ამნისტია — ჰუმანური აქტი, თუ ამომრჩევლის წინასაარჩევნო მოსყიდვა?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

2012 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ამნისტია 4 833 პატიმარს შეეხება

27 სექტემბერს პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს მოაწერა ხელი, თუმცა თქვა, რომ ამნისტია თავისი არსით ჰუმანური აქტია, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების წინ, სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, მისი მიღება ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა.

ქართულმა ოცნებამ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მიმდინარე წლის 11 ივლისს დააინიციირა და ორ თვეში, 17 სექტემბერს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევარში, მიიღო.

აღნიშნული კანონი საკმაოდ მასშტაბურია, ჯამში 4 833 პატიმარს ეხება. აქედან 1 000 დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროებს, დანარჩენებს კი 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით უმცირდება სასჯელი. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამნისტიებს რომ გადავხედოთ, ეს ყველაზე მასშტაბური ამნისტიაა 2012 წლის ამნისტიის შემდეგ.

ამ ფონზე, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა — წინასაარჩევნოდ ასეთი მასშტაბური ამნისტია მართლაც ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა და მანიპულირების მცდელობა ხომ არ არის?

ვის ეხება და ვის არ ეხება 2024 წლის ამნისტია?

NEWS.On.ge-სთან საუბრისას იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ 2024 წლის ამნისტია მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმრებს არ ეხება:

"სასჯელისგან გათავისუფლდებიან პატიმრები, რომელიც იხდიან სასჯელს ქურდობისთვის, ფალსიფიკაციისთვის — ყალბი დოკუმენტების ან გარკვეული ნივთების დამზადებისთვის, პროფესიული შეჯიბრის ან კონკურსის მოსყიდვისთვის, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ხულიგნობისათვის, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გადაზიდვისთვის და არა მოხმარებისთვის".

ამნისტია ჰუმანური აქტია, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების წინ მისი მიღება ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა."

მისივე თქმით, ამნისტია არ ეხება: "იმ პატიმრებს, ვინც სასჯელს განზრახ და გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის, ასევე — ნარკორეალიზატორებს, სქესობრივი დანაშაულის ჩამდენებს, ვინც პატიმრობაშია ყაჩაღობისთვის, ტერორიზმისთვის, ტრეფიკინგისა და სხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს".

გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, კანონში სიახლეა პატიმრებისთვის სასჯელის 1/6-ით და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთ წლით შემცირება. ამას გარდა, თუ დაზარალებულის თანხმობა არ იქნა საქმეში, მსჯავრდადებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვერ დატოვებს.

პოლიტიკური შეფასებები

როგორც ზევით ითქვა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ 11 ივლისს დააინიციირა. ოპოზიციური პარტიებიდან მას ყველაზე აქტიურად გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის აკრიტიკებდა. პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებდა, რომ ეს სამართლიანი ამნისტიის კანონპროექტი არ იყო და მართებული იქნება, თუ მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა.

"მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადოს. ეს ამნისტია ვერ გაიყიდება ოცნებისგან, როგორც ჰუმანური აქტი. ბუნებრივია, თუ ამას ვეტო დაედება, ეს იქნება ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება," — აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

ეს ამნისტია ვერ გაიყიდება ოცნებისგან, როგორც ჰუმანური აქტი."

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობდა, რომ ქართულ ოცნებას ამნისტია მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებისთვის სჭირდება.

"დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მოაწერს ხელს. ქართულ ოცნებას ამნისტია სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებისთვის. აუცილებლად ყველა, ვინც უკანონოდ არის დაპატიმრებული ქართული ოცნების მიერ, ყველა გათავისუფლდება 26 ოქტომბერს, მათ შორის — აქციაში მონაწილე ადამიანები," — აცხადებდა გიორგი ვაშაძე.

ერთადერთი ოპოზიციური პარტია გირჩი იყო, რომელიც ამნისტიის კანონპროექტის აქტიურ მხარდამჭერად გამოდიოდა და პრეზიდენტს მოუწოდებდა, კანონზე დროულად მოეწერა ხელი. გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია 27 სექტემბერს აცხადებდა, რომ პრეზიდენტს მიღებისთანავე უნდა მოეწერა კანონისთვის ხელი.

"პრეზიდენტს კანონზე ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, როგორც კი პარლამენტიდან გაიგზავნა. მან პატიმრების რამდენიმე დღე შეიწირა, თორემ პრეზიდენტი დიდად გადაღლილი არ ჩანდა ისე, რომ ათი წუთი კანონზე ხელის მოსაწერად არ დაეთმო, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდებოდა", — აცხადებდა იაგო ხვიჩია.

საზოგადოების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ვეტოს მართლაც ელოდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონის მიღებიდან 10 დღეში კანონს ხელი მოაწერა და ისიც აღნიშნა რომ "საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა".

"ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.

პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდადებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა "ამნისტიის შესახებ კანონს", — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველა ამნისტია არჩევნებს უკავშირდებოდა."

ამნისტია და არჩევნები — ქრონოლოგია

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველა ამნისტია არჩევნებს უკავშირდებოდა და უკავშირდება:

2012 წლის ამნისტია ქართული ოცნების ყველაზე დიდი ამნისტია იყო, რომელიც ჯამში 8553 პატიმარს შეეხო;

2016 წლის ამნისტია რიგით მეორე ამნისტიაა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განხორციელდა;

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ თვეში, 2021 წლის იანვარში პარლამენტმა კიდევ ერთი ამნისტიის კანონი დაამტკიცა.

2021 წლით თარიღდება კიდევ ორი ამნისტია. ამ წელს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა.

2024 წლის ამნისტიის კანონი საპარლამენტო არჩევნებამდე 1.5 თვეში მიიღო პარლამენტმა.

იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, ამნისტია "პოზიტიური აქტია, მაგრამ არაა სასურველი, რომ ის მაინც და მაინც არჩევნების წინ იყოს".

ამნისტია პოზიტიური აქტია, მაგრამ არაა სასურველი, რომ არჩევნების წინ იყოს."

"ამნისტია, ზოგადად წამახალისებელი ფორმაა და სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივ პატიებას ნიშნავს. თუ გადავხედავთ პრაქტიკას, წინა ამნისტიები არჩევნებს უკავშირდებოდა. ახლაც არჩევნები მოდის. ეს გარკვეულწილად ისე ჩანს, რომ ხელისუფლება ამას წინასაარჩევნოდ აკეთებს, თუმცა 2012 წლის ამნისტია არჩევნების შემდეგ იყო და ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა. პრაქტიკაში ბევრი ქვეყანა აკეთებს ამას წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა, ეს პოზიტიური აქტია, მაგრამ არაა სასურველი, რომ ის მაინც და მაინც არჩევნების წინ იყოს, ყოფილიყო არჩევნების შემდეგ და დაკავშირებულიყო რელიგიურ დღესასწაულებს, რომლის პრაქტიკაც ასევე გვაქვს", — ამბობს გვანცა ჟორჟოლიანი.

დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ნანუკა ყრუაშვილი, NEWS.On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული კანონი მათ ანგარიშშიც მოხვდა. მისი თქმით, ამნისტია ჰუმანური აქტია, თუმცა როცა არჩევნების წინ ხდება, ჩნდება ეჭვი — ხომ არ არის ის გამიზნული ამომრჩეველზე მანიპულირებისთვის...

არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე ამნისტიის კანონის მიღება ეჭვს აჩენს – ხომ არაა გამიზნული ის ამომრჩევლის მანიპულირებისთვის?"

"ამნისტია ჰუმანური აქტია, თუმცა როდესაც ის არჩევნებთან ასე ახლოს ხდება და ასეთი მასიური ხასიათისაა, ეჭვები ჩნდება — ის შეიძლება ამომრჩევლის ნების მანიპულირებისთვის იყოს გამიზნული. ეს არაა აკრძალული, მაგრამ ცუდი ტაქტიკაა. არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე კანონის მიღება დიდ ეჭვებს აჩენს“, — აცხადებს ნანუკა ყრუაშვილი.

გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, კანონი პრეზიდენტის ხელის მოწერიდან ძალაში შევიდა, თუმცა პატიმრები ერთი თვის ვადაში დატოვებენ საპატიმროებს.

არჩევნებისთვის ზოგჯერ ერთი ხმაც გადამწყვეტია, მით უფრო 4833.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…