გერმანიის ფედერალურ მიწებზე — თურინგიაში, საქსონიასა და ბრანდენბურგში ჩატარებულ არჩევნებში, როგორც ულტრამემარჯვენე, ისე ულტრამემარცხენე ძალებმა, ისტორიული შედეგები აჩვენებს.

ალტერნატივამ გერმანიისთვის (AFD) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, აღმოსავლეთ გერმანიაში, თიურინგიაში, არჩევნები მოიგო. ხოლო, იმავე დღეს, ულტრამემარჯვენე პარტია საქსონიაში მეორე ადგილზე გავიდა. ფაქტს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პირადად გამოეხმაურა და მას "მწარე და შემაშფოთებელი" უწოდა.

რა განაპირობებს გერმანიაში რადიკალური ძალების წარმატებას? ქმნის თუ არა საფრთხეს გერმანიისთვის, ევროპისთვის და ევროპის კავშირის სტაბილურობისთვის რადიკალური დღის წესრიგის მქონე პოლიტიკოსების ზრდა ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოებსა თუ ევროკავშირის მაღალ სტრუქტურებში? ამ კითხვებით ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ბიძინა ლებანიძეს მივმართეთ.


პირველ რიგში, რომელ არჩევნებში აჩვენეს მაღალი შედეგი ალტერნატივამ გერმანიისთვის (AFD) და სხვა რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა?

ეს არჩევნები იყო გერმანიის ფედერალურ მიწებზე. AFD გავიდა პირველ ადგილზე თურინგიაში (32.8%), მეორეზე — საქსონიასა (30.6%) და ბრანდენბურგში (29.2%).

ულტრამემარცხენე პრორუსულმა BSW-მ (სარა ვაგენკნეხტის ბლოკი) აიღო 15.8% თურინგენში (მესამე ადგილი), 13.5% — ბრანდენბურგში (მესამე), და 11.8% — საქსონიაში (მესამე).

თუმცა, გერმანიაში კოალიციური მთავრობების ტრადიციაა, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე, რომ პირველ ადგილზე გასვლა არ ნიშნავს ხელისუფლებაში მოსვლას. AFD, სავარაუდოდ, მმართველი კოალიციის გარეთ დარჩება, თუმცა შეეცდება პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა იქონიოს სხვადასხვა ხერხებით. BSW-ს, სავარაუდოდ, რომელიმე ან რამდენიმე რეგიონულ კოალიციაში ვიხილავთ, თუმცა მას დიდი გავლენა ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკის ფორმირებაზე, ამ ეტაპზე, არ ექნება.

AFD და BSW, ზოგადად, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს საგარეო პოლიტიკის კუთხით. ორივე ბოლოდროინდელ ლოკალურ არჩევნებში აქტიურად იყენებდა საგარეო პოლიტიკურ თემებს: ორივე მოითხოვდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას, რუსეთთან დაახლოებას, ეწინააღმდეგებოდა გერმანიაში ამერიკული "პერშინგების" განლაგებას და, ზოგადად, გერმანიის პროდასავლურ პოლიტიკას.

BSW-ს ლიდერი, სარა ვაგენკნეხტი

ფოტო: Christian Mang/Reuters

AFD მოითხოვს საგარეო პოლიტიკის სრულ გადახედვას — გერმანია უნდა ჩამოშორდეს დასავლეთს და შეასრულოს ერთგვარი ხიდის როლი დასავლეთს და რუსეთს შორის, გაწევრიანდეს შანხაის ორგანიზაციაში, გააღრმაოს კავშირები ევრაზიულ კავშირთან და ა.შ. ასევე, გააძლიეროს საკუთარი ეროვნული სუვერენიტეტი, სურთ ევროკავშირისგან კომპეტენციების უკან გამოთხოვა და მისი გადაკეთება სრულად ე.წ "ინტერგავერნმენტალურ" ორგანიზაციად. რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნები ყველასგან დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ყველაფერს.

BSW-საც დაახლოებით მსგავსი პლატფორმა აქვს: ეწინააღმდეგებიან სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, გერმანიის მილიტარიზმს, NATO-ს ფარგლებში ლიეტუვაში გერმანიის ბრიგადის განლაგებას და გერმანიის მოქმედ ხელისუფლებას და კანცლერს ამერიკის ვასალებს უწოდებენ.

სამწუხაროდ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნარატივებია... თქვენი დაკვირვებით, რა განაპირობებს ამგვარი დღის წესრიგის მქონე პარტიების წარმატებას?

რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს AFD-ის მოძლიერებას. პირველი, ეს არის არარეგულარული მიგრაციის პრობლემა, რომელიც ქვეყნის ბოლოდროინდელმა ხელისუფლებებმა ვერ აღკვეთეს და, პირიქით, ხელიც შეუწყვეს, განსაკუთრებით, მერკელის მთავრობის და, უშუალოდ, მაშინდელი კანცლერის გაუაზრებელი, შეიძლება ითქვას, მავნებლური განცხადებების და პოლიტიკის შედეგად.

მეორე ფაქტორი ახლანდელი მთავრობის პირობებში მიმდინარე "მწვანე ტრანსფორმაციაა", რაც მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად უძვირებს.

მესამე — მთელი რიგი სოციალური პრობლემებია, რომელიც განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიის მიწებზე იჩენს თავს, მათ შორის — საცხოვრებელი ფართის დეფიციტი (Housing Crisis), რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული მაღალი ინფლაცია, სხვა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. ამას ემატება ის, რომ გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტული მეინსტრიმული პარტიები, რომლებიც ტრადიციულად მშრომელთა კლასის ზრუნვით უნდა იყვნენ დაკავებული, არაპროპორციულად დიდ ადგილს უთმობენ უმცირესობათა უფლებებს, იდენტობის პოლიტიკას და სხვა მსგავს თემებს, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნაკლებად რელევანტურია და გაღიზიანებას იწვევს. ასეთ დროს, როდესაც მოსახლეობაში ფრუსტრაცია, უიმედობა და გაღიზიანება გროვდება, როგორც წესი, იწყება განტევების ვაცის ძებნა და ასეთი მრავლადაა — არალეგალი მიგრანტები, რუსეთ უკრაინის ომი და ა.შ. რაზეც კარგად კაპიტალიზდება AFD და BSW.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ AFD-ს აღმასვლა არ არის დროებითი ფენომენი. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ პარტია ყველაზე პოპულარულია ახალგაზრდა ამომრჩეველში. მაშინ, როდესაც, მაგალითად, მწვანეები, რომლებიც მცირე ხნის წინ ზენიტში იყვნენ, მკვეთრ დაღმასვლას განიცდიან. ამ ეტაპზე AFD-ს შეჩერების მხოლოდ ერთი გზა მოჩანს: გერმანიის ცენტრისტულმა პარტიებმა გადმოიღონ დანიელი სოციალ-დემოკრატების მაგალითი და დაამარცხონ პოპულისტები საკუთარ მოედანზე, დაიწყონ მოსახლეობის გულისწუხილის მოსმენა, თუნდაც ეს მათ ვიწროპარტიულ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდეს, გაატარონ პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას სურს — მაგალითად, მოაგვარონ არარეგულარული მიგრაციის პრობლემა და გაამკაცრონ სამიგრაციო და მიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკა, გაამარტივონ რეგულაციები, გადაჭრან საცხოვრებელი ფართის კრიზისი და ა.შ.

რაზე მეტყველებს "მოძლიერების" ეს დინამიკა, როგორც გერმანიაში, ისე დასავლეთში?

გერმანიაში მიმდინარე პროცესები შეიძლება დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაზე გავრცელდეს. აშშ-იც იგივე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობაა და სამუშაო ადგილებიც იქმნება, პროგრესული ისტებლიშმენტის პოლიტიკა, მათ შორის — საიმიგრაციო პოლიტიკის მოუგვარებლობა და ორპარტიული ტრაიბალიზმი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დონალდ ტრამპის მსგავსი ფიგურის ირგვლივ დარაზმვას იწვევს.

თუმცა, ტრამპის შედარება ევროპელ, მათ შორის, გერმანელ რადიკალებთან, ალბათ, მაინც უადგილოა. აშშ მაინც სხვა მასშტაბის ქვეყანაა და ტრამპის პოლიტიკაც, სავარაუდოდ, არ იქნება ისე სწორხაზოვნად პრორუსული ან ანტიდასავლური. ზოგადად, ულტრამემარჯვენეების და ულტრამემარცხენეების მოძლიერება მთელს დასავლეთში ცენტრისტული პოლიტიკური ელიტების კრიზისზე და ამომრჩევლის მნიშვნელოვან ნაწილთან წვდომის გაწყვეტაზე მეტყველებს.

ფოტო: Michael Probst /AP/ picture alliance

პერსპექტივაში, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ჩვენზე, ევროკავშირზე, დასავლეთზე?

ჩვენს რეგიონში რატომღაც ყველა AFD-ზე საუბრობს, მაგრამ BSW (ვაგენკნეხტის ბლოკი) არანაკლები საფრთხეა ამ რეგიონისთვის. მით უმეტეს, რომ მას მეტი შანსი აქვს შემდეგ წლებში გერმანიის ხელისუფლებაში აღმოჩნდეს. სარა ვაგენკნეხტი რეალურად ყველაზე პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკოსია, რომელიც გერმანიას ჰყოლია და რომელსაც მმართველობაში მოსვლის რეალური შანსი აქვს. რაც შეეხება AFD-ს, რომც გაიმარჯვოს ფედერალურ დონეზე, რისი შანსიც შემდეგ არჩევნებში მაინც ნაკლებია, სავარაუდოდ, იზოლაციაში მოაქცევენ და ხელისუფლებაში არ მიუშვებენ.

თუმცა, ამ ორი პარტიის პოლიტიკური წონის ზრდა, რა თქმა უნდა, მაინც გერმანიის და ევროკავშირის პოლიტიკურ ცხოვრებაზე აისახება. ამიტომ, თუ ეს პროცესი დროზე არ შეჩერდა და გერმანიის ცენტრისტულმა პარტიებმა ვერაფერი მოიმოქმედეს, ამ ორი პარტიიდან რომელიმე ერთ დღესაც ფედერალურ მთავრობაშიც შეაღწევს, რაც მკვეთრად ნეგატიურად აისახება გერმანიის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკაზე და საჩუქარი იქნება რუსეთისთვის, ჩინეთისთვის და ა.შ. თუმცა, დღეს ამის უშუალო საფრთხე არ დგას.