსეთში უკვე მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი დააინიციირა, რომელსაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ოცნებამ კანონპროექტი გაიწვია.
2024 წლის 8 აპრილს, რუსული კანონის ხელახალი ინიციირების პარალელურად, საჯარო რეესტრმა კონსერვატიულ მოძრაობას რეგისტრაცია გაუუქმა, რაშიც ალტ-ინფომ ხელისუფლება დაადანაშაულა.
"ხელისუფლების დავალებით, საჯარო რეესტრმა ოფიციალურად გამოგვიცხადა, რომ ჩვენი პარტია, რომელიც წლების განმავლობაში დარეგისტრირებული იყო და არსებობდა, გააუქმა", — განაცხადა ალტ-ინფოს ეთერში პრორუსული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქარდავამ.
გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ წარმოება ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერებში ამ გადაწყვეტილებამ პროტესტი გამოიწვია — 13 აპრილს გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშასთან ერთად მმართველი პარტიის დროშებიც დაწვეს. ასევე, განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ქართული იდეის სახელით მიიღებდნენ. კონსერვატიული დაჯგუფების დევნა ამ შემთხვევაშიც გაგრძელდა და რეგისტრაცია ამ უკანასკნელსაც შეუჩერდა.
საბოლოოდ, საარჩევნო პროცესებში ერთადერთი ანგარიშგასაწევი ანტიდასავლური და პრორუსული ძალა, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი დარჩა და, შეიძლება ითქვას, ლოგიკურია, რომ ალტ-ინფოს/კონსერვატიული მოძრაობის საჯარო რეესტრისაგან დევნილი ნაწილი სწორედ მათ შეუერთდა.
ჯერ კიდევ 2023 წლის 2 მაისს ალტ-ინფოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ თქვა, რომ უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა, რომ ქართული ოცნება ყველა იმ კანონს მიიღებდა, რომელსაც ალტ-ინფო წლების განმავლობაში ითხოვდა. მორგოშიას უტყუარი ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, ნამდვილად უტყუარი აღმოჩნდა, რადგან ერთი წლის თავზე ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი როგორც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნის, ისე ლგბტქ საზოგადოების წინააღმდეგ.
ზურა მახარაძის აზრი ლოგიკას მოკლებული არ არის — შეიძლება ანტიდასავლური და პრორუსული იდეები მეინსტრიმული არაა, თუმცა ეს ერთადერთი მიმართულებაა, რომლისკენაც ქართულ ოცნება ბოლო 2 წელია მიდის.
ალბათ, ეს არის ყველაზე მიახლოებული პასუხი, თუ რატომ მოიპარა ოცნებამ ალტ-ინფოს ნარატივი:
პარტიის პროდასავლურობის დაჯერება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება ფსონს "კონსერვატიული" ქოლგის ქვეშ თავმოყრილ რეალურ კონსერვატორებზე, ტრადიციონალისტებზე, პრორუსებსა და რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლზე ჩამოვიდა.
კომენტარები