17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა შემოიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილში ჰომოფობიურ და დისკრიმინაციულ კანონად აღიქმება. კანონი განსაკუთრებით აზიანებს ლგბტქ თემს და არღვევს მათ უფლებებს.

ამ ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ეხება საზოგადოებრივ შეკრებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც სერიოზულ რისკებს უქმნის ლგბტქ ადამიანებს.

კანონპროექტის მიხედვით, შეზღუდვები შესაძლოა დაწესდეს იმ აქტივობებზე, რომლებიც "საზოგადოებრივ წესრიგს" ან "მორალურ ფასეულობებს" ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება აცხადებს, რომ ცვლილებები ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზანს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს კანონები ჰომოფობიური კონტექსტით აღიქმება.

ლგბტქ თემის წევრებს, რომლებიც ხშირად აწყდებიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას საქართველოში, აღნიშნული ჰომოფობიური კანონი კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის. ცნობისთვის, 2024 წლის 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, ცნობილი მოდელი და ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სასტიკად მოკლეს. კესარია არ არის პირველი ტრანსგენდერი, რომელიც გენდერული ნიშნით მოკლეს.

NEWS.On.ge საკითხზე ლგბტქ თემის წარმომადგენელს ესაუბრა, მან ანონიმურად დარჩენა მოისურვა. მისი თქმით, ის ბევრჯერ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი და ჰომოფობიური კანონით ის და სხვა ადამიანები უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგებიან.

"ყველამ ვნახეთ როგორ სასტიკად გაუსწორდა ყოფილი პარტნიორი კესარია აბრამიძეს. ჩვენ, თემის წარმომადგენლები ახლა კიდევ უფრო მეტად ვდგებით საფრთხის წინაშე და შეიძლება სიცოცხლე იმავენაირად დავასრულოთ, როგორც კესარიამ. მე პირადადაც ვარ ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ძალიან მეშინია, რომ ხმა ამოვიღო და თუნდაც პოლიციაში მივიდე რადგან არ ვიცი ამას რა გაგრძელება მოჰყვება", — ამბობს ის.

არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ვინმე დამიცავს და ერთადერთ გამოსავლად ქვეყნიდან წასვლას მივიჩნევ".

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ლგბტქ უფლებების უგულებელყოფა ზრდის ძალადობისა და დისკრიმინაციის რისკს, ამძიმებს სტიგმას და უშლის ხელს საზოგადოების განვითარებას.

რატომ სჭირდება ქართულ ოცნებას დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კანონის მიღება არჩევნების წინ

საქართველოში, არჩევნების წინ ჰომოფობიური კანონის მიღების ინიციატივა შესაძლოა ოცნებისთვის რამდენიმე მიზეზით იყოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი:

  • კონსერვატიული და ჰომოფობი ამომრჩევლის მობილიზება: სამწუხაროდ, საქართველოს ბევრი მოქალაქე უმცირესობების მიმართ სიძულვილით არის განწყობილი, ეს ყველაფერი კი ქართულ ოცნებას ეხმარება მიიზიდოს მეტი ამომრჩეველი;
  • სოციალური პრობლემების გადაფარვა: ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემა დგას, მათ შორის უმუშევრობა, მოსახლეობის სიღარიბე და სხვა აქტუალური საკითხები. ოცნება ლგბტქ საკითხებზე დისკუსიით მოსახლეობის ყურადღების გადაფარვას ცდილობს.

კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი საკითხი არის:

ოპოზიციური პარტიების და მათი ლიდერების დისკრედიტაცია. ჰომოფობიური კანონის მიღება ოპოზიციური პარტიისთვის ნამდვილი დილემაა, როგორც უკვე აღვნიშნეთ საქართველოში ამომრჩევლის უმეტესობა ჰომოფობიურად არის განწყობილი. ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მათი მხრიდან შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური რისკი აღმოჩნდეს.

NEWS.On.ge ამ თემაზე ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესაც ესაუბრა. მაისურაძის თქმით, მმართველი პარტია მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილისა და ჰომოფობიის ქადაგებითაა დაკავებული.

"ერთადერთი საპროგრამო დაპირება რაც აქვს ქართულ ოცნებას ეს არის ჰომოფობიის ქადაგება, გათვლილი იმაზე, რომ მთელი ქართული საზოგადოება არის ჰომოფობი და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებენ ისინი ამ სიძულვილს. იმიტომ, რომ მათი საარჩევნო კამპანია არის სიძულვილის ქადაგება.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თურმე ბავშვებს იცავენ "პროპაგანდისგან". ბავშვები დაიცვან შიმშილისგან. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის ბავშვები შიმშილობენ, სკოლებში არ არსებობს საკვები. დამშეული ბავშვები ვერ სწავლობენ", — ამბობს გიორგი მაისურაძე.


შეგახსენებთ, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო და ის ახლა პრეზიდენტთან ხელმოსაწერადაა გადაგზავნილი.