ევროპა თუ რუსეთი — რატომ არის გადამწყვეტი 1 ხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე?
რატომ არის 2024 წლის არჩევნები განსაკუთრებული?
ექსპერტები, პოზიციის და ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, რომელმაც არა მხოლოდ ის უნდა გადაწყვიტოს, რომელი პარტია და გაერთიანება მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას პარლამენტში, არამედ უნდა განსაზღვროს ქვეყნის საგარეო კურსი, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, მშვიდობა, სტაბილურობა და ბევრი სხვა ფუნდამენტური საკითხი, რომელთაგანაც სტატიაში ყველაზე არსებითს გამოვყოფთ.
პროდასავლური საგარეო კურსის შენარჩუნება:
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა.
ევროპული არჩევანი საქართველოსთვის არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ევროკავშირის წევრობა კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას გულისხმობს.
ამას გარდა, ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს ქვეყანას სხვადასხვა ინსტიტუციების რეფორმირებისთვის, რაც ქვეყნის დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას ემსახურება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მონაცემებით, 2019-2024 წლებში ევროკავშირის მიერ საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფილი დაფინანსება — 46.1 მილიონ ევროს.
ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:
- ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო
- დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო
- ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო
- უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო
- კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: 4.6 მილიონი ევრო
- ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის: 4 მილიონი ევრო
- დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება: 3.9 მილიონი ევრო
- გარემოს დაცვა და კლიმატი: 2 მილიონი ევრო
- საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა: 1.2 მილიონი ევრო
- იურიდიული და სასამართლო სისტემა: 1 მილიონი ევრო.
საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯების, გადაწყვეტილებების, ჰომოფობიური და ე.წ. რუსული კანონის მიღების ფონზე კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი წყვეტს უმაღლესი დონის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მთავრობას 121 მილიონ ევროზე მეტ დაფინანსებას უჩერებს.
არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის:
ევროკავშირი და NATO არის ის ორი მიზანი, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური პროგრესის სიმბოლოა, მაგრამ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ხდება ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების კრიტიკის ობიექტი, კრემლის მხრიდან კი არაერთი შექება ისმის ქართული ოცნების მისამართით. გავიხსენოთ თუნდაც 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები, რომელსაც ძალიან მკაცრი რეზოლუცია მოჰყვა და 9 ოქტომბერს გამოქვეყნებული ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი და ამის საპირისპიროდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და, თუნდაც, კრემლის პროპაგანდისტის, მარგარეტ გრიგორიანის საქებარი განცხადებები.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა, რომ "ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის თანამშრომლებს ქართული ოცნებიდან: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან".
ფაქტია, რომ რუსეთის მხრიდან მუდმივი ზეწოლა და დესტაბილიზაციის მცდელობები საქართველოს ევროპულ კურსს უქმნის საფრთხეს.
უსაფრთხოება:
მეზობელი ქვეყნის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ და სამხედრო უსაფრთხოებაზე კარგადაა ცნობილი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა კონფლიქტისა და ომის უკან სწორედ რუსეთის კვალი და ინტერესი შეიმჩნევა. სამაჩაბლოს, აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომები და ოკუპირებული ტერიტორიები ცხადყოფს, რომ რუსეთი არ აპირებს დათმოს თავისი ძალაუფლება რეგიონში.
საქართველოს ხელისუფლება კი პირიქით გვეუბნებიან, რომ ჩვენს მტერს ბოდიში უნდა მოვუხადოთ და პრაგმატული პოლიტიკით გავაგრძელოთ ურთიერთობა რუსეთთან, მეტიც — ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები აგვისტოს ომში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ და რუსეთის ბრალეულობას ვერ ხედავენ.
"გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი გარე დაკვეთით სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო, [...] ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები", — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორში გასვლით რეგიონულ ღონისძიებაზე.
სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების შემლახავ კანონებზე უარის თქმა:
მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის – რუსული და ჰომოფობიური კანონების მიღება, რომლის მიზანიც მედია და არასამთავრობო სექტორისთვის აგენტის იარლიყის მიკერება და ერთგვარი ცენზურის დაწესებაა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან აშორებს.
რუსული კანონის ინიციირებას, საზოგადოების მღელვარება მოჰყვა და მისი განხილვა მასობრივი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეებისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობის, დიპლომატიური კორპუსის, ევროპარლამენტარების კრიტიკისა და პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, პარლამენტმა სადავო კანონი მაინც მიიღო.
ცნობისათვის, 9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი არსებით განხილვაში მიიღო. როგორც NEWS.On.ge-სთან იურისტი გურო იმნაძე აცხადებს, რუსულ კანონთან დაკავშირებული სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.
ვრცლად იხილეთ: საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა — იურისტების განმარტებები
ჩამოთვლილი მიზეზებიც კმარა საიმისოდ, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებზე წავიდეთ და მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ...
ერთი ხმის ფაქტორი
საზოგადოებაში ხშირად ისმის მოსაზრება, რომ "ჩემი ხმა არაფერს შეცვლის", "ჩემი ხმა რას გადაწყვეტს?", მაგრამ რეალობა სხვაა. წინა არჩევნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ 1 ხმაც კი შეიძლება გადამწყვეტი იყოს.
მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:
- 1910 წლის არჩევნები ექსეტერის ოლქში (გაერთიანებულ სამეფო)
გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში იყო ისეთი შემთხვევა, როცა ერთი ამომრჩევლის ხმამ შედეგი გადაწყვიტა. 1910 წელს, როდესაც კონსერვატორმა ჰენრი დიუკმა ლიბერალური პარტიის წევრი ჰეროლდ სენტ მორი სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის ქალაქ ექსეტერის ოლქში დაამარცხა. სენტ მორი, თავდაპირველი შედეგებით, არჩევნების გამარჯვებული იყო, თუმცა ამომრჩევლების პეტიციის და სხვადასხვა ცვლილების შემდეგ, დიუკმა თემთა პალატაში ადგილი ხმათა რაოდენობაში უმცირესი სხვაობით მოიპოვა — 4 777 ხმა 4 776-ის წინააღმდეგ.
- ირლანდიის 2002 წლის საყოველთაო არჩევნები
მესამე ვადისთვის მოქმედი პარლამენტარები, დენ ნევილი და მისი კოლეგა, მაიკლ ფინაკეინი იბრძოდნენ. თავდაპირველი შედეგებით ნევილმა გამარჯვება დამაჯერებელი უპირატესობით მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით ფინაკეინმა ხმების თავიდან დათვლა მოითხოვა. როცა იგი მიხვდა, რომ ამ შემთხვევაში სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ხმის ხელახალი დათვლის პროცესი შეაჩერა და ამგვარად ნევილმა მხოლოდ ერთი ხმით მეტით მიიღო.
"შედეგებით კმაყოფილი ვარ და ვაღიარებ. ეს დემოკრატიაა და დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრი ადამიანი ნანობს, რომ არ მოვიდა არჩევნებზე და მხარი არ დამიჭირა", — განაცხადა ფინაკეინმა ბოლოს.
- საქართველოს უახლესი ისტორიიდან რომ მოვიყვანოთ მაგალითი, სწორედ ერთმა ხმამ გადაწყვიტა რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატის ბედი 2017 წლის 22 ოქტომბერს.
მერის რიგგარეშე არჩევნებში, თამაზ მეჭიაურმა ქართული ოცნების კანდიდატ ლელა ქიტესაშვილს ერთი ხმით მოუგო და თიანეთის მერი გახდა.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში 3031 და უცხოეთში 60 უბანი გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ არჩევნებზე ემიგრანტების უპრეცედენტო მობილიზაციაა და ყველა უბანზე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ყველა მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია.
კომენტარები